ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ოპოზიციის აქციები, პარლამენტის პიკეტირება განახლდა. რა მოლოდინები გაქვთ, არის ხელისუფლება დათმობაზე წამსვლელი?
– ძალიან ძნელი გასაკეთებელია პროგნოზი. შიგნით სიტუაცია რეალურად ხელში უჭირავს ხელისუფლებას. ვერ ვიტყვით იმას, რომ ძალიან შერყეული აქვს მას მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს. რაც შეეხება გარედან ზეწოლას, ძალიან სერიოზული ზეწოლაა და მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება შეუქმნან პრობლემები ფინანსური კუთხით.
– ზალკანიანმა სენატორებთან შეხვედრისას პირობა დადო, შეიცვლება არსებული სიტუაციაო, რამდენად ელოდებით, რომ რაიმეს შეცვლიან?
– ზალკანიანი რას დაპირდება, ეს არავის უნდა აინტერესებდეს. გინდ უთქვამს და გინდ არ უთქვამს. ზალკანიანს საერთოდ ვინ ეკითხება რამეს. აიღეს და დადეს სავარძელში.
აქ მეორე საკითხია და ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რას ნიშნავს ხელისუფლების შეცვლა. “ოცნება” თუ გადაანაწილებს თავის ძალაუფლებას, ანუ შექმნის ისეთ სიტუაციას, რომ ვერ აიღებს უმრავლესობას პარლამენტში, მაგრამ ვიღაცასთან ერთად მოახერხებს მთავრობის დაკომპლექტებას, დასავლეთში ამას ჩათვლიან ცვლილებად.
– ფიქრობთ, რომ “ოცნებაში” ამაზე მუშაობენ?
– სწორედ აქ არის ყველაზე დიდი კითხვა. ბიძინა ივანიშვილი არ არის კომბინაციური მოთამაშე. ის ნელ-ნელა თავისას აღწევს. მოხრჩობით და მოგუდვით, მაგრამ მისგან კომბინაციები მე არ მინახავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გაუჭირდება. შეეცდება, რომ მაინც ბოლომდე აიღოს ყველაფერი. თუ ამის მცდელობა ექნა, მერე მართლა ძალიან ცუდი პროცესი დაიწყება.
– კობახიძე აცხადებს, რომ 60%-ის აღების რესურსი აქვთ. რას ემსახურება მსგავსი განცხადებები?
– გავიხსენოთ 2012 წელი, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გვაიმედებდა მაშინდელი ხელისუფლება. მაშინ ამბასადორიალზე ვიყავით შეკრებილები და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ამბობდა, იმხელა რაოდენობის ხმებს ავიღებთ, რომ ეს ცოტა უხერხულიცააო. აი, ასე იყვნენ დარწმუნებულები, თუმცა რაც მოხდა და რაც აიღეს, კი ვნახეთ.
ჩემი აზრით, ასეთივე განწყობა აქვთ ამათ და ჰგონიათ, რომ ყველაფერს გააკეთებენ. მითუმეტეს, რომ მაშინ დასავლეთიდან არ იყო ასეთი მძაფრი რეაქციები. ეხლა უფრო მძაფრია. მაშინ არც ასეთი სოციალური პრობლემები იყო.
ჩვენს ხალხს ძალიან მძიმედ გადააქვს სოციალური პრობლემები. მაშინ გაღიზიანება იყო თავად სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ. დღეს სულ სხვა ვითარებაა. უკიდურესად მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში.
– ხალხი რომ არ გამოდის, ამას რით ხსნით?
– არ ვიცი, მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. საზოგადოება არის ორად გაყოფილი. ერთგვარი აპათიაა და ერთგვარი უნდობლობაა თავად ოპოზიციის მიმართაც. ორად არის ჩვენი მოსახლეობა გაყოფილი. ერთი ნაწილი არის ის, რომელსაც უნდა ცვლილებები, მეორე ნაწილი არის, რომელსაც შენარჩუნება უნდა ამ ხელისუფლების. არის კიდევ მესამე ნაწილი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რა უნდა! არ მოსწონს არც წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ტკივილები განცდილი აქვს მისგან, ამათი ატანის თავიც აღარ აქვს.
ეს მესამე ნაწილი ყველაზე დიდია და ჯერ გაურკვეველია, საით გადაიხრება. სწორედ ეს გაურკვევლები ითამაშებენ ძალიან დიდ როლს ამ არჩევნებში.
– ვისკენ გადავა ეს ხმები?
– არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ ამ ორ აქტიურ ნაწილს შორის, ვისაც ცვლილება უნდა და ვისაც არ უნდა ცვლილება, მოხდება ერთგვარი შერკინება.
არ მგონია, რომ დათმოს ბიძინამ, რადგან დიდი საშიშროება აქვთ. იმდენად შორს შეტოპეს, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება ყველაფერი. იციან, რომ ციხე არ აცდებათ, სწორედ ამიტომ გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ დაკარგონ ხელისუფლება. ძალიან ზედმეტი მოსდის ამ ხელისუფლებას, ძალიან. მოსახლეობის ეს ორი აქტიური ნაწილი ძალიან მძიმედ დაეჯახება ერთმანეთს და ეს იქნება ყველაზე ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის. მეც ამის მეშინია ყველაზე უფრო.
– ოპოზიციაც ხომ არ შეუწყობს ხელს ამ დაძაბულობას და დაპირისპირებას საზოგადოების ორ მხარეს შორის?
– დღეს ოპოზიცია ძალიან სწორად მოქმედებს. მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ეს დასავლეთის თვალში გამოაჩენს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალად. ყველაფერი არჩევნებით უნდა გადაწყდეს. თუ არჩევნებზე მოხდება გაყალბება, თუ მაშინ იქნება ზედმეტი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, აი, მაშინ უნდა თქვას ხალხმა თავისი სიტყვა. მარტო ოპოზიცია ხომ ვერ შეცვლის ყველაფერს?! ხალხმა უნდა გვაჩვენოს თავის ძალა.
– კობახიძე აცხადებს, დარჩა ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურსიო. დათმობაზე წასვლას აპირებენ?
– მე არ მგონია, რომ სრულ დათმობაზე წავლენ და სრულად პროპორციულს დათანხმდებიან. შესაძლებელია, რომ რაღაცა კომპრომისული ვარიანტი შემოგვთავაზონ და ეს იქნება 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული.
– არიან ამაზე წამსვლელი?
– ასეთი ხმები მოდის ჩვენამდე, რომ ამას აპირებენ. აქ უკვე გადასაწყვეტი იქნება ოპოზიციის მხრიდან, რა პოზიცია უნდა დაიჭირონ, კონსტრუქციული პოზიცია და შეთანხმდნენ რაღაცაზე, იმიტომ რომ 75 მაჟორიტარს 30 მაჟორიტარი ნამდვილად ჯობია, თუ თქვან, რომ არა, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ.
ეს, ჩემი აზრით, არაკონსტრუქციული ქმედება იქნება და დასავლეთის თვალშიც ცუდად გამოჩნდება.
ის შეთანხმება, რაც ახლა იქნება მიღებული, არ უნდა აისახოს 2024 წელზე. 2024 წელს უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, როგორც ეს კონსტიტუციაში ჩაიწერა. ხელისუფლებას კი უნდა, რომ 2024 წელიც შერეული იყოს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.
– დარჩა ცვლილების რესურსი ივანიშვილს? სრულიად განახლებულ გუნდს შემოგთავაზებთო.
– რა ცვლილებეზეა ლაპარაკი, ხომ გვაჩვენა უკვე, რომ ახალი ვერ მოჰყავს ვერავინ, მოიყვანა ისევ ღარიბაშვილი, მოჰყავს ისევ შოთაძე. იგივე ხალხის დაბრუნება ხდება, მხოლოდ მათი, ვისაც 100%-ით ენდობა. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი რესურსი კადრების სახით არ გააჩნია. მეტიც, ის კარგავს კადრებს. ერთადერთი რესურსი, რომელიც მას აქვს და რომელიც კიდევ დიდხანს ექნება, ეს არის ფული. ჩვენდა სამწუხაროდ, ფული ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ნიშნავს.
– იმდენად მძიმეა სოციალური ფონი, ისე უჭირს მოსახლეობას, რომ დიდ როლს ითამაშებს მისი ფული? ამის თქმა გინდათ?
– დიახ, სამწუხაროდ, ასეა. მისი მიზანიც ეს იყო მოსვლის დღიდან. ადამიანებს აღარ უნდა ჰქონოდათ აღარანაირი საზრუნავი, გარდა საკვებისა. ის, რაც მე გუშინ და გუშინწინ ვნახე, მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ხალხო, ეს ჩვენი გენოფონდია!
– არ შიმშილობენ ბავშვები, არავის უჭირს ამ ქვეყანაშიო.
– უსაზიზღრესი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა. ამის ლაპარაკი როგორ შეიძლება. ან იმის ლაპარაკი როგორ შეიძლება, რაც იმ ორმა ქალბატონმა იკადრა. ყვავილის სახელი რომ ჰქვია…
– ენძელამ?
– დიახ, ენძელამ და გუგულიმ. ასე როგორ უნდა დაეცე. სულ გაჩუმდე, ხომ ჯობია. თქვი, ვწუხვარ და მორჩა. ასე როგორ შეიძლება?! ამ ხალხს რომ ვუყურებ, გაოგნებული ვარ. სრულიად დაკარგული აქვთ ნამუსი, სინდისი, ადამიანობა. აღარ შერჩათ ადამიანის სახე!
– ასე თუ გაგრძელდა, სოციალურ აფეთქებას მივიღებთ?
– აბა მე რას ვამბობ. აქ ხალხმა უნდა გამოაჩინოს თავისი ძალა და თავისი ნება. მარტო პოლიტიკოსების იმედად ნუ არიან. ვიღაცა პოლიტიკოსი რატომ უნდა გჭირდებოდეს იმისთვის, რომ შენი საკუთარი უფლებები დაიცვა?! თუ გაბრაზებული ვარ, თუ მინდა, რომ დავიცვა ჩემი უფლებები, ავდგები და გამოვალ! ამიტომ გადაბრალება მხოლოდ ოპოზიციაზე მიმაჩნია ამ ხალხის პოლიტიკურ უმწიფრობად.
ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა – კონკრეტულ სახელებს და გვარებს!
– საკუთარი როლი ვერ გაითავისეს ქვეყანაში?
– დიახ, ვერც გაითავისეს და ზოგი ამას იყენებს იმისთვის, რომ მერე ადგეს, ფული აიღოს და ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციას. შენი წილი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო!
– რა იქნება უახლოეს მომავალში?
– სიმართლე გითხრათ, არ მინდა იმის თქმა, რასაც ველოდები. კარგს არაფერს ველოდები. ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს და სერიოზული დაპირისპირება.