ლევან ხაბეიშვილი – “კალაძის საძმაკაცოს 21 მილიონი მისცეს გუდაურში ასაფეთქებლების დასამონტაჟებლად”

ლევან ხაბეიშვილი - “კალაძის საძმაკაცოს 21 მილიონი მისცეს გუდაურში ასაფეთქებლების დასამონტაჟებლად”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, საკმაოდ მძიმედ დაიწყო 2020 წელი. რთული ახალი წლის დღეები გვქონდა.
– მძიმე აღმოჩნდა ახალი წლის დღეები. დავიწყოთ იმით, რომ ფატალური შეცდომა იყო, რაც გაუკეთეს მაჩალიკაშვილს. 19 წლის შვილს რომ მოუკლავ და მერე მისი კარავის ადგილას ლურჯ ვეშაპს წამოჭიმავ, არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ყველა წუთი ამ ხელისუფლების არის პრობლემატური. 24 წლის ბიჭი წამებით მოკლეს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, უკვე მერამდენე შემთხვევაზე ვლაპარაკობთ, როცა სისტემასთან გვაქვს პრობლემა. მაჩალიკაშვილი, სარალიძე, ახლა ეს წურწუმია და ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე.
– გირგვლიანი 2 – ასე მოინათლა მურად წურწუმიას საქმე. ასეა?
– არ მინდა რაღაც პარალელების გავლება, თუმცა თავისი შინაარსით და თავისი მოქმედებით, არათუ არ ჩამოუვარდება, შესაძლოა, უფრო სადისტურიც არის. თვალი ამოთხარეს ადამიანს და მკვდარი დააგდეს ქუჩაში. თან გააშიშვლეს და ისე დააგდეს. ნორმალურ და საღად მოაზროვნე ადამიანს ეს თავში აზრად როგორ უნდა მოუვიდეს.
ეს კაცი განსაკუთრებულ დეპარტამენტთა განყოფილების უფროსი ყოფილა. თან ერთი კაცი ჰყავთ დაკავებული, როცა ყველამ იცის, რომ ორნი იყვნენ და იმ მეორეს არავინ ახსენებს. ჟურნალისტებს რომ არ გაეგოთ, ამ ამბავს საერთოდ მიჩქმალავდნენ. რამდენია, რასაც ვერ ვგებულობთ.
– ეს არის სისტემური დანაშაული? დააფარებენ ხელს მეორე პირს?
– რა თქმა უნდა, სისტემური დანაშაულია. როდესაც თავად არის ხელისუფლება მოძალადე, როდესაც გახარიამ თავად გასცა 20 ივნისს ის ბრძანება რომელიც გასცა, როცა მას ხელი ურევია კერზაიას საქმეში და პირადად არის ამის თანამონაწილე. ის ქალბატონი შეეწირა ამ ამბავს და გახარია ამ ყველაფერში პირადად მონაწილეობდა. ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაში თავად აქვს მონაწილეობა მიღებული.
ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები კანონს კი არ ემსახურებიან, ემსახურებიან ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს და ვინც არის მასთან მორჩილებაში და ბიძინა ივანიშვილის მხარეს არის, მათთვის ყველაფერი მოსულა. ზუგდიდის მერი კორუმპირებულია, თუმცა მას შეუძლია შაბათ-კვირას რესტორნებში იაროს მეუღლესთან ერთად, ხოლო სხვა ადამიანმა ნემსი რომ მოიპაროს, მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიან.
ირაკლი ოქრუაშვილი რატომ ზის ციხეში?! ეს არავინ იცის. მე ირაკლი ოქრუაშვილის საქმე მომყავს მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კაცი უდანაშაულოდ ზის ციხეში. ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა სიმართლე სიმართლეა.
– რობაქიძის საქმე 15 წლის მერე გაუხსენეს ოქრუაშვილს.
– სწორედ მაგის თქმა მინდა, ამ კაცს 15 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს და მე ეჭვი მაქვს, რომ შეთითხნილ საქმესთან უფრო გვაქვს საქმე.
– აქამდე სულ ამბობდნენ, ნაციონალებს ვერ შეგვადარებთ, ჩვენ სისხლიანი რეჟიმი არ ვართო. თუმცა სიტუაცია ისე მიდის, რომ, მგონი, ამ საქმეშიც გადაუსწრებენ.
– პირდაპირ ვთქვათ, დანაშაულებები, რომლებიც ხდება და ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა ამ ცხოვრებაში, ეს ყველაფერი, იცით, საიდან დაიწყო?!
– საიდან?
– გახსოვთ, მიქაუტაძე 2013 წელს თვითმკვლელობამდე რომ მიიყვანეს და მაშინ ჭიკაიძე იყო თბილისის სამმართველოს უფროსი და სწორედ ჭიკაიძეზე იყო ლაპარაკი, რომ ის მონაწილეობდა მიქაუტაძის დაკითხვაში.
აი, ყველაფერი იქიდან დაიწყო. მაშინ რომ არავინ დაიჭირეს, მაშინ რომ არ გამოიძიეს, ყველაფერი რომ მიიჩქმალა, სწორედ ამ დროიდან იწყება და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ათობით და ასობით საქმეზე, სადაც კონკრეტულ დანაშაულებებს ხელს აფარებს ხელისუფლება, იმიტომ, რომ თავად არის კრიმინალთან გარიგებაში შესული.
ამ კონკრეტული კრიმინალის გარდა, გუდაურში და ბაკურიანში რომ ტურისტული სეზონი ჩააგდეს, ესეც დიდი კრიმინალია და აქ პირდაპირ ხელისუფლებაა დამნაშავე. მე გეტყვით, რაც მოხდა.
– რა მოხდა?
– ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი იყო, როცა მე გავასაჯაროე დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ რაღაც სულელურ ტენდერში მილიონები გაიფლანგა
კალაძის მეგობარს, აკაკი ალადაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს და მის ცოლისძმას, სერგო შუღაროვს, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მისცეს 21 მილიონი ლარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მათ გუდაურში უნდა დაემონტაჟებინათ აპარატურა, ე.წ. ასაფეთქებლები, ზვავსაშიშროების თავიდან ასაცილებლად.
აი, ამაში მისცეს 21 მილიონი ლარი კალაძის საძმაკაცოს. თანაც მისცეს ისეთ კომპანიას, რომელსაც ზვავთან და გუდაურთან ახლოსაც არ ჩაუვლია, მემწვანილეები არიან ეს ადამიანები, სათბურები აქვთ და ასე შემდეგ. თუმცა რახან კალაძის საძმაკაცო იყო, ამიტომ მისცეს 21 მილიონი ლარი.
21 მილიონად გუდაურს ოთხჯერ შემოარტყამდნენ წრეს წყალმომარაგებით. ან ეს ასაფათქებლები სად არის, სად დაამონტაჟეს?!
– ანუ ყველა სფეროში დანაშაულია, ყველგან კრიმინალია, სადაც არ უნდა ჩავიხედოთ?
– კი, ზუსტად ასეა. ეს ხალხი ფიქრობს მარტო ფულის შოვნაზე. 21 მილიონი პირდაპირი მნიშვნელობით თოვლს გაატანეს, არანაირი აფეთქება წელს იქ საჭირო არ იყო, საერთოდ არ მოსულა თოვლი, სამაგიეროდ, გუდაურიც და ბაკურიანიც უწყლოდ დატოვეს.
– ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, უნალექო შემოდგომის ბრალია ეს ყველაფერიო.
– როდესაც ხალხი ტიროდა, გუდაურში წყალი არ გვაქვსო, ინფრასტრუქტურის მინისტრი მცხეთაში ქეიფობდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ნორმალურ ქვეყანაში ასე მოხდებოდა?! ტურისტულ სეზონზე, გუდაურზე, ბაკურიანზე და სვანეთზე მნიშვნელოვანი ახლა რამე არის ამ ქვეყანაში?!
როდესაც ხალხს ერთი ამბავი ჰქონდა, აქციებს მართავდა და ტელევიზიით გამოდიოდა, მოგვეშველეთ, ტურისტები გარბიანო, განცხადებც კი არ გაუკეთებიათ, უფრო მეტიც, მცხეთაში წავიდნენ და იქ ქეიფობდნენ. ახალი წელია და რა მოხდა, აღვნიშნავთო. ისიც არ მოეწონათ, ჟურნალისტებმა რომ ჩააკითხეს.
აი, სადამდე ვართ მისულები. ახალ წელს ვის ულოცავენ, ტურისტული სეზონი ჩააგდეს გუდაურში! რაც უნდა წყალი მიიყვანონ ახლა, უკვე იმდენი ინფორმაციაა გასული, რომ წყალი არ არის, ვინ ჩამოვა?! გუგლში რომ ჩაწერენ ჯორჯია და გუდაური, პირველ ნიუსად ამოუგდებს, რომ წყალი არ არის. ფაქტია, რომ სეზონს დედა უტირეს!
– ძალიან მძიმედ დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წელი, როგორ დაასრულებს?
– რომელი წელი დაიწყო უკეთესად?! განსხვავება ის არის, რომ ამ ყველაფერზე ახლა სწრაფ რეაგირებას ვაკეთებთ, თორემ რომელი წელი დაიწყო კარგად. ყველა წელი კიდევ უფრო მძიმე იყო. ვიდრე წინა წელი. უბრალოდ ახლა მოთმინების ფიალა აევსოთ ადამიანებს და ეს ყველაფერი უფრო მკაფიოდ ჩანს.
ნახეთ, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში! ამაზე ჩვენ 2013-20214 წლიდან ვსაუბრობდით. სულ ვამბობდით, რომ დიდი პრობლემაა, შავი ხვრელებია, არ შეიძლება ამ ყველაფრის ასე გაკეთება, რომ ეს მიგვიყვანს პრობლემამდე. პრობლემამდე კი არა, კატასტროფამდე მიგვიყვანა, ექიმების უმრავლესობას ხელფასები არ აქვს აღებული. 7 და 8 თვის აუნაზღაურებელი ხელფასებით შეხვდნენ ახალ წელს, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?!
სისტემა არის თავიდან ბოლომდე ჩავარდნილი. ახლა მოიგონეს ახალი რეგულაცია, რომელიც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს პაციენტსაც, ექიმსაც, მოქალაქესაც, ბიუჯეტსაც და ქვეყანასაც.