ნათია ხურცილავა
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” 50%-დან 60%-მდე აიღებს და ეს არ არის უტოპიაო. რას ნიშნავს ეს განცხადება?
– საარჩევნო პროცესი დაიწყო და ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. დავმარცხდებითო, ხომ არ იტყოდა. არც ერთი პოლიტიკური ძალა ამას არ ამბობს. თუ იტყოდა, რომ 40%-ს ავიღებთო, ეს ნიშნავდა, რომ ფარხმალს ყრის.
მდინარაძეს სწორი გზავნილი აქვს, სხვაგვარი განცხადების გაკეთება არ შეიძლება. ოპოზიციაც ანალოგიურ განცხადებას აკეთებს, ნებისმიერი სისტემით მოვუგებთო. საარჩევნო კამპანიაში როდესაც შედიხარ, სწორედ ასეთი განცხადება და ასეთი განწყობა უნდა გქონდეს. თუ წინასწარ დაყრი ხელებს, მაშინ რა აზრი აქვს ბრძოლას.
– წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ეს ყველაფერი?
– რა თქმა უნდა! არაოფიციალურად საარჩევნო კამპანია კარგა ხანია, დაიწყო. ყველა განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
– ოპოზიციის აქციებიც?
– რა თქმა უნდა! ძალიან მარტივი ლოგიკაა.
– 60% მაინც რა გზავნილია, რომ უმრავლესობას მოვიპოვებთ, მაგრამ არა საკონსტიტუციოს?
– დიახ, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა არც სჭირდებათ. ისე, 60%-ს ან მოიპოვებენ ან არა, მაგრამ თუ დღევანდელ რეალობას შევაფასებთ, მაშინ შანსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს, რასაკვირველია, არის. თუმცა, არავინ იცის, როგორ განვითარდება პროცესები და რა გახდება მოტივატორი, ვის მხარეს იქნება გამარჯვება, ძალაუფლება.
– რაზეა ეს დამოკიდებული?
– ბევრ რამეზე, უპირველეს ყოვლისა იმაზე, თუ რას იზამს ოპოზიცია. როგორ გავა ის არჩევნებზე, იქნება ერთი დიდი ბლოკი თუ რამდენიმე სუბიექტიანი, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება და ა.შ. უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის იმაზეც როგორ წრამართავენ თუნდაც ამ საპროტესტო აქციებს.
ერთი წლის წინანდელი საპროტესტო აქციების დატვირთვა სულ სხვა იყო. საარჩევნო წელს, წინასარჩევნო კამპანიის პროცესში, აქციის დატვირთვა სულ სხვა არის. ოპოზიცია მაინც ბევრად უფრო ფრთხილი უნდა იყოს, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვამჩნევ. ისევ ძველი რიტმით და რეჟიმით მიდიან. ვნახოთ, რა სიახლეები ექნებათ არსენალში.
– ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, მაინც მივიღებთ პროპორციულ არჩევნებსო. რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ?
– ნეტარ არიან მორწმუნენი! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რატომ არიან ასე დაჯერებულები, რომ ხელისუფლება წავა პირდაპირ წაგებაზე. როგორც კი ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემას მიიღებს, ჩათვალეთ, რომ “ქართული ოცნება” იმავე დღეს მარცხისთვის არის განწირული. ამიტომ, არ მგონია, ამაზე წავიდნენ. მისთვის გაცილებით ადვილია ე.წ. გერმანული მოდელი მიიღოს, ვიდრე პროპორციული სისტემა. პირდაპირ გეუბნებით, საინტერესო და მოულოდნელი იქნება, თუ “ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემას დათანხმდება.
– ოპოზიცია მზად არის, ვადამდელი არჩევნების პირობებშიც, ცხადია მოქმედი საარჩევნო სისტემით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გაიმარჯვოს. ესეც წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკის ნაწილია?
– დიახ, ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. არც ოპოზიციას აქვს იმის ფუფუნება, რომ თქვას, მოქმედი საარჩევნო სისტემით არჩევნებში დავმარცხდებითო. დღევანდელი რეალობით, “ქართული ოცნებას”, მიუხედავად იმისა, თუ რა წერილები მოვიდა ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან, ნამდვილად აქვს შანსი, ძალუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ თუ ოპოზიცია უკეთეს მეთოდებს და გზებს მოძებნის, მაშინ ეს შანსი, რასაკვირველია, მცირდება.
– როგორც ჩანს, ოპოზიცია ისევ იგივეს აპირებს და ეს კვლავ აქციებია.
– ოპოზიციის პროტესტმა, პიკეტირებამ, ბლოკირებამ თუ პროტესტის სხვა ფორმებმა, ერთი წლის წინ სულ სხვა ფასი და სულ სხვა შედეგი დადო, მაგრამ წელს პროტესტის ეს ფორმები იგივე შედეგს ვერ დადებს და ეს უნდა გაიგოს ოპოზიციამ. ოპოზიცია ამბობს, ჯამურად მოვუგებთო, მაგრამ ისე ვერ მოუგებენ, ხანდახან კონსტიტუციაშიც უნდა ჩაიხედონ. ხანდახან პოლიტიკურ სპექტრსაც უნდა გადახედონ. კარგი პროგრამა გვაქვსო, რომ ამბობენ, საქართველოში პროგრამის მიხედვით ვინ აურჩევიათ?! ოპოზიციის ყველაზე დიდი მტერი ის არის, რომ ხალხში მის მიმართ მაღალი ნდობა არ არის. არც “ქართული ოცნების” მიმართ არ არის მაღალი ნდობა.
– ალბათ ყველაზე არაპროგნოზირებადი არჩევნები გველოდება.
– დიახ, ნამდვილად ასეა. სრულიად განსხვავებული სურათია, გნებავთ 2003 წელთან და გნებავთ 2012 წლის არჩევნებთან შედარებით. არავინ იცის, რა შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამ არჩევნებზე. სრულიად არაპროგნოზირებადი არჩევნებია წინ.