გიორგი ვაშაძე – “100/50-ზე მიუღებელია, “ოცნებას” დათმობა მოუწევს”

გიორგი ვაშაძე - “100/50-ზე მიუღებელია, “ოცნებას” დათმობა მოუწევს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
უკვე ყოველდღიურ რეალობად იქცა უმწვავესი წერილები ამერიკიდან ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ოპოზიციის ლიდერები სიტუაციას საგანგაშოს უწოდებენ, ხელისუფლება კი კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ სენატორები არასწორი ინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან. “ახალი თაობა” აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით “ახალი საქართველოს” ლიდერს გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, უპრეცედენტო შეტევად ფასდება ის, რასაც ამერიკელი სენატორები ახორციელებენ ჩვენი ხელისუფლების მისამართით. ბოლო წერილი განსაკუთრებით საგანგაშოაო. როგორია თქვენი შეფასებები?
– გეთანხმებით, მართლაც უპრეცედენტოა. განსაკუთრებით ბოლო წერილი კიდევ უფრო ყოვლისმომცველი და ძალიან მაღალი რანგის იყო, იმიტომ, რომ სენატორები შაჰინი და რიჩი არიან ძალიან ავტორიტეტული თვითონ სენატში და ზოგადად ძალიან გავლენიანი სენატორები არიან.
– რა აწუხებს ამერიკის შეერთებულ შტატებს?
– ამერიკის შეერთებულ შტატებს აწუხებს საქართველოს პროდასავლური კურსის რყევა და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მათთვის აბსოლუტურად დამტკიცებულია, რომ საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ კურსს! საქართველო აღარ მიდის დასავლეთისკენ და ის უფრო ხდება რუსეთის გავლენის სფერო.
ორი მთავარი პრობლემაა, ეს არის პრორუსულობა და მთავრობის კორუმპირებულობა. ბოლო წერილში ძალიან დეტალურად არის ახსნილი თუ რატომ წერენ ისინი ამ წერილს და განსაკუთრებული შეშფოთება არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის სრული მხარდაჭერაა. სიმართლე რომ ვთქვათ, “ქართული ოცნება” გადახაზულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
“ქართულმა ოცნებამ” ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, როგორც პრორუსულმა ძალამ. “ქართული ოცნება” დამნაშავეა ქართული დემოკრატიის ხელყოფაში და სწორედ ამიტომ არის ასეთი მკაცრი განცხადებები.
– “ოცნება” არ ცდილობს სიტუაციის დალაგებას?
– “ქართული ოცნება” ცდილობს, ძალიან ბევრ ლობისტურ კომპანიას დაუკავშირდეს, თუმცა ყველამ უარი უთხრა მათ დახმარებაში. მე ვაპირებ რომ მარტის თვეში ვიყო ვაშინგტონში და უფრო ბევრ დეტალს გავარკვევ. მათ შორის ვაპირებ, რომ ამ სენატორებს და კონგრესმენებს შევხვდე.
– შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგესო და საკმაოდ შემაშფოთებელია ეს ყველაფერი.
– მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს შეფასებები არის “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით, ეს არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების გზით გავისტუმრებთ “ქართულ ოცნებას” და არანაირი საფრთხე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არ ექნება ამერიკასთან.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება და უკვე ჩანს ეს ყველაფერი, თუმცა ამერიკა ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს.
– რას გულისხმობთ?
– ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, მივიდეთ არჩევნებზე და ეს ხელისუფლება გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე. ეს ხელისუფლება არის პრორუსული ხელისუფლება, ამერიკა სწორედ ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს და არა – ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება, როდესაც “ქართულ ოცნებას” გავისტუმრებთ.
თუმცა ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ არჩევნებს ისინი ჩაატარებენ. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი ბოლომდე. სრული მხარდაჭერა გვაქვს ამერიკისგან, ევროპისგან, მაგრამ ჩვენს ხელშია გასაღები! უნდა მივიდეთ, აქტიურები უნდა ვიყოთ და არჩევნებშიც მივიღოთ მონაწილეობა.
– რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ საკითხის სიმწვავეს? მათი განცხადებებიდან არ ჩანს, რომ ადეკვატური რეაქცია აქვთ ამ ყველაფერზე.
– ვერ ხვდებიან კი არა, პანიკა აქვთ, მე ზუსტად ვიცი. იმიტომ, რომ ხელის ჩამორთმევა აღარავის უნდა “ქართული ოცნებისთვის”, მაგრამ რა ქნან, რაღაც განცხადებებით ხომ უნდა შეინარჩუნონ სიტუაცია?! “ქართული ოცნება” უბრალოდ გადასულია იმაზე, რომ რაც ჰყავს მხარდამჭერი, ის მაინც შეინარჩუნოს, აღარ დაკარგოს, თორემ ახალ მხარდამჭერს რომ ვერ მოიპოვებს, ეს ძალიან კარგად იცის. “ოცნება” უკვე დასრულებულია, ეს არის და ეს!
– რა ხდება ოპოზიციაში? 4 თებერვლიდან აქციები უნდა განახლდეს. ჯერჯერობით დათმობას არ აპირებს “ოცნება”, 100/50-ზეო, ასეთი შეთავაზება იყო ბოლოს. რას აპირებს ოპოზიცია?
– პირდაპირ გეტყვით, რომ 100/50-ზე ჩემთვის მიუღებელია, ასე არის დანარჩენი ოპოზიციურ პარტიებისთვის. “ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა. მე, საერთოდ საკონსტიტუციო ცვლილების რესურსს ნაკლებად ვხედავ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მათ მოუწევთ იმ გერმანულ მოდელზე დაბრუნება, რომელიც გაგზავნილი გვაქვს ოდირში.
– როდის ელოდებით საბოლოო პასუხს?
– სამწუხაროდ, პასუხი გაიწელა, ყველანი ველოდებით პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერი წინ არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ.
აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და “ქართული ოცნება”, რომელიც კორონავირუსად იქცა საქართველოსთვის, უნდა მოვაშოროთ ქვეყნის მართვას. მე მივმართავ “ქართულ ოცნებას”, დროულად გონს მოეგეთ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს იმ პოზიციებს, რაც ოპოზიციას აქვს, რაც საზოგადოებას აქვს და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს უჭერს მხარს.
– ბატონო გიორგი, სალომე ზურაბიშვილმა ღიად მოიწვია რუსეთის დელეგაცია საქართველოში მაისში დაგეგმილ მინისტერიალზე. თქვენ როგორ აფასებთ მის გამოსვლას და განცხადებებს?
– სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი საქართველოში და ეს დადასტურებულია ფაქტებით! მე მრცხვენია, რომ ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია! ჩვენ საგანგაშო ვითარებაში ვართ და, იმედია, ყველა გრძნობს პასუხისმგებლობას, ვინც მას ნებით თუ ძალით, მოსყიდვით თუ დაშინებით მხარი დაუჭირა.
დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, იმ რეალობაში ვართ, სადაც დასავლეთი, ამერიკა, ევროპა გვაკრიტიკებს და ტაშს გვიკრავს რუსეთი, რუსეთის დუმის წევრები. არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულ ოცნებას” რუსეთის ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკებები ჰქონდეს, მათ შორის დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენასთან დაკავშირებით.