მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საზოგადოება მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მინიმუმამდეა დასული. ხელისუფლებას უმწვავესად აკრიტიკებენ დასავლელი პარტნიორები. “ქართული ოცნების” სახეები კი ისევ ირწმუნებიან, რომ არჩევნებზე 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსი აქვთ. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გოგი წულაიას.
– ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი არჩევნებზე განახლებული სახეებით წარდგება. პარტიის პროგრამა-მინიმუმი ყოველი მეორე ხმის მიღებაა.
– ამას კიდევ ამბობს? ადრე ხომ გვითხრეს, 60%-ს ავიღებთო და ისევ დაჟინებით იმეორებენ ამ სისულელეს?! თუ კობახიძე არ ზღაპრებს არ ეშვება, მაგას დიდი შეფასებაც არ სჭირდება. უბრალოდ ვიტყვი, რომ “ქართული ოცნება” თავისი უტიფრობით მოუკრეფავში გადავიდა.
ეგენი ხალხში რომ დადიოდნენ, ასეთი გათავხედებულები არ იქნებოდნენ. ქუთაისის მონაცემებით შემიძლია დავამტკიცო, როგორ ეცემა ხალხის ცხოვრების დონზე. წყლის გადაუხდელობის გამო 2017 წელს 5.000 ოჯახს ჰქონდა ჩაჭრილი წყალი, 2018 წელს – 9.000-ს. 2019-ში – უფრო მეტს.
დენზეც ზრდაა. 2016 წელს 12.000-ს ჩაუჭრეს ელექტროენერგია, 2019-ში – 18.000 აბონენტს. ეს ციფრები შევკრიბე და გავუგზავნე ბიძინა ივანიშვილს.
– ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნეთ?
– დიახ. რამდენიმე კვირის წინ პირადად ბიძინა ივანიშვილს ფოსტით გავუგზავნე. ერთი დაბრკოლება შემხვდა – შუშის სასახლეს ზუსტი მისამართი არა აქვს. ქუჩა ცნობილია, მაგრამ მას ნომერი არა აქვს. ალბათ, მიხვდებოდით, რომ წერილზე პასუხი არ მიმიღია.
ციფრები რომ არ შევაგროვოთ, ისედაც ხელისგულზეა ხალხის გაღატაკება. ბაღდათში ორ უფროს ადამიანთან ერთად 4 ბავშვი რომ ცეცხლში ამოიბუგა, იმათ კარგი ცხოვრება ჰქონდათ? მშიერ-მწყურვალი ხალხი იყო, ბავშვებს კი გაუხარელი ბავშვობა ჰქონდათ.
– პარლამენტშიც შეეხნენ ამ ტრაგედიას. რევაზ არველაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.
– ჭაღარა კაცია. არ მინდა რამე ვაკადრო, მაგრამ ამ პარლამენტიდან ბევრია გამოსაყრელი. როგორ შეიძლება არ იცნობდე შენს ქვეყანას და საკუთარი ხალხი გძულდეს.
– კომუნალური გადასახადების გადახდის შეუძლებლობის გარდა რა პრობლემებს აწყდებით?
– სოციალურ შემწეობებს უხსნიან გაჭირვებულ ოჯახებს. შე ოჯახაშენებულო, ჯერ შეამოწმე და მერე მოუხსენი, თუ მოსახსნელია! ამას ეძახიან შეჩერებას. 3 თუ 4 თვე რომ შეუჩერებ დახმარებას და ხალხი ამას შეეწირება, მშიერი მოკვდება, მერე რაღად უნდა დახმარების აღდგენა!
– უმუშევრობა უდიდეს პრობლემად რჩება. ბევრი დასაქმებულის ხელფასი კი საარსებო მინიმუმზე ბევრად დაბალია. ხელისუფლებამ გერმანიისკენ მიგვითითა.
– ეს საშინელებაა. ყველა ადამიანს საკუთარ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. ვიყავი საბერძნეთში, სადაც შევხვდი ქართველ ემიგრანტებს. ძირითადად, ქალებს. ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან. ვაი, ასეთ მუშაობას! ისინი წლების განმავლობაში ვერ ხედავენ საკუთარ შვილებს.
აქ კიდევ ერთი უბედურებაა – გაუცხოება. შვილი რომ დედას 10 და 20 წელიწადი ვერ ნახავს, ის მისთვის უცხო ხდება. დედაშვილურ სიყვარულს ერთად ცხოვრება, ერთმანეთზე ზრუნვა და სითბო აძლიერებს. შორს მყოფი დედის მიმართ შვილის დამოკიდებულება მომხმარებლური ხდება. მისთვის დედა ფულის წყაროა.
გერმანიაშიც ერეკებიან ხალხს. ესეც ოჯახების ნგრევა და დასუსტებაა. საქართველოში ოჯახებს მიზანმიმართულად ანგრევენ. სახელმწიფოს სიმტკიცე მყარ ოჯახებზე დგას. ჩვენთან ოჯახები იშლება – დედა და ხანდახან მამაც უცხოეთშია, შვილები კი აქ არიან და ნარკოტებს ეჩვევიან, ალკოჰოლს მოიხმარენ. ისინი ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან, ხელისუფლებას ამაზე გული არ უნდა შესტკიოდეს? ისეთი კატასტროფული მდგომარეობაა, არ ვიცი, რა გამოასწორებს ამ სიტუაციას.
– ხელისუფლების შეცვლა ვერ გამოასწორებს?
– ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. ხელისუფლებაც რომ შეიცვლება, ამას ერთი ხელის მოსმით ვერ უშველიან.
– გენპროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე, აღიარებს, რომ ესწრებოდა გახმაურებულ კულუარულ შეხვედრას ივანიშვილთან, ხაზარაძესთან და ჩხარტიშვილთან ერთად. ეს რას ნიშნავს?
– ისევ და ისევ “ქართული ოცნების” უტიფრობას და თავხედობას. გენპროკურორად ისევ აბრუნებენ შოთაძეს. არავის არაფერს ეკითხებიან. ისიც ნორმალური ჰგონიათ, რომ გენპროკურორი საკითხების განსახილველად არაფორმალურ მმართველთან დადის.
2011 წლის 25 მაისს ნაცმოძრაობის რეჟიმმა სიკვდილს ჩამახედა თვალებში. სააკაშვილმა სხვა ბევრიც დააშავა. ახლა რომ ვუყურებ, “ქართულმა ოცნებამ” ისე მიჰქარა, რომ იმ რეჟიმს გაუთანაბრდა. ახლა ასეთი სიტუაციაა – ნაცმოძრაობას არა აქვს მორალური უფლება, აკრიტიკოს “ქართული ოცნება”, ხოლო “ქართულ ოცნებას” არა აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ნაცმოძრაობის დანაშაულებზე. უფლება არა აქვთ, მაგრამ მაინც ამათ კინკლაობას ვუყურებთ. სხვებს პოლიტიკაში არ აჭაჭანებენ.
– ისევ ორპარტიულობაა?
– რა თქმა უნდა! სხვა ძალებს პოლიტიკურ ველს არ აკარებენ. არ უნდათ სხვა ძალების აქტიურობა. ოღონდ სხვა არ წარმოჩნდეს, ეგენი თავიანთ გარეწრობასაც აღიარებენ.
– ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი განაახლეს. ამას ექნება აზრი და შედეგი?
– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. პროპორციული არჩევნების მოთხოვნას ჩვენც ვუერთდებით. თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველებმა სისხლი დავღვარეთ. ამას 9 აპრილის გმირებიც შეეწირნენ.
დემოკრატიისთვის დიდად არ გვიბრძოლია. დემოკრატიის რაღაც ნორმები თავისით შემოვიდა. ალბათ, ამიტომაც არ გვაქვს დემოკრატია. ბრძოლა საჭიროა. სამართლიან არჩევნებსაც გამოსვლები უნდა. მსოფლიოში ყველაფერი ბრძოლით მოიპოვებოდა. მაგალითად, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლაში ბევრმა ამერიკელმა თავი გადადო.
დღევანდელი მიღწევები თავგანწირვის შედეგია.