ლევან ჩაჩუა – “არ ჩანს ძალა, რომელიც ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს”

ლევან ჩაჩუა - "არ ჩანს ძალა, რომელიც ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა 
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– ბოლო დროს ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ მალე ბიძინა ივანიშვილს გასაქცევად ექნება საქმე. მას ადარებენ დიქტატორებს, რომლებსაც ქუჩებში გამოჰყავდათ მხარდამჭერები.
– ბიძინა ივანიშვილმა არ შეასრულა თავისი დაპირებები, ვერ მოაგვარა პრობლემები. ამის მიუხედავად, არ ჩანს ძალა, რომელიც მას ქვეყნიდან გაქცევას აიძულებს.
ავიღოთ ოპოზიციური ერთობა. მასში 30-ზე მეტი პარტია შევიდა. ეს პოლიტიკოსები თითქმის 2 თვის განმავლობაში აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. თითო პარტიამ 500 კაცი ვერ გამოიყვანა. ესენი გააქცევენ ივანიშვილს?!
ეს პოლიტიკოსები 30 წელიწადია, პოლიტიკურ ჭაობში ტივტივებენ. მათ ხელში ქვეყანა გაპარტახდა, დაიშალა, მოსახლეობისგან დაიცალა. ამ ადამიანებს რესურსი არ ეყოფათ, ივანიშვილი გააქციონ. მას მშვიდობიანად დაამარცხებს სხვა, გაუსვრელი ადამიანებით დაკომპლექტებული ძალა, რომელიც არ ყოფილა არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც “ქართულ ოცნებასთან”.
სამწუხაროდ, ეს ძალა არ შექმნილა.
– არჩევნებამდე ბევრი რამე მოხდება.
– რასაკვირველია. ასეთი ძალა შეიძლება შეიქმნას. ხალხს ოდიოზური, გასვრილი პოლიტიკოსები ყელში ამოუვიდა და ქვეყნის ღირსეული განვითარება უნდა.
– ახალი პარტია “ლელო საქართველოსთვის” დაახლოებით მაგ ლოზუნგით გამოდის – “არც ნაცები, არც ქოცები”. ექსპერტები მას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
– მამუკა ხაზარაძემ თავის “ლელოში” პოლიტიკური ექსგუმაცია მოახდინა. მან საფლავიდან ამოთხარა ახალი მემარჯვენეები, ასევე დავით უსუფაშვილი, რომელიც ადრე რესპუბლიკელებს გამოეყო.
თვითონ ხაზარაძე ყველა ხელისუფლებასთან ახლოს იყო, თვითონ ქმნიდა და აფინანსებდა კონიუნქტურას. უსუფაშვილი ნაციონალებთანაც იყო და “ოცნებასთანაც”. ახალი მემარჯვენეები მოქალაქეთა კავშირიდან მოდიან. მევახშე ხაზარაძეს გამწარებული ჰყავს ათასობით ოჯახი. ოპოზიციის ერთ-ერთ მიტინგზე ერთმა დაზარალებულმა ახალგაზრდამ მას ალიყური უთავაზა. ამ ადამიანმა, რომლის ოჯახი უბინაოდ დარჩა, ხაზარაძეს სილა გააწნა და უთხრა, ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არ გაქვსო.
თუ ვინმემ ღვთის დასაგმობი რამე შეთხზა, ინცესტით დაწყებული, სხვა პათოლოგიებით დამთავრებული, ხაზარაძემ ყველა დააჯილდოვა. ის ლიტერატურული კონკურსის “საბას” სპონსორია. ვხვდები, რისთვის მოდის ის პოლიტიკაში.
– რისთვის?
– პოლიტიკური იმუნიტეტისთვის. დღევანდელ საქართველოში ხომ პოლიტიკოსები, უმეტესად, არ ისჯებიან! მაგალითად, გიგა ბოკერიას აქვს ფინანსური დარღვევები. ამავე რიგში არიან “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები – გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და სხვა. ამათ პოლიტიკური იმუნიტეტი იცავს.
ფულის გათეთრების გარდა, ხაზარაძე მონაწილეობდა უამრავი თანამემამულის გამოსახლებაში. ამაში მას ეხმარებოდა სააკაშვილის კანონმდებლობა. “ქართულმა ოცნებამ” მასში კოსმეტიკური ცვლილებები შეიტანა.
“ქართულმა იდეამ” 5 წლის წინ მოვახერხეთ იპოთეკური სესხის მქონე ადამიანების გამოსახლების შეჩერება. გვქონდა სპეციალური პროგრამა. პარლამენტმა ის არ მიიღო. მივმართეთ მის უწმინდესობას. კათოლიკოს-პატრიარქმა წირვის დროს პირდაპირ მოუწოდა ეკლესიაში მყოფ ხელისუფლებას და სთხოვა, შეეჩერებინა ადამიანების გამოსახლება.
მანამდე ასეთი ოჯახები დახმარებას გვთხოვდნენ. ადგილზე მივდიოდით და პოლიციელებს ვეხვეწებოდით, არ გამოეყარათ ადამიანები სახლებიდან. პოლიციელებიც უხერხულ დღეში იყვნენ. მათაც არ ეხალისებოდათ მოხუცების ლოგინებიდან აყრა და გამოსახლება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, გამოსახლების წესი შეიცვალა. ეს ხდება სასამართლოს განაჩენის შემდეგ. ამაში მონაწილეობენ აღმასრულებლები.
– ხალხი ამით დროს იგებს?
– რასაკვირველია. ბევრი მათგანი ასწრებს ფულის შოვნას და ბინის შენარჩუნებას.
– ხელისუფლება აპირებს კანონის მიღებას დეზინფორმაციასთან და ცილიწამებასთან ბრძოლის საბაბით. ამაზე რას იტყვით?
– ნორმალურ ქვეყანაში ცილისწამება უნდა ისჯებოდეს. ჩვენთან ეს კანონი შეიძლება პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენონ.
– ადმინისტრაციული წესით ჩვენთანაც დასჯადია.
– ეს ისეთი მსუბუქი სასჯელია, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს. იმიტომ ხდება ამდენი ცილისწამება. მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქზეც კი. პოლიტიკური ცენზურა ისედაც მოქმედებს.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსს არ აქვს ყველგან გამოჩენისა და სიტყვის თქმის უფლება. მაგალითად, ტელევიზიები იწერენ ჩემს კომენტარებს, ინტერვიუებს, შემდეგ კი ისინი იბლოკება. ტოკშოუებში წარმოდგენილია ისევ 2 მხარე – ნაცმოძრაობა თავისი განშტოებებით და “ქართული ოცნება”.
ერთი მხარე მუდმივად 9 წელს გაიძახის, მეორე – 7 წელს. მათთან რომ დაგვსვან დებატებზე, ჩვენ, მაგალითად, ბოლო 16 წელზეც ვილაპარაკებთ, ამ ძალების პოლიტიკურ ფესვებზეც და ქვეყნის განვითარებაზეც.
ადამიანებს ჯანსაღი, გაუსვრელი ახალი ადამიანები უნდათ პოლიტიკაში. “ოცნების” ახალი სახეები კი კომკავშირლები, კობახიძე და თალაკვაძე არიან.
ცენზურა მარტო ტელევიზიებში არ მოქმედებს. სოციალურ ქსელებში 2 თვის წინ “ქართულ იდეას” გაგვიუქმეს გვერდი. იგივე მოხდა ამ დღეებში. გვერდი გურამ ფალავანდიშვილსაც გაუუქმეს.
ჩვენ იმ დაბლოკილ ტროლებთან საერთო არაფერი გვაქვს.