“სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას შეწყალება სწორი იქნება”

“სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას შეწყალება სწორი იქნება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მაჟორიტარების უმრავლესობა შეთანხმებულია, ნაწილი ამბობს ჩვენთან არავის არაფერი შეუთანხმებიაო. ეს პოზიციები დისონანსს შეიტანს?
– რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როდესაც შეუთანხმებელი ინფორმაცია ჟონავს საჯარო სივრცეში. ჯერ მთავარი საკითხი იმ მაგიდის ირგვლივ საარჩევნო სისტემაა და სანამ არ გაირკვევა, რომელი სისტემით გადიან მხარეები არჩევნებზე, მანამდე მაინც ჯობია, სხვა საკითხებისგან თავი შეიკავონ. არჩევნები რა სისტემით ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც მაჟორიტარების შეთანხმება-არშეთანხმების საკითხში.
იდეა, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით გამოვიდეს მაჟორიტარულ ოლქებში, მისასალმებელი და კარგია, მაგრამ მისი განხორციელება მაინც საკმაოდ რთული იქნება. ამ იდეას აქვს სუსტი მხარეებიც, რომელთაც ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს.
რაც შეეხება გვარების დასახელებას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად გონივრულია ახლა ამის გაკეთება.
– 4 აპრილს აპირებენ.
– კი აპირებენ, მაგრამ რა სიკეთეს მოუტანს ოპოზიციას კარტების ბოლომდე გახსნა და პირდაპირ გვარების დასახელება?!
– ხელისუფლებას გაუადვილდება საკუთარი კანდიდატის დასახელება?
– რა თქმა უნდა! კარტების ბოლომდე გახსნა არ მგონია, გონივრული იყოს. ხელისუფლებას რომ გაცილებით მეტი მექანიზმი აქვს, ვიდრე ოპოზიციას, არც ეს არის საიდუმლო და ამიტომ გასაკვირია მისი ასეთი დამოკიდებულება.
კიდევ ერთი საკითხი: ოპოზიცია საერთო კანდიდატს გარკვეული პირობებით უჭერს მხარს თუ თავისუფალი მანდატის მატარებელია ეს კანდიდატი?!
– მხოლოდ ლიდერები იყრიან კენჭს მაჟორიტარებად თუ შეიძლება პოეტები, მსახიობები დააყენონ?
– მე მაინც მგონია, რომ ლიდერები იქნებიან. მათ საზოგადოება იცნობს. ცნობადობის პრობლემა არ აქვთ. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, გაუგებარია, რატომ ასახელებენ ასე ადრე კანდიდატებს. თუ საზოგადოებისთვის უცნობ სახეებს დააყენებენ, მაშინ გასაგებია, მაგრამ მე არ მგონია, ოპოზიცია ამ მიმართულებით წავიდეს, თუმცა არაფერია გამორიცხული. ისე, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის რომელიმე კანდიდატს უარს თუ ეტყვიან რომელიმე პოეტის სასარგებლოდ, ეს პრობლემებს შექმნის არა მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობის მიმართულებით, არამედ თავად პარტიაში.
ოპოზიციის ლიდერები მაინც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გადანაწილდებიან. თბილისში სულ 20 მაჟორიტარული ოლქია და სრულადაც აითვისებენ, ვის დაუპირისპირებს მათ “ქართული ოცნება”, ეს უკვე სხვა საკითხია.
– “ქართული ოცნება” პოპულარულ სახეებზე გააკეთებს აქცენტს?
– აი, “ოცნებას” მართლაც მოუწევს პოპულარულ სახეებზე აქცენტის გაკეთება და ამის მაგალითები ჩვენ არაერთი ვნახეთ.
– თუნდაც მთაწმინდის ოლქში.
– დიახ!
– ბატონო ვახტანგ, არსებული მოდელით ჩატარდება არჩევნები?
– როგორც ჩანს, მართლაც ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს დაყენებული: ერთი, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და მეორე, შეთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთის განხილვა. პოლიტპატიმრების განთავისუფლება გამორიცხულია, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, დასავლეთი რა მოთხოვნას წაუყენებს ხელისუფლებას. თუ “ქართული ოცნება” დასავლეთის ზეწოლას ვერ გაუძლებს, მაშინ შეიძლება დათმობაზე წავიდეს, თუ არადა დატოვებს იმას, რაც არის.
– გამორიცხავთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა შეიწყალოს?
– თუ შეიწყალებს, მაშინ ეს იქნება ხელისუფლების მითითება და სწორი მითითება იქნება. ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას თვითონ რომ არ მიიღებს, გასაგებია, ეს ისეთივე ბლეფი იქნება, როგორც ხუნდაძის ამბოხი, რასაც საზოგადოება არ დაიჯერებს.
თუმცა, შეწყალება სწორი გადაწყვეტილება იქნება.