იტალიაში კორონავირუსისგან 101 წლის მამაკაცი განიკურნა.
ეს იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ რიმინიში მოხდა.
101 წლის მამაკაცი, რომელსაც მედიაში მისტერ პ.-დ მოიხსენიებენ, კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გასულ კვირაში მოათავსეს. კლინიკა კი მან გუშინ, 26 მარტს, დატოვა.
ამის შესახებ რიმინის მერმა, გლორია ლიზიმ, განაცხადა.
“ეს არაჩვეულებრივი შემთხვევა მომავლის იმედს გვაძლევს, – თქვა მერმა, – მან ეს მოახერხა. ოჯახმა ის კლინიკიდან გუშინ საღამოს წაიყვანა. ეს ჩვენ გვასწავლის, რომ 101 წლის ასაკშიც კი შეიძლება გქონდეს მომავალი”.
მისტერ პ. დაიბადა 1919 წელს, როდესაც ესპანური გრიპის პანდემია მძვინვარებდა, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 86.498 ადამიანი.
განკურნებულია 10.950 ადამიანი.
გარდაცვლილია 9.134 ადამიანი.

