იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
როგორც მოსალოდნელი იყო, ”ქართული ოცნების” მისამართით დასავლეთის კრიტიკა ძლიერდება. ჯერ ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველო-ამერიკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ კომპრომისზე არ წავლენ ოპოზიციასთან, მაშინ აშშ ბევრისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კი ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაა გაკრიტიკებული.
ამ განცხადებებს მოჰყვა პოლიტიკური მოტივაციით დაჭერილი გიგი უგულავასა და გიორგი რურუას წერილები, რომლებიც ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ გაცნობიერებული აქვთ, რომ ისინი ივანიშვილის პატიმრები არიან და ბოლომდე იბრძოლონ პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული მოდელის მიღებისთვის.
რა შეიძლება მოიმოქმედოს აშშ-მ საქართველოსთან მიმართებით, რა გზავნილი იყო ევროპარლამენტის განცხადებაში და როგორ გაიგეს უგულავას მოსაზრებები? – ამ საკითხებზე „ახალი თაობის“ კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს.
_ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ახსენა ფრაზა, რომ ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც აშშ გადაწყვეტს, თუ „ოცნება“ არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. რა იგულისხმა კინზინგერმა, სანქციები თუ კიდევ უფრო მეტი?
_ ალბათ სავარაუდოდ სანქციები იქნება. ჩემი წარმოდგენა ასეთია და არა მხოლოდ ჩემი. იმიტომ, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხები უკვე ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებენ და ამასთანავე ძალიან მკაცრი შეფასებებია ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში.
მსგავსი რამე ჩვენ გვინახავს მოლდოვაში, როდესაც ასეთივე გზავნილები მოდიოდა მოლდოვის სტრატეგიული პარტნიორებისგან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სანქციებია ის, რასაც დასავლეთი გამოიყენებს. ალბათ სანქციების ამოქმედების შემდეგ იქნება ფინანსური რესურსების შეზღუდვები და ასევე შეზღუდვები ფინანსურ გადაადგილებებთან დაკავშირებითაც. ვნახოთ, თუ არ გაითვალისწინებს ”ქართული ოცნება” პარტნიორების მოთხოვნებს, ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება.
_ ასევე გაისმა გზავნილები ევროპიდანაც. ”ქართული ოცნება” უკვე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა თუ უკვე აღარ სჯერათ ”ქართული ოცნების” ჩვენს პარტნიორებს?
_ მე ვფიქრობ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც კრიტიკულ ზღვარზეა ხელისუფლება, ისევე როგორც პოლიტიკურ კრიზისში. სამწუხაროა, რომ ”ქართულ ოცნებას” ეს არ ესმის. პირველ რიგში კი ეს ქვეყნისთვის არის სამწუხარო. ამიტომ, ევროპარლამენტარების ასეთი წერილი, რომელიც საერთოა, გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამ წერილს კრიტიკულ გზავნილებს ნამდვილად ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მკაცრი შეფასებები იმ სიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.
ეს ეხება პროპორციული სისტემის უკან წაღებას, პოლიტიკურ რეპრესიებს და ა. შ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შედეგი თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება ძალიან ცუდი.
_ ივანიშვილისთვის რა შეიძლება იყოს შედეგი?
_ ალბათ კიდევ უფრო დამძიმებული ფონი ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში. მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მის ახლო გარემოცვასთან მიმართებაში მოსალოდნელია, რომ რაღაც სპეციალური შეზღუდვები დაწესდება.
_ გიგი უგულავას განცხადება როგორ გაიგეთ? პოლიტიკურ პარტიებს უგულავა მოგიწოდებთ, რომ მისი დაპატიმრების საკითხი არ იყოს გადამწყვეტი და თუ იქნება პროპორციულთან მიახლოებული გადაწყვეტილება, მას დაუჭიროთ მხარი.
_ მე ვფიქრობ, რომ გიგი უგულავას გავრცელებული წერილი ნამდვილად ღირსეული განცხადებაა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები. გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.
გიგი უგულავას განცხადებაში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და მოხდეს ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან. ანუ ის, რაზეც ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ვსაუბრობთ და რის მიღებასაც ვთხოვთ ხელისუფლებას. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია ეს ამ ადამიანებსაც ძალიან კარგად ესმით.
რა შეთავაზება იქნება ”ქართული ოცნების” მხრიდან, არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც კეთილგონივრული შეთავაზება მისი მხრიდან არ იქნება. ისინი საუბრობენ 110/40-ზე, რასაც ბუნებრივია ჩვენ არ დავეთანხმებით. ამაზე ჩვენ ძალიან მკვეთრი განცხადება გვქონდა.
ჩვენ თავიდანვე ვუთხარით მმართველ გუნდს, რომ ორი პირობა უნდა შესრულდეს. ერთი ეს არის ის, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს საარჩევნო სისტემა პროპორციულს და მეორე ეს არის ის, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ოპონენტების წინააღმდეგ და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. რასაკვირველია, ეს პირობები ძალაში რჩება და მათ გადახვევას არ ვაპირებთ.
_ ანუ 120/30-ზე შემოთავაზებას არ ელოდებით ხელისუფლებისგან?
_ იცით რა? ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო კომენტარებს თუ დავეყრდნობით, როგორც ჩანს მათი შემოთავაზება 110/40-ზე იყო. მე გამიჭირდება ამაზე კონკრეტული პასუხი და მე ვერ გეტყვით იმას, თუ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ბოლო გადაწყვეტილება ამას უახლოვდება.
_ ივანიშვილს დასავლეთის სანქციების არ ეშინია და არ წამოვა 120/30-ზე?
_ შიში, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ცდილობს, რომ სწორედ ამ შიშის გამო ძალაუფლება შეინარჩუნოს, რაც ნებისმიერ კონფიგურაციაში წარმოუდგენელია.
_ თქვენი საბოლოო პასუხი იქნება ის, რომ პოლიტპატიმრების თემა მაინც იქნება წინა პლანზე წამოწეული და ამის დათმობის გარეშე „ოცნების“ შემოთავაზებას არ დათანხმდებით?
_ ჩვენი საბოლოო შემოთავაზება კი არა, არამედ გეგმა არის მაქსიმალური პროპორციულობა. 110/40-ზე არ ასახავს ამ მაქსიმალურ პროპორციულობას და ეს, რასაკვირველია, არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტაც.
_ ამ განცხადებების მიუხედავად, რაც გააკეთეს უგულავამ და რურუამ, მაინც არ აპირებთ ამ გეგმის შეცვლას?
_ მაქსიმალური პროპორციულობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ვნახოთ, რა შეთავაზება იქნება ხელისუფლების მხრიდან და ამის მიხედვით მივიღებთ ჩვენც შესაბამის გადაწყვეტილებას.