მოსკოვში მოღვაწე ინალ არძინბა ახალ პარტიას ქმნის

მოსკოვში მოღვაწე ინალ არძინბა ახალ პარტიას ქმნისმარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
განმეორებითი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლების შედეგი გახდა, 22 მარტს გაიმართება.
ახლანდელ წინასაარჩევნო ფონზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ინალ არძინბას სახელი. ინალ არძინბა ამჟამად რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელობს. მანამდე იგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
თვითონ ინალ არძინბა დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობს. მას, ისევე, როგორც ბოლოდროინდელ მოვლენებში გააქტიურებულ კიდევ ერთ ახალგაზრდას, “დონბასის სახალხო რესპუბლიკის” გმირს, ახრა ავიძბას, ამას მოქმედი კანონმდებლობა არ აძლევს. პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს 35 წელს მიღწეული, ზედა ზღვარი კი 65 წელია.
საპრეზიდენტო ციებ-ცხელების პარალელურად ინალ არძინბა აფხაზეთში ახალ პარტიას აფუძნებს. მისი პირობითი სახელია “აფხაზეთის მომავალი”.
რუსეთში დაწინაურებული აფხაზი არ მალავს, რომ მისი აქტივობა დაკავშირებულია აფხაზეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან.
– ახალგაზრდობის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკური სტრუქტურის შექმნა დიდი ხანია იგეგმებოდა. ამისთვის იმპულსი გახდა აფხაზეთის ახლანდელი მოვლენები, – აცხადებს არძინბა.
მისი შეფასებით, ამ პროცესებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდობა გახდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საკვანძო აქტორი და ცვლილებების დრაივერი.
– მომმართავენ ახალგაზრდები, რომლებსაც განვითარება და გუნდში ყოფნა უნდათ. აფხაზი ახალგაზრდების მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, რომელიც ხდება დამნაშავეობის და ნარკომანიის მიზეზი, – ამბობს ინალ არძინბა.
სამუშაო შეხვედრებს არძინბა არჩევნებამდე მოაწყობს. დაფუძნება არჩევნების შემდგომ მოხდება. ვის დაუჭერენ მხარს ინალ არძინბა და მისი გუნდი, ჯერ არ სახელდება.
არძინბა ამბობს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.
ახალგაზრდა მოხელის მიერ დაანონსებული პარტია ჩვეულებრივი არ იქნება. როგორც ჩანს, მისი მიზანია კადრების რუსეთში მომზადება და შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში მოვლინება.
ეს იდეა უპირისპირდება თბილისელ კონფლიქტოლოგებში გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ თბილისმა ხელი უნდა შეუწყოს აფხაზი ახალგაზრდების დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებას.
ინალ არძინბას ხელშეწყობით რუსეთის უნივერსიტეტების აფხაზეთში გახსნილ ფილიალებში გარკვეულ სპეციალობებში კურსებს გადიოდნენ აფხაზი სტუდენტები.
არძინბა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ლიდერებს კონკურსის წესით შეარჩევენ. ისინი სტაჟირებას რუსეთში გაივლიან. სურვილის შემთხვევაში, გამარჯვებულები ჩაერთვებიან პარტიული სტრუქტურების მშენებლობაში.
არ არის გამორიცხული, არძინბას ახალი ძალა პარტია “ამცახარას” ბაზაზე შეიქმნას.
“ამცახარას” ლიდერია ალხას კვიცინია, რომელიც გადამდგარი დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო და რომლის სარჩელმაც არჩევნების შედეგი გააბათილა.
თავის მხრივ, კვიცინიამ ჩაანაცვლა ასლან ბჟანია, რომელიც დაცვასთან ერთად მოწამლეს და საარჩევნო მარათონს ჩამოაცილეს.
ინალ არძინბას “ამცახარასთან” თავისი კავშირი აქვს – მისი ბიძა, აკა არძინბა, “ამცახარას” დამფუძნებელია.
აშკარაა, რომ ინალ არძინბას პოლიტიკური ორგანიზაცია სამომავლო პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს. 2022 წელს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. შესაძლებელია ვადამდელი არჩევნებიც.
შესაძლოა, მოსკოვს ინალ არძინბა ასლან ბჟანიას გასაკონტროლებლადაც სჭირდებოდეს.
ასლან ბჟანია მარტის არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ალბათ, ისევ წამოიწევს თბილისთან დიალოგის თემა.
ცოტა ხნის წინ ასლან ბჟანიამ “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის აუცილებლობა.
ამას რუსეთის მიმდევრებში დიდი ხმაური მოჰყვა. დღეს რუსეთის წარმომადგენლები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ბჟანიას ნათქვამი პრაგმატული იყო და ის არ გულისხმობს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას.