გიორგი ვაშაძე – “პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკება გამორიცხულია”

გიორგი ვაშაძე - “პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე “ოცნებასთან” მოლაპარაკება გამორიცხულია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, კონკრეტულად რას გთავაზობთ ხელისუფლება და რა შემთხვევაში მიიღებს შეთავაზებას ოპოზიციური ერთობა?
– ორი კომპონენტისგან შედგება ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა: ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და მეორე კომპონენტი არის, რაციონალური, პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა.
– რას გულისხმობს ეს?
– ეს გულისხმობს არა იმას, რასაც “ქართული ოცნება” ამბობს, რომ 40%-იანი ნიშნულიო და რეალურად 30%-იან ნიშნულს ფიქრობს თავის თავისთვის. გაიჟღერა ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან 15/135-ზე, 20/130-ზე და ასე შემდეგ. მე მზად ვარ, ეს განვიხილო, ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არა მაქვს ამაზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ციფრებით თამაშს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ დავუშვებთ. შესაძლოა, ადეკვატურ საარჩევნო სისტემას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისკენ პოლიტპატიმრები მოგვიწოდებენ. “ოცნებას” ციფრებით მანიპულირების უფლებას არ მივცემთ.
– იტოვებს “ოცნება” ციფრებით თამაშის და მანიპულირების საშუალებას ამ შეთავაზებებით?
– რა თქმა უნდა. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, ამ 20 მაჟორიტარული ოლქის როგორი დაჭრა და დაქუცმაცება უნდათ.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ 15 ათასმა კაცმა, მესტია-ლენტეხში თურმე უნდა აირჩიოს 1 მაჟორიტარი და 300 ათასმა ადამიანმა, გლდანი-ნაძალადევში, ასევე 1 მაჟორიტარი. ამაზე ხომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც არის, არა?! ამ ხრიკებს ჩვენ ვერ ავყვებით ვერც ერთ შემთხვევაში.
– მათ შემოთავაზებებში საერთოდ არ გაჟღერებულა პოლიტიკური დევნის და პოლიტპატიმრების საკითხი, არც კულუარულად საუბრობენ ამაზე?
– ისინი ღიად არ საუბრობენ ამ საკითხებზე. კულუარებს რაც შეეხება, მე არ ვიცნობ მათ კულუარებს.
– არაოფიციალურ შეხვედრებზე, დიპლომატებთან?
– არა, არ ყოფილა რაიმე პროგრესი ამ მიმართულებით. მე კი გეუბნებით, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდა გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.
– რას აპირებს ოპოზიცია?
– უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და “ქართული ოცნება” გავუშვათ ხელისუფლებიდან. საერთაშორისო ასპარეზზე, “ქართულ ოცნებას” ამ პოზიციებიდან გამომდინარე, ექნება ძალიან კრიტიკული შეფასება, მორჩა და დამთავრდა! 4 აპრილს ვიკრიბებით თბილისში.
– არ გადაიხედება ეს საკითხი? ითქვა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაიდოს ეს შეკრება.
– ჯერჯერობით არ შეცვლილა არაფერი. ვნახოთ, თუ რაღაც საგანგაშო გავრცელება იქნა, შემდეგ შეიცვლება. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.
– ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან უკვე მოვისმინეთ ბრალდებები ოპოზიციის მისამართით, რომ თუკი გააჭიანურებს ოპოზიცია პასუხს, მაშინ ვადებში ვერ ჩავეტევით და მოლაპარაკებების ჩაშლაც მათი ბრალი იქნებაო. ამაზე რით უპასუხებთ?
– ეგ არის აბსურდი. ამ სიტყვების ხომ არავის სჯერა. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ძალიან მარტივია, ხალხს არ მოვატყუებინებთ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, ტყუილზე ხელს არ მოვაწერთ. მორჩა და დამთავრდა.
– რა პოზიცია აქვს დიპლომატიურ კორპუსს, ვინც ასე აქტიურადაა ჩართული ამ მოლაპარაკებებში?
– საკმაოდ მკაცრი და მკაფიო პოზიციაა, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს. სწორედ ამას თხოვენ “ქართულ ოცნებას”. ყველამ იცის, რომ “ქართული ოცნებაა” დამნაშავე იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება საქართველოში.
– ასეთი შეფასებებიც გვესმის, რომ სწორედ ოპოზიციას აწყობს არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან ისინი თანხმდებიან ერთიან მაჟორიტარებზე, მათთვის ეს სიტუაცია უფრო მომგებიანია და ამიტომ ეუბნებიან უარს ხელისუფლებას მოლაპარაკებებზეო. ასეა?
– კი ბატონო, ჩვენ ალტერნატიული გზები გვაქვს, ნამდვილად ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. მათ შორის მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პირობებშიც დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, მაგრამ თუ იქნება რაციონალური გადაწყვეტა პროპორციულსა და მაჟორიტარულ სისტემას შორის, მაშინ ჩვენ მზად ვართ, რომ ამაში მივიღოთ მონაწილეობა.
– ანუ დიდი ალბათობით ფიქრობთ, რომ დარჩება ის სისტემა, რაც არის ახლა?
– ალბათ ასე იქნება. ჯერჯერობით სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუ თავისგან გაშვებული ადამიანები ისევ შეიერთა “ქართულმა ოცნებამ”, შეიძლება ეყოთ ხმები პარლამენტში და თვითონვე შეიტანონ ეს ცვლილებები.
– ამასაც უშვებთ, რომ ოპოზიციასთან თუ ვერ შეთანხმდნენ, მაინც შეიტანონ ცვლილებები?
– რა თქმა უნდა. ეს ღიად ჩანს მათი განცხადებებიდან, რომ აპირებენ ინიცირებას.
– თუ ეს ცვლილება კვლავაც მიუღებელი იქნება ოპოზიციისთვის, მაშინ ამ ცვლილებებს რა აზრი აქვს?
– ხომ ვხედავთ, რასაც ცდილობენ. თალაკვაძემაც აქეთ მიანიშნა, რომ მხოლოდ ორი ოპოზიცია არსებობს და ასე შემდეგ. ეს ძველი რიტორიკაა “ქართული ოცნების”, რომელიც ყველამ კარგად იცის. ვის გულისხმობს მეორე ოპოზიციაში, ვითომ კონსტრუქციულში, მე ეს საერთოდ არ ვიცი. თუ ვინმე არის ასეთი, ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ “ქართული ოცნების” თამაშს თამაშობს.
– ხომ არ დაიწყება გვერდითი მოლაპარაკებები და ამ ერთიანობის რღვევა?
– ლეიბორისტულ ოფისში ვინც იკრიბება ოპოზიციურ ფორმატში, მე არ მგონია, რომ რომელიმემ სხვა ნაბიჯი გადადგას.
– თქვენ თქვით, რომ “ოცნება” თავადვე მოახდენს პარლამენტში ინიცირებას. ეს ხომ არ არის პოზიორობა დასავლეთთან და შემდეგ თავის მართლება, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რეკომენდაციები, შევცვალეთ კანონი, მაგრამ ოპოზიცია არც ამაზე წამოვიდა.
– ეს ასე ვერ გაიყიდება დასავლეთში, ამის გარანტიას გაძლევთ!