ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პასუხობს.
– ბატონო სერგი, გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რა ხდება, რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა? ხელისუფლების გარდა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება.
– უდავოდ, ეს არის პოლიტიკურ დაკავება. ივანიშვილს ჰგონია, რომ იმ პირობებში, როცა ის ძალიან სუსტია, არც რეიტინგი აქვს და არც მხარდაჭერა, დაშინებით და ძლიერი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებით გავა ფონს.
ეს არის მისი ძალიან მწარე შეცდომა. ივანიშვილი ამას ნახავს, როგორც კი არჩევნები დამთავრდება. უბრალოდ მანამდე, სამწუხაროდ, ამის ფასს გადაიხდის ქვეყანა. ვნახეთ უკვე რა შეფასებები მოჰყვა ამ ნაბიჯს ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს შეფასებები კიდევ გაგრძელდება და ჩვენი საერთაშორისო იმიჯი შეილახება ძალიან. ეს კი იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი.
– ივანიშვილმა პოლიტიკური რეპრესიები წინასაარჩევნოდ გახსნილად გამოაცხადა?
– ეს აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ახლა, ამ ახალ სეზონში, გადადგა თვისობრივად ახალი ნაბიჯი, მან თქვა, რომ გამარჯვების გზად ესახება სწორედ პოლიტიკური რეპრესიები.
– არაფერ შუაშია საარჩევნი წელი, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისთვის მიესაჯაო, აცხადებს კახი კალაძე.
– არც მინდა ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება, ადამიანი დაიჭირეს იმაზე, რაზეც უკვე მოხდილი აქვს ციხე. დამთავრებული ამბავია მანდ ყველაფერი! დაიჭირა იმ ადამიანმა, რომელიც მანამდე იყო პროკურორი. რომელმაც გაასაჩივრა ქვედა ინსტანციაში წაგებული საქმე. საერთოდ რაზეა ლაპარაკი?!
ეს ამბავი სტრასბურში აუცილებლად დამთავრდება გიგის სასარგებლოდ, მაგრამ მანამდე დამთავრდება აქ, ადგილზე, ივანიშვილის საზიანოდ ეს ყველაფერი.
– ყველანაირი ზეპირი მოსმენის, განხილვის, ადვოკატის, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეს რა ფორმებში ჯდება?
– არაფერში არ ჯდება. ამას სახელი აქვს – დიქტატურის გაფორმება! მეტი არაფერი სახელი არა აქვს. არანაირი კავშირი სამართალთან, პროცესთან და სასამართლოსთან ამას არა აქვს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შურისძიება ოპონენტზე, გამორჩეულ ლიდერზე, რომელიც მას ყველზე მეტად აშინებდა თავისი ენერგიით, თავისი აქტიურობით, თავისი შემაკავშირებელი თვისებებით, თავისი ქარიზმით და ასე შემდეგ.
– ოპოზიციაში იმის მოლოდინია, რომ დაიწყება დაკავებების ახალი სერია. ვხედავთ, როგორი კვირეულია სასამართლო პროცესების. რა მოლოდინი გაქვთ?
– რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ ხელისუფლების პირობებში?! რა თქმა უნდა, დაიწყება, არაფერი ამაში განსაკუთრებული, მოულოდნელი და საშიში ჩვენთვის არ არის. ამას იზამს ივანიშვილი მანამ, სანამ არის ხელისუფლებაში. ის აღარ იქნება ხელისუფლებაში, როგორც კი არჩევნები დამთავრდება! გამორიცხულია, რომ მან ხელისუფლება შეინარჩუნოს ამ პირობებში.
– თუ ყველა ციხეში ჩაგსვათ არჩევნებამდე, არჩევნებს ვინღა მოიგებს?
– ჩვენ დაგვიჭერს? ახალი ლიდერები გაჩნდებიან. ლიდერები არ იგებენ არჩევნებს, არჩევნებს იგებს ხალხი! აღმოცენდებიან ახალი ლიდერები, ზუსტად არჩევნებამდე, ვინც, ხალხთან ერთად, ივანიშვილს გაუშვებს პოლიტიკურ მოუსავლეთში!
ლიდერების ციხეში ჩასმით და იზოლაციით არჩევნებს ვერ მოიგებს ივანიშვილი. დღეს ოპოზიციაში, როგორც არასოდეს, არის ერთიანობა ივანიშვილის წინააღმდეგ და პროპორციული არჩევნების მოთხოვნის ირგვლივ.
– გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას წყვეტს. ხომ არაფერი შეიცვლება?
– მორჩა, შეწყდა მოლაპარაკება, დამთავრდა. არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ეს საკითხი არ გადაიხედება. არ შეიძლება მოლაპარაკება აწარმოო ტერორისტთან. ის გიჭერს, არასამართლიანი მეთოდებით გებრძვის და მოლოდინი გქონდეთ, რომ მათთან დიალოგი იქნება, გამორიცხულია, არანაირი დიალოგი არ იქნება! იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, იმ სისტემით, რომელიც დღეს არის, თუ თვითონ არ შეცვლიან მანამდე რამეს.
– ანუ შერეულზე მიდიხართ?
– ასეა. არ დაგაგვავიწყდეს, რა არის ამ სისტემის პრობლემა – ის, რომ გამარჯვებული პარტია იღებს დიდ ძალაუფლებას. აქედან გამომდინარე, გამარჯვებული იქნება ოპოზიცია და ის მიიღებს დიდ ძალაუფლებას. მერე მოეპყრობა “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ის იმსახურებს! ეს შედეგი მათთვის იქნება ძალიან ცუდი! კი ბატონო, თუ ეს არჩევანი გააკეთეს, გააკეთონ!
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შერეული სისტემით შეძლებთ ივანიშვილის დამარცხებას? ამ სისტემის გამო ყველა გადააგდო, ყველა გადაიკიდა…
– დიახ, შევძლებთ! იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდებით მაჟორიტარულ ოლქებზე და იქნება მხოლოდ ერთი კანდიდატი, იქნება კოორდინირებული მუშაობა და შესაბამისად შედეგი დადგება პროპორციულის იდენტური, ან ძალიან მიახლოებული.
– ძალიან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა გიგი უგულავას დაპატიმრებას დასავლეთიდან. ეს ვერ გათვალა ივანიშვილმა თუ არ აინტერესებს?
– არ აინტერესებს ივანიშვილს არც თავისი მონების რეპუტაცია, რომლებიც იქ გაშვებული ჰყავდა იმ მიზნით, რომ დაერწმუნებინათ ჩვენი პარტნიორები, რომ ისეთს არაფერს აპირებს და მათთვის გარანტიები მიეცა.
ეს, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია მისთვის. როგორც ჩანს, არც დასავლეთის დამოკიდებულება ანაღვლებს. რატომ არ ანაღვლებს, ესეც კარგად გავიგეთ ყველამ. არ ანაღვლებს იმიტომ, რომ მან გააკეთა არჩევანი, ჩვენი ქვეყანა საით უნდა წაიყვანოს და ეს არ არის დასავლეთი.
კონგრესმენები პირდაპირ აკეთებენ შეფასებებს, რომ ეს არ არის დემოკრატია!
– ანუ ღია განაცხადია, რომ ივანიშვილი დაადგა პუტინის გზას და ასე იშორებს მოწინააღმდეგეებს?
– კი, ზუსტად ასეა. უბრალოდ, არ ვიცი, პუტინს ერთი და იგივე დანაშაულისთვის თუ ჰყავს ორჯერ გასამართლებული ვინმე. ასეთი არაფერი მახსენდება. უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ ამბავში გადაუჯოკრა ნამდვილად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს!
– რას აპირებთ? მოლაპარაკებები შეწყდა, იმუშავებთ ერთიან სიაზე?
– გიგის სიტყვების ციტირებას მოვახდენ: ბრძოლა გრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა! ჩვენ ახლა გავაგრძელებთ შიგნით კოორდინირებას მაჟორიტარებზე, გვექნება საარჩევნო კამპანია, რომელშიც დავამარცხებთ ივანიშვილს.
ამიტომ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც უნდა ივანიშვილის დამარცხება, მოუწევს შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე ხელისუფლების წინააღმდეგ! მანამდე, რა თქმა უნდა, გვექნება აქციები, გვექნება დემონსტრაციები. ყველა ის აქტივობა, რაც დაგეგმილი გვქონდა, განხორციელდება, ამ მხრივ არაფერი შეგვიცვლია.
– ბატონო სერგი, გაჩნდა ინფორმაცია, რომ მალე, შესაძლოა, ლელოს ლიდერებიც აღმოჩნდნენ საპატიმროში. თქვენ თუ გაქვთ ეს მოლოდინი, რომ მათაც დაიჭერენ?
– ძნელია ივარაუდო, რას იზამს ივანიშვილი. მოლოდინი, რომ დაჭერები გაგრძელდება, ნამდვილად გვაქვს. ყველა პოლიტიკური ლიდერი, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, შეუძლია ჩასვას ციხეში. ოღონდ ეს პატიმრობა გაგრძელდება ზუსტად იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ანუ ოქტომბრამდე.
როგორც კი არჩევნებს წააგებს ივანიშვილი, ეს პატიმრობებიც იმ დღესვე დასრულდება!