დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? – ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება ამაზეა დამოკიდებული

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ხელისუფლების და ოპოზიციის შეთანხმება ამაზეა დამოკიდებულინათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ამ ერთკვირიან ვადაში რამდენად იქნება მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
– მე მაინც ვფიქრობ, რომ რასაც არ დათმობს ხელისუფლება, ეს არის დაკავებულების გამოშვება. ეს იქნება პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება, რასაც ცხადია ხელისუფლება უარყოფს.
“ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ საერთაშორისო არენაზე იმიჯის თვალსაზრისით ეს მისთვის დარტყმა იქნება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ნიკა მელიას სასამრთლო პროცესი, რომელიც 10 მარტს არის ჩანიშნული. თუ მელია დააპატიმრეს, მაშინ უკვე შეუძლებელი იქნება რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა. ეს მშვენივრად იცის მმართველმა პარტიამაც. მელიას პროცესი იქნება ლაკმუსის ქაღალდი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, თუ რაზეა წამსვლელი ხელისუფლება – დაიხევს ის უკან თუ პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, გადალახავს ამ წითელ ხაზსს.
ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ალბათ არც ოპოზიცია არ ჩამორჩება და ისიც გადალახავს რუბიკონს. ეს უკვე ძალიან ცუდი იქნება. ეს იქნება ნიშანი, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი გაივლის ძალიან დაძაბულად, ნეგატიურად, რასაც მოჰყვება არჩევნები და შემდეგ უკვე მისი შედეგების ცნობა-არცნობის საკითხი. ეს იქნება ურთულესი პერიოდი.
ნიკა მელიას თუ პირობითი მსჯავრი დაედება ან ჯარიმა, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლება მზად არის გარკვეული კომპრომისისთვის. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიცია სწორედ მელიას სასამართლო განაჩენის მოლოდინშიც იყოს, ხელისუფლება კი ჩქარობდეს.
– 10 მარტამდე ოპოზიციის პასუხი შეიძლება არც იყოს?
– რა თქმა უნდა, 10 მარტამდე მე ოპოზიციიდან გადაწყვეტილებას არ ველოდები. თუ დათანხმდებიან “ოცნების” შემოთავაზებას 110-40-ზე და ამ დროს მელიას დააპატიმრებენ და 8-9 წლით ციხეში გაუშვებენ, ეს არაფერს მოუტანს ოპოზიციას, პირიქით, სახეს დაკარგავს.
– ამ პროცესში რა არის ოპოზიციის მინუსი?
– ქარიზმატული ლიდერის არარსებობა. ოპოზიციის მიდგომა სავსებით სწორია, როგორც დასავლეთშია, ევროპულ ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც ბელადზე, მესიაზე კი არ არის ჩამოკიდებული ყველა და მას კი არ შესციცინებენ, როგორც მხსნელს, მაგრამ ჩვენი საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა საზოგადოების მემკვიდრეა, ბელადებსაა მიჩვეული.
ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, რომელსაც დაუჩოქეს. ხალხი, რომელიც ხელისუფალს უჩოქებს, არ არის საზოგადოება. მერე იყო სააკაშვილი, რა, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მესია, ასე არ იყო აღქმული?! ხალხმა ჩათვალა – მოვიდა მილიარდერი და ჩვენ არც მუშაობა გვინდა, არც ეკონომიკა, არაფერი არ გვჭირდება, იქნება უფასო ფული და გვეშველება.
ამიტომ, ქარიზმატული ლიდერის დეფიციტი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს. პოტენციური ლიდერი, გიგი უგულავა, განეიტრალებულია. ნიკა მელიაც არის ქარიზმატული ლიდერი, მაგრამ ის განაჩენის მოლოდინშია. დანარჩენ ლიდერებს ქარიზმა არ აქვთ.
სულ სხვა რეალობა იქნებოდა, ოპოზიციას რომ ჰყავდეს ქარიზმატული ლიდერი.
– როგორც თავის დროზე ივანიშვილი იყო?
– უნდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის ის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს იყო.
– ამ არჩევნებზე ივანიშვილი ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნება?
– გაუჭირდება, ძალიან რთული იქნება, მაგრამ კარტები იმდენად აჭრილია, რომ ძალიან რთულია, ამ მეტად მნიშვნელოვან არჩევნებზე წინასწარ თქვა, რა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი და რა – არა.