რომან გოცირიძე – “ოცნება” არჩევნებამდე ჩამოშლილი მივა”

რომან გოცირიძე - “ოცნება” არჩევნებამდე ჩამოშლილი მივა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რომან, ოპოზიციამ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო საპროტესტო აქცია გადადო, თუმცა, თქვენმა ფრაქციამ პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული ვართ, რომ პროტესტი გავაგრძელოთ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ეს ხელისუფლების არჩევანია. რაც შეეხება ბოიკოტს, ბოიკოტი კანონით უზრუნველყოფილი და რეგლამენტში ასახული უფლებაა. თუმცა, მხოლოდ ბოიკოტით არ შემოვიფარგლებით, ძლიერი საპროტესტო აქციები იქნება. მათ შორის პიკეტირება და არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის და, რაც მთავარია რეგიონებში გავალთ.
ხელისუფლებას არ მოვასვენებთ, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს თავისუფალი არჩევნების უფლებას. ოპოზიცია არ გაჩერდება, სანამ ხელისუფლება თავის დანაპირებს არ შეასრულებს.
– პარლამენტის თავმჯდომარემ “ქართული ოცნების” განახლებაზე ისაუბრა, სწორედ განახლებული გუნდით აპირებენ არჩევნებზე გასვლას. რას დაუპირისპირებს ამას ოპოზიცია?
– “ქართული ოცნება” მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მას, ფაქტობრივად, არჩევანი არ აქვს. თუ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას შეიტანენ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, ათასი პროცენტით წაგებული აქვთ არჩევნები. თუ არსებული საარჩევნო მოდელით გავლენ, მაინც წააგებენ, რადგან ყველა სოციოლოგიური კვლევით, გაერთიანებულ ოპოზიციას ჯამში ბევრად მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, ვიდრე “ქართულ ოცნებას”.
წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება უმძიმეს საგარეო და საშინაო პოლიტიკური წნეხის ქვეშ იქნება. ამ წნეხს ვერ გაუძლებს, რადგან ხელისუფლება მოფამფალებულია. ძალიან უსუსურ ფეხებზე დგას. მას ელემენტარული ტვირთის აწევა არ შეუძლია, მთელი ეს პოლიტიკური პროცესი კი მისთვის უზარმაზარი ტვირთია. არჩევნების წინ “ქართული ოცნება” დაძაბუნებული და ჩამოშლილი იქნება.
– ხელისუფლება მაინც არჩევნების მოგებაზე საუბრობს.
– როგორ, როდესაც ამ ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთ სფეროში ვერ მიაღწია წარმატებას. რაღაც პოზიტიური ძვრები იყო საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ ეს სისტემაც ჩამოეშალათ, გაკოტრდა.
მეორე წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლებას საკუთარ თავზე შეეძლო მიეწერა, იყო ციხეებში მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ სახალხო დამცველის ბოლო მოხსენება მთელმა ქვეყანამ მოისმინა, სადაც ლომჯარია ციხეებში კრიმინალის, ე.წ. ავტორიტეტის და “ობშიაკის” დაბრუნებაზე საუბრობს. ციხეს ე.წ. ავტორიტეტები მართავენ.
არ არსებობს ერთი მიმართულებაც კი სადაც ხელისუფლებას წარმატება ჰქონდეს. ასეთ ვითარებაში, ამდენი ცრუ საარჩევნო დაპირების შემდეგ, და მით უფრო ამ ბოლო “გადაგდების” შემდეგ, ანაკლიის პროექტის ჩაგდების შემდეგ, რომელიც რეალურად ამ ხელისუფლების საგარეო ორიენტაციის მაჩვენებელია, არჩევნების მოგების შანსი “ოცნებას” არ გააჩნია.
– საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდიდან შედეგს ელოდებით?
– ოთხი რაუნდი სპეციალურად მოდიოდნენ ისეთი წინადადებით, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა, რომ შემდეგ ხელი ოპოზიციისკენ გაეშვირათ. სისულელეებს გვთავაზობენ. მათ მოლაპარაკებების ილუზიის შექმნა უნდათ. მეხუთე რაუნდიც ასეთივე არაფრისმომცემი იქნება.
– ხელისუფლების მხრიდან პრეტენზიებია ოპოზიციის მიმართ, სად გაგონილა მოლაპარაკებების პარალელურად პროტესტიო. რას უპასუხებთ?
– პროტესტი ბოლომდე იქნება. საკუთარ ტყავზე იწვნიეს სირცხვილის დერეფნები. მოხვდათ პროტესტის სუსხი და ზურგი აეწვათ. ხომ ყველას ახსოვს, როგორ გვითხრეს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თემა დახურული იყო! სწორედ პროტესტმა აიძულა ხელისუფლება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსჯდარიყო.
ახლა არჩევანი ასეთია: ან მიიღებენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ ქვეყანაში. ან შეეწირებიან თავიანთ ჯიუტობას და არჩევნებამდე ჩამოშლილები მივლენ.