ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმებაში “ლელოს” მონაწილეობაზე საუბრობს.
– ბატონო კახა, ოპოზიციის მაჟორიტარული კანდიდატების შეთანხმებაში “ლელო” თუ მიიღებს მონაწილეობას?
– “ქართული ოცნება” დამარცხებისთვის არის განწირული, თუმცა ოპოზიციის კონცენტრაცია ჯერ საარჩევნო სისტემაზე, პროპორციულთან მიახლოებულ ვარიანტზე უნდა უნდა იყოს. ქვეყანაში არავინ იცის, რა სისტემით ჩატარდება არჩევნები. შეთანხმება, კონკრეტული გეგმები საარჩევნო სისტემას უნდა დაეფუძნოს. ვიდრე არ ვიცით, როგორი იქნება არჩევნები, მაჟორიტარებზე საუბარს აზრი არ აქვს. კონტრპროდუქტიულიც კი შეიძლება იყოს დროის დაკარგვის თვალსაზრისით.
თუ, ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, მორიგი გადაგდებაც არ გამიკვირდება, მაგრამ ამის მერე უფრო უპრიანი მგონია სხვა საკითხებზე მსჯელობა და უკვე ოპოზიციის შიგნით შეთანხმების მიღწევა.
– ოპოზიციასთან კოორდინაციაში თუ ხართ?
– დიახ, ლეიბორისტების ოფისში გამართულ შეხვედრებს ვესწრებით.
– თითქოს ოპოზიცია ბადრი ჯაფარიძეს ვაკეში სთავაზობს კენჭისყრას, მამუკა ხაზარაძეს – ჩუღურეთის ოლქში. შეგიძლიათ დამიდასტუროთ ეს ინფორმაცია?
– ასეთი კონკრეტული შეთანხმება ნამდვილად არ ყოფილა. არ მგონია, სხვისი გადასაწყვეტი იყოს, “ლელო” თავის კანდიდატს სად დააყენებს და სად არა. ასე არ შეიძლება. ღიმილის მომგვრელია, საბავშვო ბაღს ჰგავს ასეთი მიდგომა. ასეთი სულსწრაფობა და მოუმზადებლობა არ ვარგა საერთოდ.
– ისე, აპირებთ საერთო მოქმედებას ოპოზიციასთან? მაჟორიტარებზე შეთანხმებას გამორიცხავთ?
– პირველ რიგში, შეთანხმება პრინციპებზე უნდა მოხდეს. მაგალითად, რის მიხედვით უნდა გადაწყდეს, რომელმა პარტიამ რამდენი კანდიდატი და სად უნდა დააყენოს. ეს საკითხი პარტიის რეიტინგის მიხედვით წყდება თუ თავად კანდიდატის რეიტინგის მიხედვით?! ეს მნიშვნელოვანი საკითხებია. სანამ ასეთ დეტალებზე შეთანხმება არ მოხდება, მანამდე კონკრეტული გვარების გახმოვანება სწორი არ არის.
თუმცა, არ გამოვრიცხავთ, განსაკუთრებით, არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში, ოპოზიციასთან გარკვეულ შეთანხმებას, რადგან “ლელოს” მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანა ახალ ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს გამოაცხადებს, რომელიც უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამ საკითხზე “ლელოს” პოზიცია როგორია?
– თუ ეს არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემა დარჩება, ასეთი შეთანხმების მიღწევა და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ლეგიტიმური იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, რადგან ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ბევრი დეტალია გასააზრებელი, მარტივი საკითხი არ არის.
– ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს მხარს დაუჭერთ თუ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმება იქნება?
– არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ კანდიდატს, მაგალითად, ბატონ რომან გოცირიძეს დავუჭიროთ, თუ ის იქნება კანდიდატი, მაგრამ ვანო მერაბიშვილს ვერ დავუჭერთ, რადგან პრინციპულად მიუღებელია. მე, მაგალითად, ვერ წარმომიდგენია ვანო მერაბიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია. თუ ნაციონალური მოძრაობა საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დააყენებს ოდიოზურ კანდიდატებს, მაშინ შეთანხმება ვერ მოხდება.
ნაციონალების ასეთი მიდგომა “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს. “ოცნება” კვლავ იტყვის: ჩემი საპირწონე ვანო მერაბიშვილია, ოპოზიციას ვანო მერაბიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ამოცანა იქნება, ერთ გემზე აიყვანოს ყველა ოპოზიცია, ყველას ნაცი დაარქვას და ყველას ერთად ცეცხლი გაუხსნას.
ეს ისევ ნაც-ქოცური დაპირისპირება იქნება და ჩვენ ამ თამაშში ვერავის ვერ ავყვებით. ეს ქვეყანას ალტერნატივის შანსს უკარგავს.
– კოალიციური მთავრობის შემთხვევაში?
– ქვეყანაში არსებობს ამოცანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად არის გადასაწყვეტი. მაგალითად, სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად ნებისმიერ პარტიას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, “ქართულ ოცნებას”, ინაშვილს, ბურჯანაძეს, ნებისმიერს მზად ვარ, ამ საკითხზე დაველაპარაკო.
ბევრს აწუხებს კომპლექსები – იმასთან ვერ ვითანამშრომლებ, ამასთან ვერ ვითანამშრომლებ, პირადად მე ასეთი კომპლექსები არ მაწუხებს, თუ საქმეს სჭირდება. თუმცა, იმასაც ვიაზრებ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ეს მახინჯი სასამართლო სისტემა და “ქართულმა ოცნებამ” გააძლიერა, თავზე ხელი გადაუსვა იმ მოსამართლეებს, რომლებიც სამართალს კი არა, უსამართლობას ემსახურებოდნენ.
ამ ყველაფერს ვიაზრებთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანის გადასაჭრელად შეიძლება ასეთ ოპონენტთანაც მოგიწიოს საუბარი.