“ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს”

“ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. ინტერვიუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევამდეა ჩაწერილი.
– ლადო, ვხედავთ, როგორი გამალებული ვაჭრობა მიდის პოზიციასა და ოპოზიციას შორის ადგილებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამბობს, რომ ორ-სამ დღეში ახალ პაკეტს დადებს, ოპოზიციის განცხადებებიც შედარებით რბილი გახდა. რა ხდება?
– არჩილ თალაკვაძეს ვუსმენდი და ამ ადამიანმა ახსენა ციფრი 5. ხუთი იქით იქნება თუ აქეთ იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვსო. მე გამიჩნდა ასეთი ეჭვი, რომ 115/35-ზე შეთანხმდებიან.
რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ეს მართლა სასაცილოა. რეალურად რაზე ევაჭრება ოპოზიცია? ოპოზიცია ევაჭრება იმაზე, რომ მაქსიმალურად გააზრდევინოს პროპორციული მანდატების რაოდენობა. დღეს პარლამენტი ერთი დიდი სავაჭრო დახლია! ამ 150 კაციან პარლამენტში დაახლოებით 20 ადამიანია დამსახურებულად მოხვედრილი, რადგან მათი საქმე მართლა კანონების წერა და მსჯელობაა. დანარჩენი 130, ძირითადად ბიზნესმენები არიან, რომლებიც ყიდულობენ ამ თავიანთ ადგილებს.
პარლამენტი ოდითგანვე სავაჭრო ბაზარი იყო და დღეს კიდევ უფრო დიდი დახლი გახდა. სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება. მე თუ მკითხავთ, რაც უფრო მეტი მაჟორიტარი იქნება პარლამენტში, ეს გაცილებით უკეთესი იქნება, რადგან მათ უფრო მეტი შეხება ექნებათ ხალხთან. რამდენი პარტიაა დღეს, რომლებსაც 3%-იანი ბარიერის გადალახვის უნარიც კი არ გააჩნიათ.
– უკვე გაიჟღერა 1%-იანმა ბარიერმაც.
– კი ბატონო, ისე დაწია “ოცნებამ” ბარიერი, რომ უკვე 1%-ზეც ვაჭრობენ. იცით, რას მაგონებს ეს ყველაფერი?!
– რას?
– 2009 წელი იყო და პარლამენტის წინ იმართებოდა იმდროინდელი ოპოზიციის აქციები და მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, ზოგ ოპოზიციონერს მინისტრად გავუშვებ და ზოგი მინისტრის მოადგილე იქნებაო. მაშინ რამდენიმე მსხვილმა ოპოზიციონერმა ჭამა სააკაშვილის ეს ტრიუკი. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმაც ჭამა ეს. მერე კი სააკაშვილმა ესენი დატოვა ხახამშრალი. გააბანძა და დააგდო გაბანძებული. ისე გააბანძა, რომ სალომე ზურაბიშვილს სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გამოუჩნდა მფარველად პოლიტიკურ ასპარეზზე, მანამდე ხმა ვერ ამოიღო. ზუსტად ასე აჭმევს ბიძინა ივანიშვილი ამათაც.
– რას გაითამაშებს?
– ივანიშვილმა შეაგდო უკვე ტრიუკი, 1%-ზე დაგსვამთო. ესენიც აყაყანდნენ, რა კარგია 1%-ო, რეალურად ჭამეს ეს შემოთავაზება, რაც გადმოუგდო ივანიშვილმა. ზოგი შეჭამს, ზოგი არა. რა სქემაც არ უნდა იყოს, 110/40-ზე იქნება თუ 115/35-ზე, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ისეთ პირობას დააყენებს, რომელიც მას არ აწყობს?!
– ლადო, ოპოზიცია მწვავედ და პრინციპულად ითხოვდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს. ხელისუფლება დაყვა ამ მოთხოვნას და დაიწყო 20 ივნისს დაკავებულების საპროცესოთი გამოშვება. თუმცა უშვებს რიგით ადამიანებს, არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ გამოსულა. რამდენად მისაღები იქნება ეს ოპოზიციისთვის?
– ამ ადამიანებს აღიარებინეს ძირითადად და ისე გამოუშვეს. ვინც არ აღიარა ის არ გამოუშვეს. შეიძლება ოქრუაშვილსაც შესთავაზონ აღიარება, მაგრამ უგულავას და რურუას არ გამოუშვებენ, შანსი არ არის! მაგის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე.
– რატომ, ასე საშიშები არიან ხელისუფლებისთვის?
– უგულავაც და რურუაც რეალურად მთაწმინდის და ვერის სიძლიერეს განაპირობებენ, სადაც ძალიან მოიკოჭლებდა ყოველთვის, “ქართული ოცნება”. ამიტომ ამათი გამოშვება არ აწყობთ. მით უფრო, რომ რურუასთანაც და უგულავასთანაც დიდი ფულადი რესურსია.
ხელისუფლებამ პატარა ძვალი გადმოუგდო ოპოზიციას, ელჩების დასანახად, რომ აი, ხომ ხედავთ, მე გამოვუშვი 20 ივნისის მოვლენების დროს დაჭერილი ადამიანები. ხოლო უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა დამნაშავეები არიან. ისინი კრიმინალები არიან და ამ 3 კაცს არ გამოვუშვებ. სხვა დანარჩენს, ოქრუაშვილის მძღოლი იქნება თუ 20 ივნისის მონაწილე, კი ბატონო, იმათ ვუშვებ.
– თუმცა, მათი გამოშვება პოლიტიკურ კლიმატს ვერ ცვლის.
– ჩვენთან არა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რაღაცნაირად ცვლის კლიმატს აშკარად. იმიტომ, რომ როდესაც 20 პოლიტპატიმარი გყავს აღიარებული და იქიდან 17-ს უშვებ და 3-ს იტოვებ, ამას აქვს მნიშვნელობა.
ეს გადმოყრილი პატარ-პატარა ძვლები იქითკენ მიუთითებს, რომ ტემპერატურის დაწევა უნდათ. ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს აქციები ქუჩაში. ოპოზიციას კი აქციების რესურსი არ აქვს.
– ანუ არც ერთ მხარეს არ აწყობს?
– ასეა. ყველანაირად ცდილობს ოპოზიცია, ააგოროს ქუჩის აქციები, მაგრამ არ გამოსდის.
– ახლა ციხიდან მოსულ წერილებსაც იშველიებენ. ვგულისხმობ უგულავას და რურუას წერილებს. რურუას და უგულავას განცხადებებმა გახსნა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკება შედგესო, განაცხადა დავით ბაქრაძემ. ეს რას ნიშნავს?
– ეს იცით, რას ნიშნავს? მაპატიეთ, მაგრამ ეს ერთი ადგილის თამაშს ნიშნავს! მე რომ ვყოფილიყავი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილას, ხისტად წავიდოდი ამათ წინააღმდეგ. ამათ განსაკუთრებულად აშინებთ ქუჩის აქციები, ხომ ხედავთ, პარლამენტის წინა მხარე დღემდე გადაკეტილი აქვს ხელისუფლებას. ამათ ყველაზე მეტად არ უნდათ მიტინგები, ზუსტად რაც არ უნდათ, იმას უნდა მიწოლოდა ოპოზიცია, მაგრამ…
– ანუ რა გამოდის, ოპოზიციაც თამაშობს ხელისუფლების მოედანზე?
– რა თქმა უნდა. გირჩი “ოცნებისაა”. კუკავაც “ოცნებასთან” დაიპარება. ბურჯანაძეს მზე და მთვარე ამოსდის იმაზე, როგორმე 2 კაცი შეიყვანოს პარლამენტში და მათ შორის თავისი ბიჭი.
იმ პარტიებს, ვინც პარლამენტში ხვდება, უამრავი დაფინანსება აქვს, ამიტომ ყველას უნდა იქ მოხვედრა.
ეს ნაფტალინი, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი დიდ ოპოზიციურ სპექტრად, აყოვნებს ქვეყანაში განვითარებას. გუშინ რომ პრორუსები იყვნენ და დღეს რომ ევროპელ ელჩებთან ფოტოებს იღებენ, ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა არის ქართული პოლიტიკა. ამათი დაჯერება როგორ შეიძლება?!
– ლადო, ანუ მაინც იქნება ისეთი შემოთავაზება, სადაც “ოცნება” იქნება მოგებული?
– ზუსტად ასე იქნება. რასაც ვერ იყიდი 1 მილიონით, იმას იყიდი 10 მილიონით. ბურჯანაძეს რომ ბიძინამ მიუგზავნოს ბიზნესმენი, რომელიც მიუტანს 5 მილიონს, ბურჯანაძე მეორე დღესვე გახდება გაქანებული ქოცი! ასე იქნებიან სხვებიც. განსაკუთრებით პატარ-პატარა პარტიები.
მარტო ეგენი კი არა, დარწმუნებული ვარ, გიგა ბოკერიაც ეგრე მოიქცევა. იმიტომ, რომ გიგა ბოკერიასთვის და მისი გუნდისთვის მთავარი ამომავალი წერტილი არასდროს ყოფილა ადამიანი. მათი მთავარი მიზანი იყო ფულის კეთება. რა მოხდა 2016 წელს? რატომ გაიყო მაინცდამაინც ნაციონალური მოძრაობა?! იმიტომ, რომ მაშინ ფული აიღო ბოკერიას ფრთამ.
– დღესაც მიდის ამაზე საუბარი, რომ ივანიშვილი დიდი ფულის დახარჯვას აპირებს ოპოზიციის საყიდლად.
– რა თქმა უნდა. ამათ ყველას მოისყიდის. ვიმეორებ, რასაც ვერ იყიდი 1 მილიონად, იყიდი 10 მილიონად. ამ კაცს 10 კი არა, უამრავი ფული აქვს. ამ კაციჭამია ვირთხებს ჩაუყრის 5-5 მილიონს და ყველა დაწყნარდება.
– “ქართული ოცნების” კულუარებში რა ხდება? გახარიამ კვლავ გაიმყარა პოზიციები?
– ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს. გახარიამ თუ ჩაატარა არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მინიმუმ 2 წლით დარჩება კიდევ ამ პოსტზე, რაც ცვლის ბიძინა ივანიშვილის მიერ შედგენილი პოლიტიკურ წყობას, რომ ყოველ წელიწადნახევარში ერთხელ ცვალოს პრემიერ-მინისტრები. წულუკიანის განცხადებაც გვახსოვს, რომ ის აღარ აპირებს მინისტრობას. ამაზე უკვე ხმამაღლა იყო საუბარი, ეს პროცესი დროებით გაიყინა.
– კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე?
– არამარტო კორონავირუსის გამო. ელოდებიან, როგორ მოგვარდებიან ოპოზიციასთან. ამის მერე უკვე წავა სახელისუფლებო ცვლილებები.
ამ მთავრობით არჩევნებში მიზერული შანსი აქვს “ქართულ ოცნებას”. მდინარაძემ და კობახიძემ დაღუპეს “ქართული ოცნება”! 2014 წლიდან, როგორც კი გაჩნდა პარტიაში კობახიძე და 2016 წლიდან, როდესაც გაჩნდა პარტიაში მდინარაძე, მანდ დაიღუპა “ქართული ოცნება”. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი ადამიანი მომავალ პარლამენტში აღარ იქნება! თალაკვაძე შესაძლოა დატოვონ რიგით დეპუტატად, მაგრამ ესენი აღარ იქნებიან.
გახარია რაღაცა პერიოდით არის ხელისუფლებაში. ბიძინა ელოდება საბოლოოდ დალაგებას ოპოზიციასთან, შემდეგ გამოაგდებენ ამ სქემებს, როგორ გადანაწილდება და ჩატარდება არჩევნები და შემდეგ გაუშვებს.
– არჩევნებს ისევ მოიგებს “ქართული ოცნება”?
– მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. მე არ მინდა ბოკერიების და სააკაშვილების კვლავ მობრუნება ხელისუფლებაში, თუმცა კოლექტიური კობახიძეების და მდინარაძეების ყურებაც მომბეზრდა.
ადეიშვილის შნირი მდინარაძე როდესაც განაგებს მმართველი პარტიის საპარლამენტო ცხოვრებას, ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოსახლების. იმ მოსახლეობის, რომელიც დაზარალდა ნაციონალური მოძრაობის დროს და მეც ერთ-ერთი ვარ, ვინც დაზარალდა ნაციონალური მოძრაობის დროს.