ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
ამასთან, როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში.
„ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მოლოდინი ეხებოდა აღდგომის ღამის მსახურებას. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისთვის საჭირო. ბევრი პოზიციის დახვეწა და შეჯერება. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშნვა ტრადიციულად. გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში,” – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს მაქსიმალურად ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით.
„ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, უნდა შეასრულოს წირვა დილითაც და მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაში ტაძარში ყოფნა, მიეცემა საშუალება, რომ დილის წირვასაც დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება.
მოკლედ რომ ვთქვა, მთელი შინაარსი ჩვენი მიმართვისა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით, იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გვესმის ჩვენ, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ არც ჩვენს მცდელობას, რომ ვზრუნავთ და არ მოვაკლოთ არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს ამ ჩვენს გულწრფელ მსახურებაში და ერთმანეთზე ზრუნვაში “, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
იპნ