ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პასუხობს.
– ბატონო სერგი, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის დელეგაცია მაისში საქართველოში დაგეგმილ მინისტერიალზე მოიწვია. “ოცნებაში” აცხადებენ რომ პრეზიდენტის განცხადებებზე არაფერი იციან. როგორია თქვენი შეფასებები?
– მე მგონია, რომ ქვეყანა და მთავრობა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს იცავს და ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყოს ეროვნული ინტერესით და მერე იფიქროს სხვა რაღაცეებზე.
– ზურაბიშვილმა კი განაცხადა, ამის გამო კანონსაც კი დავარღვევთო…
– ამ ვითარებაში, ეროვნული ინტერესების პრიმატი გვკარნახობს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არ იყოს დარღვეული.
ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში ეჭვქვეშ აყენებდა ოკუპაციის შესახებ კანონს და ბევრჯერ დაუშვა მისი დარღვევა. გავრილოვი იყო უბრალოდ ბოლო შემთხვევა ამის. ჩვენ მოვუწოდებდით მაშინ, რომ არ შემოეშვათ და მაშინდელმა შს მინისტრმა და მერე პრემიერმა, გახარიამ გვითხრა, რომ საფუძველი არ ჰქონდათ, რომ არ შემოეშვათ საქართველოში. ანუ, როცა ასეთ პოლიტიკას ატარებენ წლების განმავლობაში, ახლა უკვე გამოსავალი აღარ აქვთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არღვიეს ეს კანონი და ახლა უცნაური იქნება, რომ ადგნენ და თქვან, ჩვენ დავიცავთ ამ კანონს და ლავროვს არ შემოვუშვებთ ქვეყანაშიო. თუ აქამდე არღვევდი, ახლა მოგინდა დაცვა?!
ეს არის ერთი კომპონენტი, არის მეორე კომპონენტიც. როცა ჩვენ ამ ვალდებულებებს ვიღებდით, ანუ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვხდებოდით, წინდახედული მთავრობა შეეცდებოდა, ისე მოეხდინა, რომ არ დარღვეულიყო არც ოკუპაციის კანონი და არ დარღვეულიყო არც ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება.
– როგორ?
– მაგალითად, ისეთნაირად უნდა გადაეწყვიტათ, რომ მინისტერიალი არ ჩაეტარებინათ საქართველოში. თუმცა ეს უკვე ჩავლილი ამბავია, ამაზე თავის დროზე უნდა ეზრუნათ.
– გამოსავალი რა არის?
– ახლა აქედან გამოსავალი არ არის. მინისტერიალი უნდა ჩატარდეს და თუ არ შემოუშვებ რუსეთს, საერთაშორისო ვალდებულება ნამდვილად დაირღვევა! ოღონდ არჩევანი უნდა გააკეთოს, თავმოყვარე ხელისუფლება რომ გვყავდეს – საერთაშორისო ვალდებულების მცირეოდენი დარღვევა და მერე ამისი ახსნა უფრო დიდი ზიანია ქვეყნისთვის, თუ ოკუპაციის კანონის დაცვა და ეროვნული ინტერესების დაცვა. ამ შემთხვევაშიც გააკეთებენ არასწორ არჩევანს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
– რუსეთის დელეგაციამ სალომე ზურაბიშვილს განცხადებას უპასუხა, ჯერ ბოდიშით უნდა დაიწყოთო. გავრილოვის ვიზიტის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელიო.
– ეს სრული სისულელეა! ვინც ამაზე სერიოზულად გასცემს პასუხის, რომ ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი გავრილოვის გამო, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და არა – საქართველოს ინტერესებს. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში მაგაზე უფრო ბევრად პრობლემატური სხვა საკითხი იყო, რომელიც შედარებით შეუმჩნეველი დარჩა.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, რუსეთს უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები იმის გამო, რასაც ის აკეთებს უკრაინაში და საქართველოში. თანაც არ დაგვავიწყდეს, რა ორგანიზაციაში იყო ამაზე საუბარი. ევროსაბჭოში, სადაც რუსეთის სანქცირების თემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა ბოლო რამდენიმე წელია!
როცა იქ სიტყვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც მისი ქვეყანა არის ოკუპირებული, იგივე პრობლემებია უკრაინაშიც და როცა მას ეკითხება უკრაინელი დეპუტატი, რას ფიქრობს სანქციებთან დაკავშირებით? როცა საქართველოს პრეზიდენტი ამას არ პასუხობს, ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი!
კიდევ ერთი მწვავე საკითხი იყო, რომელიც გამოჩნდა, რომ პრობლემატურია და უბრალოდ მატყუარა და უპასუხისმგებლო წარმომადგენლები გვყავს მთავრობაში.
– რომელ საკითხს გულისხმობთ?
– როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოიტყუა, რომ ჯერ გადადგა სპიკერი და მერე იყო ძალადობრივი აქცია, როგორც თვითონ მონათლა – შეტევა პარლამენტზე. არადა იყო პირიქით.
ძალიან ცუდია, თუ მათ ჰგონიათ, რომ ვიღაცა მოატყუეს ამ ფაქტების დამახინჯებით. ყველას კარგად გვახსოვს, რომ სპიკერი არ გადადგა და ბაქოდან გამოგვიცხადა, რომ არ აპირებდა გადადგომას, სწორედ მაგიტომ იყო ის აქცია ისეთი გაბრაზებული. და არა პირიქით, როგორც ახლა უნდათ რომ გაასაღონ!
ეს ყველაფერი არ იყიდება. არავინ არ უჯერებს მათ და თავს იგდებენ კიდევ უფრო უხერხულ და სამარცხვინო მდგომარეობაში.
სამწუხარო ის არის, რომ ამას ეწირება საქართველოს იმიჯი. უკვე ვხედავთ ჩვენ, როგორი განცხადებები კეთდება კონგრესში, როგორი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტში, ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დამაზიანებელი.
– თუკი მართლა ჩამოვიდა ლავროვი საქართველოში, რა შეიძლება მოხდეს?
– მე მგონია, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი მწვავე რეაქცია საზოგადოების მხრიდან. როგორი და რა ფორმით, არ ვიცი.
– შეიძლება მივიღოთ გავრილოვის ღამე 2?
– თავისი მასშტაბით უარესი შეიძლება იყოს ეს ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ძალიან ძნელია პროგნოზი გავაკეთო, რა იქნება მაისში. თუმცა თავისი დატვირთვით იქნება გაცილებით უფრო პრობლემატური, ვიდრე ეს იყო გავრილოვის შემთხვევაში!
– რას იტყვით კონგრესმენების წერილებზე, რომელთაც იგნორირებას უკეთებს ჩვენი ხელისუფლება?
– სინამდვილეში არანაირ იგნორირებას არ უკეთებს. თუკი ვინმეს საღი აზრი დარჩა, ძალიანაც განიცდიან. თუნდაც ეს საუბრები იმაზე, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით მიემგზავრებიან, სწორედ მაგის გამოვლინებაა.
დღეს ის არის საკითხავი, რამდენად სწორად აწვდიან ივანიშვილს ამ შემაშფოთებელ ინფორმაციებს. რაც უფრო მალე შეწყვეტს სირაქლემას პოზიციაში დგომას “ქართული ოცნება”, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება ჯამში ქვეყანა. ასეთი კრიტიკული წერილები მერე რაღაც ეტაპზე მთავრდება ისე, როგორც დაამთავრა მოლდოველმა ოლიგარქმა, რომელიც დღეს სანქციების ქვეშ არის პირადად და რომელმაც ჯამში ძალიან დააზარალა მოლდოვა. წესით, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ამ მდგომარეობაში აღმოჩენა.
– შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს სანქციები?
– შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, მე არ მიყვარს ხოლმე ასე ლაპარაკი, მაგრამ თუ შევადარებთ ტენდენციას, სხვაგან ანალოგიურ სიტუაციაში რა იყო მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენეს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ გზაზე ვდგავართ.
აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია. სანქციები მარტო იმას კი არ დააზიანებს, ვის მიმართაც ეს იქნება, ამ შემთხვევაში ივანიშვილს. ეს დააზიანებს მთლიანად ქვეყანას.