ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პარლამენტის დეპუტატი, პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, “ქართული ოცნების” უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა, თალაკვაძე-კობახიძეს გუნდის წევრებმა გადამგდებები ეძახეს. შიგნით ძალიან აჭრილია სიტუაცია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– უპირო ხალხის საკრებულოა! რა, არ არიან გადასაგდებები?! მთელი საქართველო გადააგდეს და რა უკვირთ?! ისეთი შერცხვენილები უნდა იყვნენ, ისეთი თავმოჭრილები, რაც მათ ამ ქვეყანას აკადრეს, იმის მერე მართლაც არიან გადასაგდებნი! უპირო ქვეყნის სახელი აკიდეს ამ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით! ეს არ უნდა ეპატიოთ! მათ ეგონათ, ივანიშვილის მონობა ყველაზე დიდი ტიტული იყო.
– კონკრეტულად ვის გულისხმობთ?
– მეამბოხეებს! მათ ყოველდღე გავახსენებ, რომ “გადამგდებები” არიან! ქვეყანა გადააგდეს, ვიღაცა კი არა! რომ ვუფიქრდები, როგორი ერი ვართ, როგორი შემწყნარებლები ვართ! წესით, ასეთ ხალხს ყოველ დღე უნდა შეახსენო რა გააკეთა, რაზეა წამსვლელი! საკადრისი პასუხი უნდა გასცე.
ამიტომ, პარტია “ქართულ ოცნებას” თუ გადაარქმევენ სახელს, კარგი იქნება, რადგან აღარავინ დარჩა ძველი “ოცნებიდან”. პარტიული აქტივი ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. კობახიძე თვითონ სად იყო?! 2012 წელს სად იყო?! 2016 წელს მიყვანილი ახალი სახეები აღარავინ დარჩა “ოცნებაში”, ყველა გაექცათ. რთული სიტუაციაა და ეს გასაგებიცაა.
– შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებას, როგორც ჩანს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. შეიძლება არ შესრულდეს?
– გუნდის შიგნით ატყუებდნენ, ხელი არ მოგვიწერია და პირობა არ მიგვიცია პატიმრების გამოშვებაზეა. ცოტა ხანში თვითონ ის უმრავლესობის წევრები დაინახავენ, რომ მოტყუებულნი არიან, რადგან ეს ხალხი გარეთ გამოვა.
– მამუკა მდინარაძემ, არჩევნებში 60%-ს ავიღებთო. რას იტყვით?
– კარგით რა! რა 60%, ქოსატყუილების გუნდია, გადახედეთ მდინარაძის ბიოგრაფიას. მეორე მხარეს, ოპოზიციაში, ბნელი წარსულის ხალხი რომ არ იყოს, ნაციონალურ მოძრაობასა და “ევროპულ საქართველოს” ვგულისხმობ, დღესვე იქნებოდა შესაძლებელი ამ პარლამენტშივე “ქართული ოცნების” უმცირესობაში გადაყვანა. თავმოყვარეობას ხომ ვერ გადაახტები და ქვეყანას ხომ ვერ დაღუპავ, თორემ ღირსები არიან ესენი, დღესვე გაუშვა სახლში.
– ირაკლი კობახიძემ თქვა, 2020 წლის საარჩევნო სიაში 20-25 ახალი კანდიდატი გვეყოლებაო. გუნდის განახლება ახალ დაპირისპირებას ხომ არ გამოიწვევს?
– პოლიტიკა რა, სპორტია, ნიჭიერი ბავშვი დაიბადოს და დიდი მიღწევები ჰქონდეს?! მესი ან მარადონა, რომელი მათგანია პოლიტიკაში?! კარგ პოლიტიკოსს პოლიტიკური წონა სჭირდება, გამოცდილება სჭირდება, ჩამოყალიბება. ასე არ არის, სადღაც მენეჯერი იყო, ვიღაცას ემსახურებოდე და უცებ დიდი პოლიტიკოსი გახდე, ქვეყანა მართო, კანონები წერო.
არ მგონია, ასეთი კადრები საქართველოს წინსვლას და მომავალს გამოადგეს. განათლებული, პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის და გულანთებული მამულიშვილები “ქართულ ოცნებაში” არ მივლენ, ამაში დარწმუნებული ვარ.
– არ განახლდება “ოცნების” სია?
– “ქართული ოცნება” ისე განახლდება, როგორც მოქალაქეთა კავშირი განახლდება. ივანიშვილი განახლდება?! მე არ მჯერა მათი ფერიცვალების. ვის ჩაწერენ სიაში, რა მნიშვნელობა აქვს?! ამით ხომ “ოცნების” პოლიტიკა არ შეიცვლება?! ეს არის მთავარი, პოლიტიკის, მიდგომის ცვლილება სჭირდება სახელმწიფოს, რისი ძალა და უნარი მათ არ შესწევთ, მაგრამ ამის უნარი ჩვენ გვაქვს და ამას ჩვენ გავაკეთებთ.
რა თქმა უნდა, მათ ექნებათ კიდევ ერთი მცდელობა ხალხის მოტყუების, მაგრამ, მერწმუნეთ, შეუძლებელია, მესამედ მოატყუონ ხალხი. აღარავინ დაიჯერებს, რომ “ქართულ ოცნებას” რაიმეს შეცვლის უნარი გააჩნია. ეს უნარი და ძალა რომ ჰქონოდათ, აქამდე ხომ შეცვლიდნენ? ამ კითხვას ყველა ამომრჩეველი დაუსვამს საკუთარ თავს, როდესაც საარჩევნო ურნასთან მივა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთი, რაც ნამდვილად შეუძლიათ, ეს არის, ნაფტალინიდან ამოიღონ, თუ კიდევ სადმე დარჩნენ ნაციონალები.
– ბატონო დავით, თქვენ ხომ არ აპირებთ რაიმე სახის თანამშრომლობას “ქართულ ოცნებასთან” საარჩევნოდ?
– არა, აბსოლუტურად გამოვრიცხავ. არათუ თანამშრომლობა, მრცხვენია, ამ ადამიანებთან ერთად ერთ დარბაზში რომ მიწევს ყოფნა.