ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრა საარჩევნო სისტემაზე მომდევნო კვირას იქნება. არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს. თეა წულუკიანი ოპოზიციას ურჩევს, თავისი პროპორციული გამოიგლოვოს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– “ქართული ოცნება” თუ დათმობაზე წავა, ეს ნიშნავს, რომ მან ხელისუფლება დათმოს. ასე ფიქრობენ “ოცნებაში”. თუ ხელისუფლება ვირზე შეჯდება და არავითარ დათმობაზე არ წავა და სრულად წულუკიანის პოზიციაზე აღმოჩნდება, მაშინ ევროპის, ამერიკელების თვალში მათი ისედაც მიმქრალი რეიტინგი, კიდევ უფრო დაეცემა.
მმართველი პარტია მძიმე არჩევანის წინაშე დგას: ან მან უნდა შეინარჩუნოს როგორმე დემოკრატი მმართველის იმიჯი და წავიდეს დათმობაზე ან საბოლოოდ მოახდინოს ყველასი და ყველაფრის იგნორირება, შინ თუ გარეთ, ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს.
საქართველო ტიპიური, კლასიკური ევროპული ქვეყანა რომ იყოს, მმართველი პარტია პირველ არჩევანს გააკეთებდა. ის დათმობაზე წავიდოდა და ამით შეინარჩუნებდა ხელისუფლებაში მეორედ დაბრუნების შანსს, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ, მე გამოვრიცხავ, “ქართული ოცნება” რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს, რასაც შეიძლება ხელისუფლების დათმობა მოჰყვეს.
დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რას იტყვიან მასზე, როგორც თავად ამბობენ, რამდენიმე ევროპელი დეპუტატი და “ვიღაც” ამერიკელი კონგრესმენები, მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება.
სამწუხაროდ, ეს უკვე მთავარ იდეოლოგიად, მთავარ კონსტრუქციად იქცა “ქართული ოცნებისთვის”. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ხელისუფლებისთვის საქართველოში ხელისუფლების დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს.
ინგლისის მაგალითს მოგიყვანთ. მე-19 საუკუნის ინგლისში გლადსტონის პარტია როდესაც არჩევნებს აგებდა, გლადსტონი, იცით, რითი იყო დაკავებული, “ილიადას” თარგმნიდა.
წარმოიდგინეთ, დღეს იგივე კობახიძე ან წულუკიანი “ილიადას” თარგმნით რომ იყვნენ დაკავებული! დღეს არჩევნები ხელისუფლებას აღქმული აქვს, როგორც სიკვდილი ან გამარჯვება! “არც ერთი ნაბიჯი უკან, ჩვენ უკან მოსკოვი დგას”! – აი, დაახლოებით ასეთია განწყობა.
– გამოდის, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის?
– დიახ, ეს უფრო ჰგავს შეხვედრას შეხვედრისთვის. თუმცა, ოპოზიცია არაფერს კარგავს. მეტიც, ხელისუფლების ლუსტრაციას ახდენს, რომ მერე სათქმელი ჰქონდეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ უმტკიცებს დასავლეთს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, არადა, პოლიტიკა კომპრომისის გარეშე არ არსებობს.
ყოველგვარი იუმორის გარეშე ვამბობ, წულუკიანის მისამართით ოპოზიციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.
– რატომ?
– ძალზე გულახდილია, მეტისმეტად პოლიტიკისთვის. არც ერთი ევროპელი პოლიტიკოსი არ იტყოდა, ჯობია, ოპოზიციამ ახლავე გამოიგლოვოს დამარცხებაო. წულუკიანმა იმ ჯადოსნურ ჯოხზე მიანიშნა, რომელსაც ხელისუფლება აიქნევს და გამარჯვებაც გარანტირებული იქნება. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ზოგჯერ პოლიტიკაში დღევანდელი წაგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება. დღევანდელი წაგება ხშირად ხვალინდელი გარდაუვალი გამარჯვების გარანტიაა, რაზეც უარს ამბობს დღევანდელი ხელისუფლება.
– თუ არჩევნების შედეგებს კითხვის ქვეშ დააყენებს დასავლეთი, რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს?
– ღმერთმა ნუ ქნას! ეს იქნება ხელ-ფეხის გახსნა ხალხისთვის, რომ მათი ნება არ იქნა გამოხატული, მათი ნების წინააღმდეგ წავიდა ხელისუფლება. თუნდაც, ინდოეთში, იაპონიაში ამას ისეთი სახალხო გამოსვლები, პროტესტი მოჰყვებოდა, რომელიც წალეკავდა მთლიანად მმართველ პარტიასაც და არჩევნების შედეგებსაც. ამას არავის ვურჩევდი. ეს კარგს არ მოუტანს არც თავად ხელისუფლებას და არც არავის, რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის.
– ოპოზიცია რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამენ?
– ყველაზე დიდი მტერი ახლა ოპოზიციის არის გაურკვევლობა, რომელიც ხალხშია. მათ არ იციან, რა იქნება ხელისუფლების დამარცხების და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. ხომ იცით, შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველს. ამიტომ, ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ღია საუბარი იმაზე, თუ რა იქნება მისი გამარჯვების შემთხვევაში – როგორი იქნება რიგითი ქართული ოჯახის ხვალინდელი დღე. ასევე, იმის დაბეჯითებით თქმა, რომ შეუძლებელია, ერთპიროვნულად მიშა დაბრუნდეს მმართველობის სათავეში, რადგან ეს ისევ კოზირია “ოცნების” ხელში.
ოპოზიციას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა ამ მუშაობას, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ.
ძალიან სწორი პოზიციაა “გირჩის” პოზიცია, როდესაც ისინი ამბობენ – ახლავე შევთანხმდეთ, როგორი იქნება, მაგალითად, სამომავლოდ ძალოვანი სტრუქტურები ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
ძალიან განათლებული, ნიჭიერი, კრეატიული ხალხი ჩანს “გირჩში”, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება აკლიათ. ეს იდეა როცა გაახმოვანეს, მოქმედებაც მყისიერად უნდა დაეწყოთ.