იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
26 თებერვალს ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ისადილეს და თან მოსაზრებები გაცვალეს შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე. შეხვედრაზე რამდენიმე ვერსია გაჟღერდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ ყველა მხარე მზად არის, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყინულმა ლღობა დაიწყო და ჩნდება თუ არა დიალოგის პერსპექტივა? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
_ გარკვეული კომუნიკაცია შედგა ”ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. თუ ხედავთ დიალოგის რაიმე პერსპექტივას და ეს თუ გამოჩნდა პოლიტიკოსების განცხადებებიდან და როგორ ფიქრობთ, ჩნდება თუ არა დიალოგის რაღაცა შანსი?
_ თუ ასეთი ფორმულა გაჩნდა, მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. იმიტომ, რომ ეს მხოლოდ წაადგება ვითარებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, დიალოგს მაინცდამაინც არ ველოდები. ასეთი დიალოგი და პოლიტიკური ძალების შეთანხმება მოსალოდნელი არ არის მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და მთელი საზოგადოება გადააგდო. ყოველ შემთხვევაში დიალოგს მაინცდამაინც არ ველოდები. ამ საკითხს პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა ხელისუფლებას შეუძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ოდნავ მაინც პირის მობანვა.
_ რომელ გადაგდებას გულისხმობთ, პროპორციულის ჩაგდებას თუ უგულავას დაჭერას?
_ პროპორციულის ჩაგდება მაქვს მხედველობაში.
აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლებაში აქვთ ასეთი სურვილი, რომ თუნდაც დასავლეთის თვალში ოდნავ მაინც რეაბილიტაცია მიიღონ, მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ისე, როგორც ახლა იქცევიან. მათ კი არ უნდა ივაჭრონ და კი არ უნდა ითამაშონ 110/40-ზე და 100/50-ზე და ა. შ. მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რაზე არიან წამსვლელები. მათ ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე უნდა გააფორმონ ეს გადაწყვეტილება.
_ რატომ ვაჭრობს ხელისუფლება? რა მიზანი აქვს?
_ ხელისუფლებას ერთადერთი საკითხი აქვს დღის წესრიგში დაყენებული _ ძალაუფლების შენარჩუნება. ძალაუფლების შენარჩუნების შანსს კი მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მანკიერ პრაქტიკაში ხედავს. შესაბამისად, ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი დატოვონ საარჩევნო სისტემაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაჟორიტარები არჩევნებს კი არ იგებენ, არამედ ყიდულობენ. შესაბამისად, ეს მათთვის ერთადერთი მექანიზმია და ამისთვის იბრძვიან. მაგრამ თან უნდათ, რომ ცოტათი მაინც სახე შეინარჩუნონ. არა იმდენად საქართველოში, რადგანაც აქ თვლიან რომ პრობლემა არ არის. არამედ უნდათ, რომ სახე დასავლეთში შეინარჩუნონ. იმის გამო, რომ დასავლეთისგან შემაშფოთებელი კრიტიკა ისმის. ამის გამო, ვითომ რაღაც მოლაპარაკებებზე მიდიან.
მაგრამ ამ პროცესს აზრი არ აქვს, რადგან ცვლილებებისთვის ფაქტობრივად დრო აღარ არის. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ამისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ცაიტნოტში ვართ, აქედან გამომდინარე საჭიროა ჩამოყალიბდნენ და თქვან, რაზე არიან წამსვლელები, გააფორმონ ეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც აიღონ ამ გადაწყვეტილებაზე.
_ არჩილ თალაკვაძემ გვითხრა, რომ ყველა მხრიდან არის დამთმობი ნაბიჯები. მისი ეს განცხადება როგორ გაიგეთ?
_ ეს არის ლაი-ლაი. მეტი არაფერია. გასაგებია, რომ ის ცდილობს, რომ რაღაც კონსტრუქციულობანა ითამაშოს, მაგრამ მას ვინ რას ეკითხება?! ხომ ვიცით, რომ არჩილ თალაკვაძეს არავინ არაფერს ეკითხება?! ის ცდილობს, რომ სხვებზე დავარცხნილად გამოიყურებოდეს. იმიტომ, რომ ასეთი როლი აქვს.
ეს ყველაფერი არის ფასადი და შეფუთვა, მაგრამ დრო იმისათვის, რომ შეფუთვაზე იმუშაონ და მანევრები აკეთონ, აღარ არის. იმიტომ, რომ რაღაა დარჩენილი არჩევნებამდე და ჯერ ისიც კი არ ვიცით, რა სისტემით ტარდება არჩევნები. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ვაჭრობას თავი გაანებოს და რაზეც არის წამსვლელი, ის გააფორმოს და ამით დავამთავროთ.
_ ხელისუფლებას არჩევნების ლეგიტიმურობის დაკარგვის ხომ არ ეშინია და ამ თამაშით ხომ არ ცდილობს, რომ ეს აირიდოს თავიდან?
_ რა თქმა უნდა, მას ამის ეშინია. ამის რომ არ ეშინოდეს, ამდენსაც არ ილაპარაკებდა. ხელისუფლებას ეშინია დასავლეთისგან ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენის. ამიტომ ახდენს ამის აჟიტირებას. ამ პროცესში ელოდებიან, რომ ოპოზიცია დაუშვებს შეცდომას და მოლაპარაკების პროცესში რაღაც ისეთს ჩაიდენს, რითაც დასავლეთის თვალში მათ დააბრალებს არაკონსტრუქციულობას, ან არადა თავის სასარგებლო რაღაცას გამოსტყუებს.
შესაბამისად, ეს კატა-თაგვობანას თამაშია და მეტი არაფერი. ამიტომ არის, რომ რეალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ვითარებაში დრო აღარ არის, შესაბამისად, ხელისუფლება ჩამოყალიბდეს თავის თავში, რა არის მათი მაქსიმუმი. ეს მაქსიმუმი გააფორმოს და ჩაირთოს პოლიტიკური პროცესი. აი, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. სხვა ყველაფერი არის მაიმუნობა, მამაძაღლობა და ვირეშმაკობა.
_ თავად ოპოზიცია რამდენად თანმიმდევრულია თავის ქმედებებში? ბოლო თემა იყო მაჟორიტარების შერჩევის საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია და მოვისმინეთ ოპოზიციონერების გამოხმაურებებიც, რომელთა ნაწილმა უკმაყოფილებაც ვერ დამალა. რამდენად ლოგიკური გადაწყვეტილებაა ეს?
_ ეს გასაგებია. საქართველოში როდის შეთანხმებულან ყველანი, ახლა რომ შეთანხმდნენ?! საქართველოში დამახასიათებელია წინასწარ ნანადირევის გაყოფა. ასე, რომ ჯერ ნანადირევი მონადირებული არ არის. ამ პროცესში ერთმანეთთან ჩხუბი, რას იყოფენ, გაუგებარია. იმიტომ, რომ პოლიტიკური ტაქტიკითა და ცივი გონებით უნდა ესმოდეთ, რომ მათი ამოცანა ის კი არ არის, რომ თვითონ რაც შეიძლება წაიღონ. მით უმეტეს, ახლა რა მიაქვთ?! ჯერ არაფერი ხელში არ უჭირავთ. მათი ტაქტიკა უნდა იყოს, ხელისუფლება როგორ დაამარცხონ. ამ პრიზმაში უნდა უყურონ და რაც ამისთვის უკეთესია, ის უნდა გააკეთონ. საკუთარ ადგილებზე კი არ უნდა იფიქრონ იქ, სადაც საბოლოო ჯამში შეიძლება საერთოდ ვერ აღმოჩნდნენ, არამედ იმაზე იფიქრონ, თუ რა არის უმჯობესი. იქნება ეს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით თუ პროპორციულთან დაკავშირებით. ეს არის სწორი ფორმულა.
ის, რომ ვიღაცა ჩქარობს, რაღაცას გამოაცხადებს, მერე ვიღაცა გამოვა და იმ მოჩქარეს გააკრიტიკებს, ჩვენ ეს კინო ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ამის სიმპტომები ჩანს ახლაც. მე ჩემი მხრივ შევთავაზე ჩემი ფორმულა, როგორ შეიძლება მოიქცნენ იმისთვის, რომ არ დაჭამონ ერთმანეთი.
შევთავაზე, რომ ყველა პარტიის ლიდერმა პირადად იყაროს კენჭი რომელიმე ოლქში, გარდა თბილისისა. რადგან მათი ცნობადობა შედარებით მაღალია, ეს მათ კონკურენტუნარიანობას მატებს. ყველა პარტიამ მათ დაუჭიროს ამა თუ იმ ოლქში მხარი. სხვა ოლქებში, სადაც ვერ თანხმდებიან, პირველი ტურები ჩაითვალოს პრაიმერიზად და ყველამ კონსოლიდირებულად მხარი დაუჭიროს მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს. რაც შეეხება თბილისს, ის გაზომვადია და აქ შეთანხმება შესაძლებელია.
მე ეს ფორმულა შევთავაზე ოპოზიციას, გამგონი გაიგონებს, არ უნდათ, სულ კარგად იყვნენ.
_ ანუ რეალურად ჯერ არმოგებულ ბრძოლაში გავლენებისთვის იბრძვიან?
_ მოუნადირებელი დათვის ტყავს იყოფენ წინასწარ.