ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ვანო მერაბიშვილმა დატოვა საპყრობილე და ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიცია, მისი მეგობრები, გახარებულები არიან, ხელისუფლება კი საკმაოდ შეშფოთდა მისი განცხადებებით. დავამხობ ხელისუფლებასო, ეს ძალიან ბევრს ცუდად მოხვდა ყურში. რას იტყვით თქვენ?
– ვანო არასდროს ყოფილა მძაფრი მოქმედებების მომხრე. მოდი 6,6 წელი ჩასხდნენ ციხეებში და მერე ჰაერზე რომ გამოვლენ, მერე ვილაპარაკოთ!
– რისი თქმა გსურთ, ცხელ გულზე ნათქვამი განცხადებაა?
– რა თქმა უნდა, ცხელ გულზე ნათქვამი განცხადებაა. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, უჰაერობიდან რომ ჰაერზე გამოხვალ, ჟანგბადმა იცის ხოლმე სხვაგვარად მოქმედება. აქ ეიფორიასაც ჰქონდა ადგილი, ამდენი ხალხი დაინახა ამ ადამიანმა, ტაშით შეეეგებნენ, ამ დროს სისხლი აგიდუღდება კაცს. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ასეთ პირობებში და ასეთ ეიფორიაში გაკეთებულ განცხადებას ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ყურადღება მივაქციოთ სხვა რამეს.
– რას უნდა მივაქციოთ?
– აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა უნდა შევაფასოთ ობიექტურად და ვთქვათ, რომ მან მოიხადა სრულად ის დრო, რაც მას შეუფარდეს და შემდეგ დაუმატეს, ამიტომ მისი ხელახლა ციხეში ჩასმა, ისე, როგორც გიგისი, შეუძლებელია.
ციხეში ჯდომის პერიოდში მას არ ჰქონია არანაირი გარიგება არავისთან და ამას ვერავინ დააბრალებს. ყველამ ვიცით, რომ მასზე იყო ზეწოლა და არასამართლებრივი ქმედებები ჩატარებული, რაც დაფიქსირდა კიდეც საერთაშორისო სასამართლოში და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებში.
– ეს ყველაფერი რას ამბობს მასზე?
– სწორედ ეს ყველაფერი მისგან ქმნის პოლიტპატიმარს. ისეთი დასკვნა გამოიტანა საერთაშორისო სასამართლომ, რომ ასეთი დასკვნის შემდეგ, მთელს მსოფლიოში ათავისუფლებენ ხოლმე პატიმრებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამაზე არ წავიდა. მას არამარტო საქართველოში აქვს პოლიტპატიმრის სახელი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, რაც მას კიდევ უფრო დიდ ძალას მატებს.
მეორეც, ის არსად წასულა, არ გაქცეულა, არ დაუტოვებია საქართველო, შესაბამისად, ის საქართველოში დარჩა და ახლა თავისუფლად შეუძლია მოძრაობა ქვეყნის ფარგლებში. ეს მას ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევს მოქმედების არეალის, რაც კიდევ უფრო საშიშია ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან მივიდეს, ელაპარაკოს და თავისი ხედვები გააცნოს.
– ამბობთ, რომ საშიშია ხელისუფლებისთვის, რატომ არის საშიში? რა ძალა აქვს მერაბიშვილს?
– მას აქვს უზარმაზარი მხარდაჭერა! არც ის არის საიდუმლო, რომ ხალხს ის ძალიან უყვარს. მისი მუშაობის პერიოდში ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ იყო ძალიან თბილი. იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან თბილი ადამიანია. პიროვნულად უნდა იცნობდეთ მას. ასევე ძალიან ყურადღებიანი ადამიანია ყველას მიმართ. შესაბამისად, ეს მას უბრუნდება.
როდესაც ასეთი ადამიანი მიდის ოპოზიციაში, ის აუცილებლად იქნება საფრთხე ხელისუფლებისათვის. ამიტომ ქალბატონი წულუკიანი ძალიან აღელვებული იყო ამის გამო.
– შეატყვეთ მას აღელვება?
– დიახ. სამწუხარო იყო, როდესაც მას კითხვა დაუსვეს, რომ გამოიძიეთ თუ არა ის სიტუაცია, როდესაც ვანო ძალით გაიყვანეს კამერიდან და შემდეგ ჩანაწერები გააქრესო, ამაზე წულუკიანმა პასუხი გასცა, რომ ტყუილია, რომ ვანო პოლიტიკური პატიმარიაო. დაახლოებით იცით, როგორი პასუხი გასცა? რომ გკითხონ, დღეს როგორი ამინდიაო და რომ უპასუხოთ, პარასკევიაო.
ასეთ აცდენაზე რომ მიდის მინისტრი, ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიად გამარჯვებულად გამოდის, მერაბიშვილი, რომელსაც ახლა აბსოლუტურად ყველაფერი ჩამორეცხილი აქვს. მათ შორის კანონმდებლობით. თუ რამე აქვს დაშავებული, მან უკვე მოიხადა ეს სასჯელი და დღეს ის არის სრულიად უდანაშაულო!
– ბატონო მამუკა, რას ფიქრობთ, სად წავა ვანო?
– ნამდვილად არ ვიცი. ამ შემთხვევაში პროგნოზს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ვის მხარეს გადაიხრება, სააკაშვილის მხარეს იქნება, ბოკერია-უგულავას თუ სიტყვაზე, გირჩში წავა. ის ოპოზიციაშია.
მამუკა ხაზარაძის ნათქვამი ძალიან გულზე მომხვდა. ზუსტად იმ რიტორიკით ისაუბრა, რითაც ხელისუფლება საუბრობს! კაცი პოლიტიკაში ხარ, იძახი, ოპოზიციაში ვარო და იმავე რიტორიკით საუბრობ, რითაც საუბრობს ხელისუფლება. ხომ არსებობს რაღაცა ადამიანობა! აცადე ამ ადამიანს გამოსვლა და ერთი დღე იქნებ მიულოცო, რომ ციხიდან გამოვიდა და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, თუ სად არის, როგორ არის და ვისთან იქნება! მე ასე ვიტყოდი თქვენს შეკითხვაზე: დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ვანო მერაბიშვილი არ წავა სამოგზაუროდ!
– პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით? თუნდაც იმ ფონზე, როდესაც გაერთიანებულ ოპოზიციაში საკმაოდ დაძაბულია სიტუაცია. გასულ კვირას თქვენც გარკვეული უთანხმოებები გქონდათ გუნდში. რამდენად შეძლებს მერაბიშვილი სიტუაციის დალაგებას?
– თქვენ სწორად ბრძანეთ, მერაბიშვილმა ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს, ვანო, ძალიან სერიოზული ავტორიტეტით გამოვიდა ციხიდან. როგორც შეუდრეკელი, გაუტეხავი ადამიანი, რომელიც არ წავიდა გარიგებაზე და კაცურად დადგა. ეს კი ფასდება საქართველოში!
ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, პატიმრობაში ყოფნა და იქ გაუტეხელობა ძალიან ფასდება. დანარჩენი პოლიტპატიმრები, ვინც არ გატყდა და ვინც გამოვა ვანოს მერე, ისინიც ასეთივე ავტორიტეტით ისარგებლებენ. წინასარჩევნოდ ის სხვები არ ვიცი, შეძლებენ თუ არა გამოსვლას, რადგან ყველანაირად შეეცდება ხელისუფლება, ეს ხალხი, ვისაც ასეთი ავტორიტეტი ექნება მოსახლეობაში, არ გამოუშვას არჩევნებამდე.
– ვანო რომ გამოუშვეს?
– ვანოზე მოუწიათ უბრალოდ, ვეღარაფერი დაუმატეს. ვეღარ მოიფიქრეს ვერაფერი. გიგი ხომ ვნახეთ, მეორეჯერ შეაგდეს იგივე დანაშაულზე. ეს კაცი რომ გამოდის ახლა, წარმოიდგინეთ, როგორი ფაქტორია, შემკვრელი ფაქტორია ოპოზიციისათვის.
– ისევ რომ შეაბრუნონ?
– ნაყინის მოპარვას თუ დააბრალებენ, არ ვიცი და ისე რანაირად უნდა შეაბრუნონ?!
– ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, ნაწილმა გააკრიტიკა კიდეც ვანო მერაბიშვილი მის განცხადებების გამო. ჩვენთვის დამხობა ცუდ რაღაცეებთან ასოცირდებაო.
– მე პირდაპირ ვამბობ, ლელომ გააკრიტიკა…
– ლელო არის ოპოზიცია?
– ჩემთვის გაუგებარია, რა პოზიცია უჭირავთ. გარდა იმისა, რომ ეს განცხადებები მოვისმინე, რაღაც სიმპათიის გრძნობა ხომ უნდა გქონდეს კაცის მიმართ, რომელიც 6 წელნახევარი ციხეში იჯდა, სამარტოო საკანში, მარტო, უჰაეროდ, კაცს რუხი ფერი ადევს სახეზე. ჯერ ერთი, ჟანგბადი მოქმედებს ადამიანზე, ეს ყველამ იცის. შემდეგ ამდენი ხალხი დაინახა, ამხელა სიყვარული დაინახა, ცხადია, მას რაღაც ეიფორია ექნებოდა.
არავის არ ვუსურვებ, მაგრამ ერთი შევიდნენ ზოგიერთები, ერთი თვე დასხდნენ უჰაეროდ და მერე ვნახოთ, ექნებათ თუ არა ჰაერზე ეიფორია. პირადად მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რევოლუციური სცენარებისა, გინდ მერაბიშვილი იყოს და გინდ კარლ მაქსი, ვინც აქ რევოლუციას მომინდომებს, მე ვიქნები ამის პირველი წინააღმდეგი!
– თქვენ ბრძანეთ, ვანოს ნაცრისფერი ფერი ადევსო. თუმცა ჩვენ სულ სხვაგვარი შედარებებიც ვნახეთ სოციალურ ქსელში. ვანო მერაბიშვილი და სულხან მოლაშვილი – ყველამ ნახა, ვინ როგორი გამოვიდა ციხიდანო. თქვენ ვერ დაინახეთ ეს განსხვავება?
– მოდით, ასე ვთქვათ, ასეთი შედარებები აბსოლუტურად უადგილოა.
– რატომაა უადგილო?
– უადგილოა და იმიტომ. არ განვავრცობ ამ თემას. სულხან მოლაშვილის ოჯახი ჩემი ახლობელი ოჯახია, მას უდიდეს პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს მისი ოჯახი, მაგრამ ასეთი პარალელები უადგილოა. არ შეიძლება ასე. ესეც დავაყვედროთ ადამიანს?! ზოგი ისე უძლებს ციხეს, ზოგი ასე უძლებს.
– მხოლოდ გაძლებაზეა?
– არ შეიძლება ასე ლაპარაკი. თუ სულხან მოლაშვილთან რაღაც პრობლემები იყო, ამ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა და ყველა დაესაჯა იმისთვის, რაც დამართეს სულხან მოლაშვილს თუ უამრავ ადამიანს, რომელიც უჩიოდა წინა ხელისუფლებას.
თუ შენ ამას მხოლოდ პოლიტიკურად იყენებ და ამაზე უბრალოდ ლაპარაკობ, მაგრამ არ იძიებ, არ ცდილობ, რომ სიმართლე დაადგინო, ე.ი. შენც იგივე ადამიანი ხარ!
მე ძალიან მიყვარს ვანო პიროვნულად, ძალიან ვაფასებ და კარგის მოლოდინის იმედით ვარ. შევარგოთ ამ ადამიანს ეს ერთი დღე და მერე დაესხან თავს. სვავებივით რომ დაესივნენ, ეს რატომ თქვი და ის რატომ თქვიო.
აცადონ, რა!

