ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს
– დიმიტრი, როგორი იყო განვლილი 2019 წელი?
– საქართველოში 2019 წელი იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე 2018 და ასე შემდეგ. “ოცნების” მოსვლის დღიდან ყოველი მომდევნო წელი უარესი იყო. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა, ჩვენ ვნახეთ ოკუპანტებთან და მტრებთან თანამშრომლობა. როდესაც ჩვენი პირადი მტერი ჩამოიყვანეს და ჩასვეს სავარძელში და სწორედ ამის გაპროტესტების გამო, შემდგომ ახალგაზრდებს დათხარეს თვალი და ეს დღე ისტორიაში შევიდა, როგორც გავრილოვის ღამე. შემდგომ ჩვენ გვახსოვს უამრავი პროტესტი, უამრავი დანაშაული “ქართული ოცნებისგან”, ნეპოტიზმი, კორუფცია, ქვეყნის კრიზისამდე მიყვანა.
– მძიმე ეკონომიკური ფონია.
– ეკონომიკა მთლიანად ჩამოშალეს, იმის მაგივრად, რომ ივანიშვილი დაგვპირდა, ერთ წელში ყველა ხარვეზს გამოვასწორებო. ახლა გვეუბნება, რომ თურმე გერმანიაში გვაგზავნის სამუშაოდ. რომ არ ვინერვიულოთ, თურმე სმას უნდა მივყოთ ხელი და სუფრასთან ვიპოვით ნუგეშს.
ჩვენ გვახსოვს პოლიციის შენობიდან გამოსული ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ თავს იკლავენ. გვახსოვს პოლიციის ძალადობა, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიდევ უამრავი ბოროტება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა საქართველოსთან მიმართებაში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა.
ქვეყანაში უამრავი გაჭირვებულია, ადამიანები ღატაკდებიან და მხოლოდ ჩინოსნები მდიდრდებიან. ეს არის რუსული სცენარი, ცდილობენ რაც შეიძლება გააღარიბონ ერი, გააღატაკონ, რომ შემდგომ უფრო ადვილი სამართავები გახდეს.
– დიმიტრი, ახალი წელია, განათებულია მთელი თბილისი, თუმცა თბილისის მერს მაინც საყვედურობენ ძალიან დიდი თანხების დახარჯვის გამო. არამიზნობრივად დაიხარჯა თანხები თბილისის ბიუჯეტიდან?
– თბილისის მერს, კახი კალაძეს რომ არ შეუძლია საქმის კეთება, ეს ფაქტია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ვერც ერთი პროექტი თავის დროზე ვერ დაამთავრა, რომელიც მან დაიწყო. რომელიც დასრულდა, ყველას ჰქონდა ხარვეზები. შემდეგ ავალებს კომპანიებს ამ ხარვეზების გაოსწორებას, თუმცა გამოსწორებული არაფერი გვინახავს.
კომპანიები, რომლებიც იღებენ ტენდერებში მონაწილეობას, ის კომპანიებია, რომლებიც კახი კალაძეს წინასაარჩევნოდ ეხმარებოდნენ. ეს კომპანიები არჩევნების დროს ფულს ურიცხავენ ხოლმე “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, ის რომ ვინმემ რამე მოსთხოვოს, ეს ჯერ არ გვინახავს და, სავარაუდოდ, ვერც ვნახავთ.
– ხარჯებსა და მიზნობრიობაზე რას იტყვით?
– კახი კალაძისგან ბოლო პერიოდში დავეჩვიეთ ჩვენ, რომ მას გამუდმებით მილანიდან მოაქვს რაღაცეები, მათ შორის უხარისხო პროდუქტი ჩამოაქვს იქიდან და იხდის ათჯერ, ოცჯერ მეტს, ვიდრე უნდა გადავიხადოთ თბილისში. ჩვენ ვნახეთ ნაძვის ხე, რომელზეც არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– ამ ნაძვის ხემ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია.
– თავად ეძახის ნაძვის ხეს, თორემ ალვის ხეს ჰგავს. როდესაც ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე 300 ათას ლარადაა შეფასებული, ამ დროს გაღატაკებული, გაჭირვებული თბილისი იხდის მილიონს ალვის ხეში. რა თქმა უნდა, ეს გახდება შემდგომ პრობლემა და დაპირისპირების საგანი.
მილიონს რომ გადაიხდი და რომ შეხედავ იმას, რაშიც მილიონი გადაიხადე, არ უნდა გიჩნდებოდეს განცდა, რომ ნაწილები აკლია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ის განათება და ის სათამაშოები, რაც ახლაა ჩამოკიდებული მაგ ხეზე, ცალკეა, ისინი ამ ფასში არ შედიოდა. სწორედ ამით შეეცადნენ, გამოესწორებინათ ის სიმახინჯე, რაც დადგეს თბილისში.
– დიმიტრი, რა მოხდა, სხვა შეუკვეთეს და სხვა ჩამოვიდა?
– არა, ბატონო, რაც შეუკვეთა, ზუსტად ის ჩამოუვიდა კახი კალაძეს, უბრალოდ, დიდი ფული იშოვა ამ ადამიანმა ამ ნაძვის ხეში. შარშან რომ 2 მილიონით ნაკლები დავხარჯეთ, ახალი წელი არ დადგა, კონცერტი ვერ ჩაატარეს, განათება არ იყო თბილისში თუ რა?! ამ გაჭირვებულ და გაღატაკებულ ქვეყანაში რაში იხარჯება თანხები?!
– ანუ გაბერილია ხარჯები, ამის თქმა გინდა?
– რა თქმა უნდა, გაბერილია. ახლა ჭავჭავაძის გამზირისთვის კახი კალაძეს ისევ მილანიდან ჩამოაქვს სკამები, ცალში იხდის 12.135 ლარს, მაშინ როდესაც საქართველოში დამზადებული სკამები, სკვერებში რომლებიც დგას, თბილისი რომ აწერია, ღირს 400-500 ლარი. წარმოგიდგენიათ, 12.135 ლარის გადახდა 1 სკამში რას ნიშნავს თბილისისთვის?!
სოციალურ მიმართულებას ბიუჯეტში თანხები აკლდება, ავარიული შენობების გარემონტებას თანხები აკლდება, მეტროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეაბილიტაციას თანხები აკლდება. აი, ამის ფონზე, კალაძე უხდის წარმოუდგენელ თანხებს იმ კომპანიას, რომელიც მას ეკუთვნის. მისი წილიც არის იქ და მისი ინტერესებიც იკვეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა გადაიხადო 12.135 ლარი ერთ სკამში, როდესაც თბილისში შეგიძლია 400-500 ლარად იყიდო!
– რისი თქმა გინდათ ამით, რომ აქედან კალაძე დიდ ფულს შოულობს?
– ზუსტად ასეა. რაც კალაძე მოვიდა ხელისუფლებაში თბილისის მერად, იმის შემდეგ გამუდმებით მილანში ვყიდულობთ ყველაფერს! ეს ყველაფერი კი გამოდგება ხოლმე უხარისხო და გამოუსადეგარი ჩვენი ქალაქისთვის.
თქვენს მკითხველს მინდა გავახსენო, რომ თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე დგას ე.წ. ნაგვის ურნები, რომლებიც მილანიდან ჩამოვიტანეთ და არნახული თანხები გადავიხადეთ. დახარისხება აქვს ამ ნაგვის ურნებს, ანუ ქაღალდი ცალკე, პოლიეთილენი ცალკე, მინა ცალკე და ასე შემდეგ.
– და მერე ეს ცუდია?
– ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც ნაგვის მანქანა მოდის მის დასაცლელად, ერთიანად ყრიან ყველაფერს და ისე გააქვთ. მითხარით, რა შეიცვალა?! კი ბატონო, კარგია, როდესაც დახარისხება ხდება და ამისკენ მივდივართ, მაგრამ როდესაც გადაყრის დროს მაინც ერთად ვყრით და არანაირი დახარისხება არ ხდება, რატომ გადავიხადეთ მილიონობით ლარი? რაში გადავიხადეთ? მერე რომ გვეთქვა, მილანიდან ჩამოვიტანეთ ეს ნაგვის ყუთები?!
აი, ასე ყრის კალაძე ჩვენს ფულს, ამით თვითონ დიდ ფულს შოულობს და თბილისელების ხარჯზე ამ ადამიანმა მოიწყო ცხოვრება. მე არა მგონია, რომ ის, რასაც თბილისელებს უკეთებს, მან თავის თავს გაუკეთოს. მათ შორის ის ნაძვის ხე, რომელიც დაუდგა თბილისს, ასეთს არასდროს დადგამს თავის სახლში.
– რატომ, ასეთი ცუდია?
– იმიტომ, რომ თავადაც კარგად იცის, რომ ამ ნაძვის ხის დადგმა არ შეიძლება არაფრით, ის არ ჰგავს არაფერს. ხესაც არ ჰგავს.
– როგორი იქნება 2020 წელი ხელისუფლებისთვის? რას შემოგვთავაზებს “ოცნება”? ახალი კარუსელი იგეგმებაო. ამაზე რას იტყვით?
– “ქართული ოცნება” არის დასრულებული პოლიტიკური ძალა. ახლა ყველაზე მთავარი არის, რომ მშვიდობიანად ვაიძულოთ, რომ ხელისუფლება დათმონ ამ ადამიანებმა, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ”.
რაც არ უნდა კარუსელი ატრიალონ მათ, არაფერი გამოუვათ. თალაკვაძე გინდ პრემიერად დასვი, გინდ პარლამენტის თავმჯდომარედ, გინდ რომელიმე მინისტრად, მონა არის მონა! რა კარუსელიც არ უნდა ატრიალონ, მაინც არაფერი ეშველებათ! ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი დღე, რომელიც მას უთენდება ხელისულებაში, მისთვის არის დამაზიანებელი.
ქართველმა ხალხმა უკვე უთხრა მას უარი. ულეგიტიმაციო ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენ. მათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ გააჩნიათ. ბიძინა ივანიშვილი სჯობს, მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის! დაუბრუნოს ქართველ ხალხს მიტაცებული ძალაუფლება, თუ არა და ის ძალიან ცუდად დაამთავრებს!