ინდოელის მკვლელობისთვის გრიგოლ მეჯლუმიანს პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო

ინდოელის მკვლელობისთვის გრიგოლ მეჯლუმიანს პატიმრობა შეეფარდა - ვიდეოვიდეო, რომელშიც 32 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ბოლო წამებია აღბეჭდილი და რომელიც “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს მას მეზობელი ცეცხლსასროლ იარაღს და როგორ ესვრის სამჯერ დამიზნებით, ამის შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც საკუთარ მკვლელობას შემთხვევით იღებს, ტელეფონი უვარდება. ეს ვიდეო დღეს ბრალდებამ პროცესზე მთავარ მტკიცებულებად წარადგინა.

მალიკ მალუდინის მკვლელობისთვის დაკავებულ გრიგოლ მეჯლუმიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 3.000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

“საქმეში მოიპოვება მოწმეთა ჩვენებები, გვაქვს ჩხრეკის ოქმები, დათვალიერების ოქმები. აღნიშნული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც არის განზრახ მკვლელობა, მოწმეთა ჩვენებებით იკვეთება, რომ ეს იყო სამეზობლო დავის შედეგად წარმოშობილი კონფლიქტი,”- განაცხადა პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.

ცნობილი ხდება სხვა დეტალებიც. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა მეჯლუმიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ამ ეტაპზე მე რაიმე შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, მე მას უნდა გავესაუბრო და ჩამოვყალიბდე. მანამდე რაც მოხდა და რაც მიაყენეს ამას, ის რატომ არ გადაიღეს,” – აცხადებს ადვოკატი ლევან ბუაძე.