ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა

ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებულ იმპიჩმენტის პროცესში სენატმა თეთრის სახლის ლიდერი ორივე მუხლით გაამართლა.

როგორც ცნობილია,  ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლას ედავებოდნენ.

პირველ ბრალდებაში, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, სენატის ყველა ,,დემოკრატმა“ ტრამპის წინააღმდეგ მისცა ხმა.

აღნიშნულ ბრალდებაში  ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა – ტრამპის სასარგებლოდ 52-მა სენატორმა მისცა ხმა,ხოლო მის დამნაშავედ ცნობას  48 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომელიც კონგრესის გამოძიებაში ხელის შეშლას გულისხმობს, აქ ხმები პარტიულად განაწილდა – 53-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო 47-მა კი – დამნაშავედ.

იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო, საჭირო იყო ხმების ორი მესამედი, ანუ სულ მცირე 67 ხმა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერი მის სასარგებლოდ დასრულებულ კენჭისყრას სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოთი გამოეხმაურა.

ამასთან, როგორც ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, „იმპიჩმენტის თაღლითურ პროცესში ქვეყნის გამარჯვებასთან“ დაკავშირებით საჯარო განცხადებას 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გააკეთებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
2020ნიუსი