ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილმა დაჭერებით ალუჩა და ჩიჩილაკა შეაშინოს”

ლაშა ჩხარტიშვილი - “ივანიშვილმა დაჭერებით ალუჩა და ჩიჩილაკა შეაშინოს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების განახლებაზე საუბრობს.
– ოპოზიციის პროტესტის განახლებაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვოლსკი აცხადებს, რომ პიკეტირებას კავშირი არ აქვს საარჩევნო კოდექსთან და ის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. ქვეყნის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მართლმსაჯულების და ა.შ. შეფერხებისკენ არის მიმართული. რას უპასუხებთ?
– ქვეყანას აფერხებს ივანიშვილი და მისი ხელისუფლების, აღვირახსნილი მარიონეტების აღვირახსნილი კორუფცია, რომელიც იქამდე მივიდა, რომ მაგალითად, კალაძე 12 ათას ლარად აპირებდა სკამის ყიდვას და 31 ათას ლარად ნაგვის ურნის შეძენას. დარწმუნებული ვარ, ამ ხელისუფლებას ამომრჩეველი სწორედ ამ პოლიტიკურ სანაგვეზე გაიტანს.
ქვეყანაში ყველაფერი მონოპოლიზებულია, პოლიტიკიდან დაწყებული ბიზნესით დასრულებული. ახალი არც ერთი სამუშაო ადგილი არ იქმნება. ამ ქვეყნის მოქალაქეები ამ ხელისუფლებას ხელს ვუშლით. ამიტომ, ჩვენს გადასახლებას აპირებენ უცხოეთში, სადაც თითქოს სამუშაო ადგილებს გვპირდებიან. აქ რატომ ვერ ქმნიან სამუშაო ადგილებს, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახლ-კარს არ მოწყდეს?! ამაზე რა პასუხი აქვს ხელისუფლებას – არავითარი! ამიტომ ამ ხელისუფლებას ჩვენ გადავასახლებთ მატროსოვზე!
– აქციების თემას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად ხალხმრავალი იქნება?
– ზამთარია და შეიძლება აქციები არ იყოს ხალხმრავალი, მაგრამ გაზაფხულისთვის ჩვენ დიდი გამოსვლებისთვის უნდა მოვემზადოთ. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი – ამ ქვეყნის განვითარება, წინსვლა, მისი და მისი შვილებისთვის უკეთესი მომავალი თუ ეს გაურკვევლობა, არსებული რეალობა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების კორუფციაზეა დამყარებული. მეტი შემოსათავზებელი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას საქართველოსთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ აქვს. ერთადერთი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის ივანიშვილის და მისი მარიონეტების გამდიდრება, უკიდეგანო კორუფცია.
ამ არსებული რეალობიდან გამოსავალი ერთადერთია – სამართლიანი არჩევნები! ეს საპროტესტო აქციები უკავშირდება ეკონომიკას, სიღატაკეს, კორუფციას, უკანონონობას, მურუსიძე-ივანიშვილის სასამართლოს, მაგრამ, ცხადია, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის კონტექსტში. უკან წაღებული პროპორციული არჩევნები უნდა დააბრუნოს ივანიშვილმა, ეს არის მთავარი მოთხოვნა ჩვენი აქციების.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ საკანონმდებლო შესაძლებლობები მათ ხელში ამოწურულია. რომ მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავთ, რომ მათ ხმების მობილიზება გაუჭირდებათ და ა.შ.
– ივანიშვილმა ეს საკენკი საკუთარ მონებს დაუყაროს. ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს. ასე ნამდვილად არ ბნელა! პროპორციული არჩევნების ჩატარებაც სავსებით რეალურია და, რაც მთავარია, ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” გამოსავალს ვთავაზობთ – ეს არის ე.წ. გერმანული მოდელის ქართული ვერსია, რომლის კანონად ქცევას არც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და არც დეპუტატების დიდი მობილიზება.
საპარლამენტო უმრავლესობის ნახევარიც კი საკმარისია, რადგან ამ ხმებს ოპოზიცია შევსებს, რომ ეს ცვლილებები გავიდეს პარლამენტში. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რაც პირადად ივანიშვილს არ აქვს. ეს პირადად მას არ უნდა. არადა ნორმალური სამართლიანი საარჩევნო კოდექსი უზრუნველყოფდა იმას, რომ არასდროს არ ჩავარდეს ერთი კაცის ხელში ქვეყანა სამართავად.
– რეგიონებში რამდენად გადაინაცვლებს აქციები? რამდენადაც მე ვიცი, ლეიბორისტების ოფისში ოპოზიცია ამაზე მსჯელობდა.
– დიახ, იყო ამაზე მსჯელობა და აქციები ნამდვილად გადაინაცვლებს რეგიონებში. უფრო ზუსტად კი საპროტესტო აქციები იქნება თბილისში და იქნება რეგიონებშიც. ყველა კანონიერ ფორმას გამოვიყენებთ, რათა სამართლიანი არჩევნების დანიშვნას მივაღწიოთ.
ყველაფერთან ერთად, ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა! დიახ, სამართლიანი, პროპორციული არჩევნები არის ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ჩვენ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში უნდა გავისტუმროთ და არასდროს არ უნდა იყოს ერთპარტიული მონოპოლიური მმართველობა.
უკვე საკმარისი გამოცდილება დავაგროვეთ, რომ გვენახა, რა მოგვიტანა ამან შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და ახლა ივანიშვილის მმართველობის დროს.
– პარლამენტთან “სირცხვილის კორიდორები” იქნება?
– დიახ, “სირცხვილის კორიდორების” აქცია გაიმართება. ამ უსირცხვილო დეპუტატების შერცხვენა ცოტა რთული საქმეა, მაგრამ ჩვენ მათ ნიღაბს კიდევ ერთხელ ჩამოვხსნით და ხალხს ვაჩვენებთ, რა დღეშია რეალურად ხელისუფლება, რომელიც პარლამენტში უკანა ხვრელებიდან შეიპარება. ივანიშვილმა პარლამენტი შემოღობილ ბუნკერად აქცია.
ოპოზიციას უკანდასახევს არ უტოვებს ხელისუფლება. უკვე პირადად მე ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან იმხელა პროგრესი განვიცადე, რომ ამ ხელისუფლებამ ჩემზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრა, მაგრამ დაჭერებით ვერ შეგვაშინებენ.
ივანიშვილმა დაჭერებით ალუჩა და ჩიჩილაკა შეაშინოს.