ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რომან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბოლო შეთავაზება, რომ 100 დეპუტატის არჩევა პროპორციული სისტემით მოხდეს და 50 დეპუტატის – მაჟორიტარულით, ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს ან ოპოზიციის ან ხელისუფლების მხრიდან?
– ხელისუფლება იმ სტადიაზე მივიდა, რომ ყველა მისი ნაბიჯი სერიოზულ რისკებს უქმნის ქვეყანას. ახლა მათი მთავარი ამოცანა ნებისმიერი გზით ძალაუფლების შენარჩუნება არის. ეს კაცი არაფერზე უკან არ არის დამხევი. ძალიან სახიფათოა, რადგან ის არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, ანგარიშს არ უწევს. მიუხედავად ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაცრი განცხადებებისა და მოწოდებებისა, სრულიად უგუნური წინადადებით მოგვმართეს.
არათუ 2020 წელს, 2024 წელსაც არ აპირებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა რომ ჰყავდეს პარალმენტში, ამასაც დაუფიქრებლად გააკეთებდა. ახლა ამაში უნდათ პარლამენტის, ოპოზიციის ჩათრევა. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ ყოველდღე კარგავენ რეალობის შეგრძნებას.
ვინც ამ იდეებს ახმოვანებს, ივანიშვილის პაიკები არიან, მათ არავინ არაფერს ეკითხება. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიტიკურ გონიერებაზე დიდი აზრის არ ვარ, ისინიც კი ხვდებიან, რომ ეს წინადადება აბსურდია, მაგრამ ივანიშვილს უარს ვერ ეუბნებიან.
ივანიშვილს ქვეყანა ღრმა კრიზისში უფრო და უფრო შეჰყავს. ამიტომ, არჩევნებამდე დარჩენილი დრო მუდმივი პროტესტი იქნება. მათ შორის საერთაშორისო ზეწოლის თანხლებით. ისედაც ჩამოშლილი “ქართული ოცნება” შემოძონძილი მივა არჩევნებამდე, არჩევნებზე კი არავითარი შანსი არ ექნებათ. თუ არჩევნების გაყალბებაზე იფიქრებენ, მაშინ ხალხი იძულებული იქნება, ძალაუფლების უზურპატორი სხვა მეთოდებით გაუშვას.
– რა მეთოდებით?
– იმ მეთოდებით, რაც მრავალჯერ არის ნაცადი სხვადასხვა ხალხის მიერ. მაგალითად, სომხეთში არცთუ დიდი ხნის წინ მშვიდობიანად გაუშვეს ხელისუფლება. ასე მოხდა უკრაინაშიც. ხალხი ხელისუფლების უკანონოდ მითვისებას არავის პატიობს.
– მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის შენარჩუნება რაში აწყობს ხელისუფლებას? თუ სანამ გაუვა, ეცდება, უკან არ დაიხიოს?
– ორივე არის – ერთი, აბსოლუტური უგუნურება, პოლიტიკური გამოუცდელობა. არსებულ რეალობას ადეკვატურად ვერ აფასებენ. მეორე, როგორც ჩანს, რუსეთის იმედი აქვთ, რომ არჩევნებში, ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.
შვიდი წლის განმავლობაში ივანიშვილს პუტინი საერთოდ არ უხსენებია. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, როგორ გამომწვევად იქცევა რუსეთი. ანგარიშს არ უწევს აბსოლუტურად არავის. ვაჟა გაფრინდაშვილს ყოველგვარი საღი აზრის გარეშე მიუსაჯა 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა. დამცინავად გვიცხადებენ რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნაზე. ამით დაგვცინიან და აბუჩად გვიგდებენ, ცხადია, ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად. რუსეთთან ხელისუფლება ნებისმიერ დათმობაზე მიდის. ღალატის ტოლფასი დათმობა ანაკლიის პროექტის გაუქმება იყო. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება.
– მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივნის რჩევისა?
– დიახ. ამ ყველაფერს კარგად ხედავს დასავლეთი ხელისუფლების ქმედებებში. თუ აქამდე ხალხს ეჭვი ეპარებოდა ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე, ეს ეჭვები თავად ხელისუფლებამ გაამყარა მისივე ქმედებებით.
– როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– მართალია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ისტორიას ბარდება, მაგრამ ის ეცდება უკანონო გზებით, არჩევნების გაყალბებით ძალუფლების შენარჩუნებას. ასევე ეცდება პოლიტიკური რეპრესიებით, როგორც ახლა ხდება, ძალაუფლების მობილიზებასა და შენარჩუნებას.
ეს ყველაფერი სახიფათო სახეს იღებს. თუ ასე გაგრძელდება, ეს ძალიან მძიმედ დასრულდება “ქართული ოცნებისთვის”.