“ივანიშვილს ამერიკული ინტერესების შელახვისთვის მომავალშიც მკაცრად მოჰკითხავენ”

"ივანიშვილს ამერიკული ინტერესების შელახვისთვის მომავალშიც მკაცრად მოჰკითხავენ"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რას მოასწავებს კრიტიკის ქარიშხალი ვაშინგტონიდან? რა კავშირი აქვს ამერიკული კომპანია “ფრონტერას” შევიწროებას რუსეთის პრეზიდენტის მუქარასთან და შურისძიებასთან? რაში ამხილეს ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილი? როდის დადგება ახალი პოლიტიკური ეპოქა საქართველოში? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების ტონი მიუღებელია. საუბარია ამერიკელი კანონმდებლების მწვავე კრიტიკული წერიალების მთელ სერიალზე.
– ამერიკელი პოლიტელიტის ტონი საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის გასახარი ვერ იქნება. ეს უბრალოდ მკაცრი ტონი კი არა, ლანძღვა-გინებაა. ერთ წერილში პირადად ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ გმირს, ნაგვის ბუნკერში მცხოვრებ ბაყაყსაც კი ადარებენ.ა მერიკის პოლიტიკური კლასის მძაფრი წერილები ესტაფეტის სახეს ატარებს. ამ ყველაფერს თავისი მოტივები აქვს. გახსენდებათ, ვის მიმართ არის მსგავსი დამოკიდებულება ამერიკიდან?!
– თუ აშშ-ის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს არ ჩავთვლით, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოს ზოგიერთი დიქტატორის მიმართ.
– ადრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერისადმიც მსგავსი დამოკიდებულება იყო. ასე მოიხსენიებენ რუსეთისა და ირანის მმართველებს, ასევე – ვენესუელელ ნიკოლას მადუროს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლების რეაქციას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ისინი ბაიბურში არ არიან, რა შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებებს.
– აშშ რომ საქართველოში უნდა გააქტიურებულიყო, ეს ვიცით. ასეთი მძაფრი შეფასებები და მკაცრი ტონი რამ გამოიწვია?
– მოვლენების საბაბი გახდა ტეხასური სანავთობო კომპანია “ფრონტერა”. ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი იყო ჩრდილოეთის ნაკადის აკრძალვის კანონის ინიციატორი. ჩრდილოეთის ნაკადი რუსეთისთვის სასიცოცხლო მილსადენია. კანონის მიღებამდე პუტინის გარემოცვა ტედ კრუზს დაემუქრა. ტეხასელ სენატორს კრემლიდან შეუთვალეს, რომ თუ ამ კანონს გაიტანდა, “ფრონტერას” პოსტსაბჭოთა სივრცეში არ გააჩერებდნენ. კანონი გავიდა და პუტინმა სენატორ კრუზზე შური იძია.
– საქართველოში ამიტომ არ მიეცა გასაქანი “ფრონტერას”?
– რასაკვირველია. ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მკაცრი ტონი და რუსეთის ხსენება ნიშნავს იმის ხაზგასმას, რომ ივანიშვილმა შეასრულა პუტინის დავალება. “ფრონტერას” ისტორია გახდა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის მხილების საშუალება.
ის, რასაც ქართული მხარე ედავება ამერიკულ “ფრონტერას”, სასაცილოა. თურმე კომპანიამ გადაჭარბებით განსაზღვრა საქართველოში არსებული მარაგი. ამას აკეთებს ყველა კომპანია. მარაგების გაზვიადება გავრცელებული პრაქტიკაა. ამით რეკლამა უკეთდება როგორც თვითონ კომპანიას, ისე სახელმწიფოს, სადაც მარაგებია განლაგებული.
ბიძინა ივანიშვილს ამერიკიდან კულუარულად შეუთვალეს, ხელი არ ეხლო “ფრონტერასთვის”. მან გაფრთხილება ყურად არ იღო. ჰოდა, ამერიკიდან მძაფრი კრიტიკაც წამოვიდა. ივანიშვილს ამის გამო უწოდებენ რუსეთის ინტერესების გამტარებელს.
პუტინის მუქარის შესრულებამ საქართველოში სრულად ახადა ფარდა საქართველოში არსებულ რეალობას. ამერიკაში დარწმუნდნენ, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი ასრულებს რუსეთის დაკვეთებს, ის არის რუსეთის ოლიგარქატის განშტოება.
– ეს რისი მომასწავებელია?
– იმისი, რომ აშშ არ დაუშვებს ივანიშვილის სისტემის გაგრძელებას 2020 წლის არჩევნების შემდეგ. ორპოლუსიანობა ჩამოიშლება. პრაქტიკულად, ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული ორპარტიულობა, რომელსაც კოაბიტაციასაც ეძახიან, დაინგრა. ერთი პოლუსი, “ქართული ოცნება”, აღარ არსებობს. ამისი კონსტატაცია მოხდა. მომავალში ეს პოლიტიკურად გაფორმდება. ამიტომ, საზოგადოებამ “ოცნებისა” და ნაცმოძრაობის რეალური ალტერნატივა უნდა მოძებნოს.
– თქვენივე ინფორმაციით, ალტერნატივად ხალხს და დასავლეთს ბოკერიას პარტიასა და “ლელოს” სთავაზობდნენ, დავით უსუფაშვილის კანდიდატურის მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ამერიკელებთან შეთანხმებაც იგეგმებოდა.
– ეგენიც რუსულ ბანაკში შედიან და ივანიშვილთან გარიგებულები არიან. ძველი სისტემა ინგრევა. ბოკერია, უსუფაშვილი, ხაზარაძე – ესეც, ორპარტიულობასთან ერთად, რუსული სისტემაა, რომელიც აღარ არსებობს. რუსული სქემებით, იგეგმებოდა ხელისუფლების გადაბარება. ივანიშვილს “ოცნების” ფრაქციის სახით თავისი საყრდენი ეყოლებოდა, თვითონ კი იმავე როლს შეასრულებდა, რა როლიც ჰქონდა სააკაშვილის დროს.
– ეს ვეღარ განხორციელდება?
– ამერიკულმა დემარშმა ახალი რეალობა დაბადა. ასეთ შემობრუნებას საქართველოს პოლიტიკოსები არ ელოდნენ. რუსეთიდან დირიჟირებულ პოლიტიკურ თეატრს პრობლემები შეექმნა. საზოგადოებაც ნაკლებად მოტყუვდება. რუსეთიდან ნაკარნახევი ნარატივის შესაბამისად მართული პირები ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ამერიკელები მოითხოვენ ივანიშვილის დაბრუნებას პრემიერად. მედია ასეთ “ექსპერტებს” დიდად აპიარებდა.
– ახალი რეალობა კიდევ რას მოიტანს?
– უმწვავესი რეაგირება იქნება ყველაფერზე. პროამერიკული ძალის შევიწროებას საქართველოს ხელისუფლებას აღარ აპატიებენ. ულტიმატუმებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკულ ბიზნესს შეეხებიან.
– ოპოზიციური ერთობის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკელების მწვავე განცხადებები გამოიწვია 4 ოპოზიციონერი ქალის ვიზიტმა აშშ-ში.
– ჩვენი პოლიტიკოსები დრამატული როლების შესრულებას მიჩვეული არიან. ეს განცხადება უფრო საცირკო ნომერია. რა შუაშია 4 ოპოზიციონერის ვიზიტი! ამერიკელები ასე იქცევიან ყველგან, სადაც რეალობის შეცვლა უნდათ.
– მსგავსი მოვლენები მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც?
– ყველგან. აფრიკის, აზიის ყოფილ კოლონიებში მეოცე საუკუნეში ამგვარი ცვლილებები ხდებოდა. ამერიკა მეტ ყურადღებას უთმობს პოსტსაბჭოთა სივრცეს. განსაკუთრებით, საქართველოს. საქართველო ამერიკისთვის პრიორიტეტულია.
– რუსული პოლიტტექნოლოგიური სქემებიც ვეღარ იმოქმედებს?
– აქ მთავარია რეჟისორებისა და დირიჟორების გაჩერება. ქართველი პოლიტიკოსები მსახიობები არიან, ისინი ქვედა რგოლს წარმოადგენენ. პოლიტიკურ თეატრს დარტყმას ზევიდან მიაყენებენ.
– საქართველოში არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური ეპოქა დგება?
– ახალი პოლიტიკური ეპოქა არჩევნებამდე დადგება. არჩევნების შემდეგ ის გაფორმდება. “ფრონტერას” ამბავი საბაბი იყო მოვლენების დასაქოქად. ის დროსა და სივრცეში სინქრონიზირებული აღმოჩნდა სხვა უმნიშვნელოვანეს პროცესებთან.
სიმპტომატურია, რომ აშშ-ის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩამოსვლა საქართველოში ამ მოვლენების დასაწყისს დაემთხვა.