ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, რა გეგმები აქვს ოპოზიციას? კორონავირუსმა, რამდენად შეცვალა თქვენი გეგმები? საპროტესტო აქციების გადადებას ან გაუქმებას ხომ არ აპირებთ?
– ოპოზიციას ექნება საუბარი ამ საკითხებზე. ფაქტია რომ ეპიდემიის საფრთხე არსებობს, ამიტომ ამ რეალობიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მიიღება გადაწყვეტილება.
– არის შესაძლებელი, რომ გადაიდოს დაანონსებული აქცია?
– ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. გააჩნია, რა რეალობა გვექნება. ვხედავთ რომ ეს საფრთხე არის ჩვენს ქვეყანაში. ბაღები გადაიდო, სკოლებში სწავლა გადაიდო. ვნახოთ, რა რეალობა გვექნება და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით. ოპოზიცია ისეთ რამეს ნამდვილად არ გააკეთებს, რომ ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
– ხელისუფლების ნაბიჯებზე რას იტყვით?
– ხელისუფლებას უკვე არც უკანდასახევი გზა არა აქვს და არც – წინ წასასვლელი. ამ ხელისუფლებაზე უკვე მკაფიო და ჩამოყალიბებული აზრი აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და ფუნდამენტალური შეხედულებები ასე მარტივად არ იცვლება. ყველასთვის ცხადია, რომ ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.
– ანუ ხელისუფლების გადაწყვეტილებაში მაინც ეჭვი გეპარებათ?
– მე არ მგონია, რომ ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. სივრცე მოლაპარაკებების არ არსებოს და ერთი მარტივი რამის გამო. ისინი არიან ვაჭრობაზე გადასულები. აქედან კი არის შეთავაზება, რომ რაც შეპირდით ხალხს და რაც თქვით, პროპორციული არჩევნები უნდა იყოს პროპორციული არჩევნები, ან პროპორციულთან მიახლოებული. პროპორციულთან მიახლოებული 100/50-ზე ვერ იქნება.
ასევე მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებული ციხეებიდან. იგივე ბესიკ თამლიანით დაწყებული, რურუათი და გიგი უგულავათი და ირაკლი ოქრუაშვილით გაგრძელებული. არ მინდა ვინმეს გვარი გამომრჩეს. ძალიან ბევრი ადამიანია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. ჩვენი მოთხოვნაა პროპორციული არჩევნები, პლიუს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
– დრო ძალიან ცოტაა, მარტის პირველი კვირაა მხოლოდ. ამის შემდეგ ცვლილებები უბრალოდ ვეღარ მოესწრება.
– დიახ, ასეა. 11 მარტამდეა დრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებამ რა ნაგავიც შეიზილა, იმ ნაგავს დაიტოვებს სახეზე. არ მგონია, რომ რაიმე გასუფთავებას ეცადოს. შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქებით ჩაატარებს არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი.
რა ფორმითაც არ უნდა ჩაატაროს ივანიშვილმა არჩევნები, თუ მასობრივად არ გააყალბა, ეს კაცი ყველა შემთხვევაში წააგებს არჩევნებს.
– ლევან, საუბარია ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე. ვნებათაღელვაც მოჰყვა ამ საკითხს საზოგადოებაში. რას იტყვით უკვე გაჟღერებულ კანდიდატებზე? რამდენად თანხმდება შიგნით ოპოზიცია?
– მაჟორიტარული ოლქების დარჩენის შემთხვევაში, ოპოზიციას ძირითად ოლქებში უნდა ჰყავდეს საერთო კანდიდატი. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება. დათმობა მოუწევს ყველა ოპოზიციურ პარტიას, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ისე “ევროპულ საქართველოს”, იგივე ლეიბორისტებს და ასე შემდეგ. როცა თანხმობაზე მივდივართ, ყველას რაღაცის დათმობა გვიწევს. პოლიტიკური სპექტრი უკვე შეთანხმდა, აქ პიროვნულ კინკლაობაზე აღარ არის საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ვკარგავთ.
თუ ვთანხმდებით, რომ ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, მაშინ გარკვეულ კონსენსუსზე და დათმობებზე უნდა წავიდეთ. კონკრეტულ გვარებზე საუბარი ნაადრევია.
– ხომ დასახელდა გვარები?
– ამ გაჟღერებული გვარებიდან ვიღაცა რომ დავადასტურო, ვიღაცა არ დავადასტურო, ტყუილი იქნება ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან, რადგან არაფერი გადაწყვეტილი არ არის, შესაბამისად, ნაადრევია ამაზე საუბარი. თუმცა ყველა ოლქში თუ შევთანხმდებით, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი.
ჩვენ შეიძლება ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოგვდიოდეს, მაგრამ თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ჩვენი ხალხისთვის. ჩვენთვის მთავარია, ივანიშვილი დავამარცხოთ, ამიტომ დათმობები იქნება ყველა მხრიდან. თუ საერთო კანდიდატები იქნება და ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდება, მაშინ ხელისუფლებას მოგების შანსი არ ექნება.
– ამ ფონზე რამდენად გააქტიურდება ხელისუფლება და რამდენად შეეცდება, რომ არ შედგეს თქვენ შორის შეთანხმება?
– რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს ეცდება მოსყიდვებით, ფულით, შანტაჟით, დაშინებით. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ მხარეს იყოს მტკიცე პოზიციები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არის მტკიცე და ის არ იქნება ის პარტია, რომელიც ვინმეს რამეს არ დაუთმობს. მთავარია, სრული თანხმობა იყოს ოპოზიციურ სპექტრში და ჩვენ მზად ვართ წავიდეთ დიდ დათმობებზე.
ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისკენ, ერთმანეთისკენ კენჭები არ უნდა ვისროლოთ. დღეს ხალხის დაკვეთა არის ერთიანი ოპოზიცია.
– ქვეყანაში მძიმე სიტუაცია შეიქმნა. რამდენად მომზადებულია ხელისუფლება ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად?
– რისთვის არიან მზად? არც არაფრისთვის. გამოვიდნენ და გვეუბნებიან, მოუმზადებლები შევხვდით კორონავირუსსო. საერთოდ 8 წლის განმავლობაში რაში მოემზადნენ ეს ადამიანები?! იმაში ხომ არ მოემზადნენ, რომ საკუთარი ვილები ეშენებინათ, აუზები მოეწყოთ, მიწები ეყიდათ და დაეკანონებინათ?! ფული ეშოვათ და ქრთამი აეღოთ.
ერთი სიტუაცია მითხარით, რომელსაც მომზადებულები შეხვდნენ. ცეცხლი გაჩნდა, მოუმზადებლები იყვნენ. წყალდიდობა იყო და არც ამისთვის იყვნენ მზად. შეიძლება ყველაფერს მოუმზადებელი შეხვდე?! არაფრისთვის ესენი მზად არ არიან. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. გადაყვნენ კორუფციას და ქრთამს.
– გასული კვირის ბოლოს ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს.
– ბორჯომის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაინაწილეს ბორჯომ-ბაკურიანი. გადაუფორმეს მიწის ნაკვეთები ოჯახის წევრებს და ბიძაშვილ-მამიდაშვილებს. ამაზე არაერთი კონკრეტული ფაქტი თავადაც გავასაჯაროე.
ახლა მოუწიათ დაკავება იმ მერის და საკრებულოს თავმჯდომარის, რომელთაც ოპოზიცია ორი წლის წინ აპროტესტებდა.
– მაშინ რატომ დააკავეს მაინცდამაინც ახლა?
– აქ კლანურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. ჩვენთან ხომ სამართალი არ არის. კორუფცია ჭამს ყველაფერს. ის იმის კაცი იყო, ეს ამის კაცია, სუსი ვერ დალაგდა და ადგნენ და დაიჭირეს ქრთამზე, თორემ ქრთამისტები თქვენ დედაქალაქის მერიაში უნდა ნახოთ, რამდენია, თვითონ მერიდან დაწყებული და რიგითი წევრით დამთავრებული.
ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხოლმე, როცა კონკრეტულ პირებს ქრთამის აღების ფაქტზე აკავებენ. თორემ თავიდან ბოლომდე, ყელამდე კორუფციაშია ქვეყანა!
ესენი ჩვეულებრივი მძარცველები არიან. სანამ ყაჩაღები არ მოშორდებიან ამ ქვეყანას, მანამდე არაფერი გვეშველება.