ვერიკო გოჯიაშვილი – ”ლუკა სირაძე შველას ითხოვდა, მას ყველაფერი ერთად დაატყდა თავს – მამის სიკვდილი, სკოლის შეცვლა, გარდატეხის ასაკი”

ვერიკო გოჯიაშვილი - ”ლუკა სირაძე შველას ითხოვდა, მას ყველაფერი ერთად დაატყდა თავს - მამის სიკვდილი, სკოლის შეცვლა, გარდატეხის ასაკი”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით “ახალი თაობის” კითხვებს ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი პასუხობს.
ვერიკო გოჯიაშვილი:
– 15 წლის ასაკში გამძაფრებულია პროტესტები, განწყობები. ამ ასაკში განსაკუთრებით სჭირდება გაფრთხილება ახალგაზრდას. ახალი გარდაცვლილი ჰყავდა მამა, ოჯახში მომხდარია ტრაგედია, ამ ტრაგედიიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა სკოლის შეცვლა, რადგან ოჯახი ვეღარ იხდიდა სწავლის საფასურს.
– ესეც ცუდად აისახებოდა ბავშვის ფსიქოემოციურ ფონზე?
– რა თქმა უნდა. არ შეიძლება სკოლის განაწესში ასეთი სიმკაცრე და კატეგორიულობა, რომ როგორც კი არ გადაიხდი, მაშინვე წახვალ. სკოლა ხომ მაინც მუშაობს, კლასი შემდგარია, ერთი ბავშვით მეტი რომ იჯდეს კლასში, განა რა დაშავდება?! იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ მშობელი ახერხებს თანხების მოზიდვას. გარდა ამისა, მოზარდს შეაგუებს მშობელი, რომ უნდა შეუცვალოს სკოლა. წინ მთელი ზაფხულია და მოზარდიც შეეგუება, რომ მეგობრებს უნდა დაშორდეს.
ყველაფერი ერთად დაატყდა ბავშვს თავს – მამის სიკვდილი, სკოლის შეცვლა, გარდატეხის ასაკი…
– ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმეში.
– დიახ. უკვე ათასი ვერსია მოდის, ვერ გავარკვიეთ, რა ტყუილია და რა – მართალი. გავრცელდა ინფორმაციაც რომ ეს ლუკას დაწერილი არ არის, ერთ-ერთი გოგონა დაკითხეს, რომელსაც ათქმევინეს და შემდეგ იმ ბავშვმაც ვენები გადაიჭრა.
აქ არის სრული კასკადი რაღაცა სისასტიკის. სკოლამ გადაწყვიტა, ბავშვი მოიშოროს და ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული.
ამ საქმეში სკოლა იკვეთება ყველაზე ცუდად. ისიც კი იკადრეს და დაწერეს, ბავშვს ჰქონდა ქურდული მენტალიტეტიო. ამ ასაკში არათუ ბიჭებს, გოგოებსაც კი აქვთ ცოტა მოძველბიჭო გადახრა. მე ვერ ვიტყვი ქურდულ მენტალიტეტს. ეს სადღაც შემოდის ამ ასაკში, იმიტომ, რომ უნდათ მეტი თავისუფლება, ამტკიცებენ რაღაცას და სხვა ფორმებით ვერ ამტკიცებენ. გამოდიან მომსმენი და დამჯერი შვილების ფორმიდან და მეორე უკიდურესობაში ვარდებიან.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვი აუცილებლად ქურდული მენტალიტეტისკენ მიდიოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდატეხა მწვავედ მიდიოდა.
– ეს ყველაფერი თავის მართლებას უფრო ჰგავს სკოლის მხრიდან.
– მორალურად არ არის სწორი, რომ თავის გამართლების მიზნით ყველაფერი მიაწერონ მოზარდს. მოდით, შევხედოთ სლოგანსაც, ჯერ ფერები როგორია გამოყენებული – პროტესტი, აგრესია, დეპრესია, ყველაფერია შიგნით, შიშიც, უბედურებაც და მერე თვითონ სლოგანი – ამ ცხოვრების დედაც!
ბავშვმა ფრაზა არ დაასრულა, არ დაწერა ის მძიმე სიტყვა. თუ ის ასეთი ცუდი ბავშვი იყო, როგორც ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, ის მიაწერდა იმ მეოთხე სიტყვასაც და დაასრულებდა ფრაზას.
– რისი თქმა სურდა ლუკას ამ ფრაზით?
– ფსიქოლოგიურად თუ განვიხილავთ, ამ ფრაზაში ბავშვს არ უგულისხმია კონკრეტულად არც დირექტორი, არც პედაგოგი, კონკრეტულად არავინ. ბავშვმა თავის ცხოვრებას შეაგინა. თავისი ცხოვრება დაგმო.
აქ ხომ უნდა დაგვენახა, საით იყურება მოზარდი, რომ ის საშველია. აქ არის პროტესტი, დეპრესია, შიში და უნდობლობა ცხოვრების მიმართ. განგაში უნდა ატეხილიყო, რომ ბავშვს შველა სჭირდება, დახმარება სჭირდება, მაგრამ ამის მაგივრად რა მოხდა? განაცხადეს პოლიციაში. დაკითხვა იყო ბოლო წვეთი. სავარაუდოდ, იქ ბავშვის უფლებებიც დაირღვა. ბავშვის პოლიციაში დაბარება უკვე დიდი სტრესია.
– დაკითხვისას ბავშვს უნდა ჰყოლოდა თუ არა ფსიქოლოგი და ადვოკატი?
– რა თქმა უნდა, უნდა ჰყოლოდა. ბავშვის პოლიციაში დაბარება უკვე დიდი სტრესია. თანაც მიდის ტრავმირებულ დედასთან ერთად, რომელიც ახალი დაქვრივებულია. ამ დროს არავინ იცის, რა ხდება ბავშვის გულში, როდესაც ისედაც ცხოვრებისგან გამწარებულ დედას კიდევ ახალ პრობლემებს უჩენს.
ეს სერიოზული სინდისის ქეჯნა იქნებოდა ბიჭისთვის. დედას დაუმატა ტკივილი, ეს ხომ ცალკე განცდები იქნებოდა მისთვის. დანარჩენი, რაც პოლიციაში მოხდა, ეს ზუსტდ არ ვიცით, იმედია, ყველაფერი გაირკვევა.
ამ ბავშვის ცხოვრებაში იყო ტრავმა ტრავმაზე. საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი, ასე აიხსნება ეს ბავშვისთვის, რომელმაც დასაყრდენი ვერსად ვერ იპოვა. ყველაფერი ერთად შეიკრა და ასე ფატალურად დასრულდა.
სკოლას უნდა გაეთავისებინა ამ ბავშვის პრობლემები.
– ამ საქმეში მთავარ დამნაშავედ იკვეთება სკოლა?
– ღერძი გაევლო სკოლაზე. მატერიალური ზარალის გამო, ტრავმირებულ ბავშვს მიათრევ პოლიციაში… რა ვთქვა, არ ვიცი. გააწმენდინე, გადააღებინე, გაახეხინე და ასე აანაზღაურებინე ეს ზიანი. ეს მთელ მსოფლიოში გამართლებული მეთოდია. ასე პირველივე შემთხვევისას მიმართო პოლიციას, ეს არის დანაშაული.
მე არ ვიცი, კანონებში როგორ გვიწერია, მაგრამ ფსიქოლოგიურად და მორალურად ნამდვილად არის დანაშაული!
– რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ?
– განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე. განაკუთრებული ზომებია მისაღები. შეიძლება დასაკითხია მოზარდი, მაგრამ ეს ძალიან ფაქიზად და განსაკუთრებულად უნდა მოხდეს.
მოზარდის დაკითხვისას ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული. აუცილებელია, ზუსტად ამ ასაკის მოზარდებისთვის დაზღვევაში შევიდეს ფსიქოლოგის კონსულტაციაც. ბევრს არ აქვს საშუალება, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან ატაროს, როდესაც ასეთ პრობლემებს აწყდება. როდესაც სახელმწიფო აუნაზღაურებს, მაშინ ყველა მშობელი მიმართავს ფსიქოლოგს. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე.