“ოქრუაშვილი და უგულავა თუ ციხეში ისხდებიან, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება”

“ოქრუაშვილი და უგულავა თუ ციხეში ისხდებიან, არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, რა იგულისხმებოდა მდინარაძის განცხადებაში, როდესაც მან თქვა, ორ-სამ დღეში დავდებთ ცვლილებების ახალ პაკეტსო. რა მოლოდინი გაქვთ, რას დათმობენ?
– ეს ვერ იქნება ის პროექტი რომელიც არის მისაღები ქართველი ხალხისთვის. ისინი შეეცდებიან შემოგვთავაზონ ისეთი პროექტი, რომლითაც დაახლოებით 30-32%-ის აღების შემთხვევაში, მათი სატელიტი პარტიების დახმარებით, კვლავ მოიგონ არჩევნები და დარჩნენ ხელისუფლებაში.
– რა იქნება მათი მხრიდან დათმობის მინიმალური ზღვარი, 110/40-ზე?
– დიახ. ისინი ამბობენ, რომ 110/40-ზე არის მათთვის მისაღები. მდინარაძეს გეოგრაფიის ცოდნის კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს და ამას აქეთ გვაბრალებს ოპოზიციას, თურმე 40 ოლქად შეიძლება დაიყოს საქართველო და 20 ოლქად არ შეიძლება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ოლქების დაყოფაზე და რაოდენობაზე.
– აბა რაზეა საუბარი?
– თუ ჩვენ გვინდა, რომ იყოს სტაბილური საარჩევნო გარემო, უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები: ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ბაჩო თამლიანი. ძალიან კარგია, რომ გაათავისუფლეს კოშაძე, მაგრამ დანარჩენებიც უნდა გამოუშვან.
– რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ?
– რა თქმა უნდა, “ოცნებას” არ აქვს სურვილი, რომ უკან დაიხიოს ამ კუთხით და აღიაროს, რომ ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ მას მოუწევს ამის დათმობა. შეუძლებელია, რომ ერთ-ერთი მძლავრი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და პირველი პირი, ირაკლი ოქრუაშვილი იჯდეს ციხეში და ასევე გიგი უგულავა, რომელიც არის მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ისიც ჰყავდეთ ციხეში გამოკეტილი და ამ არჩევნებს დაარქვან ლეგიტიმური არჩევნები.
– თუ არ იქნება შესრულებული ეს პირობა, არ სხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან?
– მოლაპარაკების მაგიდა არ განახლებულა. მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა ხელისუფლებამ, როდესაც მათ დაიჭირა გიგი უგულავა, პირდაპირ მოლაპარაკების მაგიდიდან წაიყვანა. თავად ააყირავეს ეს მაგიდა და თავად ჩაშალეს მოლაპარაკებები. ხოლო რაც შეეხება ამ შეხვედრებს, საუზმეზე იქნება თუ ვახშამზე, ეს არ არის მოლაპარაკებები, ეს არის მცდელობა იმისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ როგორმე ხელისუფლებამ საღ აზრთან მიახლოებული ნაბიჯები გადადგას და დაუბრუნდეს, ოპოზიციასთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდას.
– წინააღმდეგ შემთხვევაში?
– მოლაპარაკების მაგიდა არ შედგება და ერთობლივი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.
– სრულად პროპორციულზე რომ არ წამოვა ხელისუფლება, ეს ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცხადი, როდესაც დანაპირები უკან წაიღეს და ყველა მოატყუეს. ამის მოლოდინი კიდევ გაქვთ?
– რა თქმა უნდა, არ გვაქვს ამის მოლოდინი, მაგრამ არსებობს გამოსავალი, – ეს არის პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები, რომელიც არის არა 110/40-ზე, არამედ უფრო მეტი. მაგრამ ამ ხელისუფლების უბედურება იცით, რა არის? ისინი ამბობენ, რომ 130/20-ზე ვერ იქნება. ანუ ისინი 130/20-სა და 110/40-ს გარდა სხვა ციფრებს ვერ ხედავენ. სხვა ვარიანტს არც კი განიხილავენ და ლაპარაკობენ რაღაც გეოგრაფიაზე. არანაირი გეოგრაფიის პრობლემა აქ არ არის, ისე კარგად შეიძლება ოლქების დაყოფა, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ გვაქვს დადსტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო კომისიაში დავალება უკვე მიცემული აქვთ და პრაქტიკულად უკვე ეს 40 ოლქი უკვე შავად არის გადანაწილებული ისე, როგორც ხელისუფლებას აწყობს.
მაგალითად, თბილისში, სადაც არის მილიონნახევარი ამომრჩეველი, უნდა იყოს 5 ოლქი. ანუ 300 ათასმა ადამიანმა უნდა აირჩიონ 1 მაჟორიტარი. ლენტეხი-მესტიასაც, სადაც არის მაქსიმუმ 17 ათასი ამომრჩეველი, უნდა ჰყავდეს 1 მაჟორიტარი.
ანუ ამ 40 ოლქსაც სათავისოდ ჭრიან და უკვე აქტიურად მუშაობენ ამაზე. აი ეს არის ყველზე დიდი პრობლემა და უბედურება. აი ეს არის ის მოდელი, რომელსაც გამორიცხულია რომ დათანხმდეს ოპოზიცია!
– ბატონო გურამ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი მზად არის მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ოპოზიციის მცირე ნაწილს ტყვეობაში ჰყავს აყვანილი ოპოზიციის უმრავლესობა. რამდენად ერთიანი პოზიცია გაქვთ გაერთიანებულ ოპოზიციაში?
– ის ოპოზიცია, ვისაც ისინი ოპოზიციად ასაღებენ, არის სწორედ “ქართული ოცნებიდან” წამოსული რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც 100/50-ის ვარიანტზეც თანახმა იყვნენ. თუ მათ თვლიან ოპოზიციად, არ ვიცი.
ჩვენი მაგიდა არის ერთსულოვანი და ვერავინ ვერავის ვერაფერს მოახვევს თავს. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, რომ პოლიტპატიმრების გამოშვება არის ჩვენი, ყველას უპირობო მოთხოვნა.
– რამდენად უშვებთ იმ ვარიანტს, რომ ხელისუფლებამ განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში, შეძლოს ვინმეს მოსყიდვა, გადაბირება?
– გამორიცხულია, რომ ამ კუთხით რაიმე დისონანსი შემოიტანოს ხელისუფლებამ. ჩვენ ყველანი მყარად ვართ ჩვენს პოზიციებზე. არ მგონია, რომ რომელიმემ სხვა პოზიცია დააფიქსიროს, ან პოლიტპატიმრების გამოშვების მოთხოვნაზე თქვას უარი.
ივანიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დარჩეს, იცხოვროს, მის პარტიას ჰქონდეს პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება, აჯობებს, მოუსმინოს კეთილის მსურველებს და გაითვალისწინოს ეს მოთხოვნები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდად დაამთავრებენ.