ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ექიმის მიერ საკარანტინე ზონაში მყოფი ქალის სექსუალური შევიწროვების ფაქტს ასაჯაროვებს და დეტალებს “მთავართან” ჰყვება.
იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ექიმმა სექსუალურად კოვიდ-19-ზე შემოწმებისას შეავიწროვა.
ბაია პატარაიას ინფორმაციით, მომხდარზე ინფორმირებულია სახალხო დამცველი და საქმის შესწავლაც დაწყებულია.
საფარის დირექტორი ლოგიკურად ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს შემთხვევა პირველი არ იყოს ზემოთხსენებულ ექიმთან მიმართებაში და მისთვის დროებით ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს.
ქალის უფლებადამცველები ამბობენ, რომ სასწრაფოს ექიმმა კოვიდ 19-ზე შემოწმებისას ქალს გაშიშვლება მოსთხოვა, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა.
შემთხვევა მარნეულში, ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში მოხდა.
ბაია პატარაია ამბობს, რომ ექიმმა ქალს გახადა შარვალი და საწოლზე დააწვინა.
_ ექიმმა წელსზემოთ გაშიშვლება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ ბიუსტჰალტერი გაუხსნა და თხელი შარვლის გახდა და დაწოლა მოსთხოვა, ხელებს ჰკიდებდა არაადეკვატურად, ასეთი გასინჯვა საერთოდ არ შედის კოვიდ 19-ის გასინჯვის პროტოკოლში. დაზარალებული ამბობს, რომ თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა. ექიმი ისეთი რაღაცების გაკეთებას აიძულებდა, რისი გაკეთებაც მას არ სურდა, _ განაცხადა პატარაიამ.
მისი ინფორმაცით სასწერაფოს ექიმი უკვე გამოკითხულია. მისივე თქმით, ეს არ იყო პაციენტის შევიწროების ერთადერთი შემთხვევა და მსგავს ფაქტებს “საფარი” უკვე იკვლევს.
_ ექიმი ამ პროცედურების ჩატარებას ადასტურებს. საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა ეს ადამიანი ისევ მუშაობს, სავარაუდოდ ისევ შედის კარანტინებში და ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი დგება რისკის ქვეშ… ეს არ იყო ერთადერთი შემთსვევა და ვცდილობთ სხვა დაზარალებულების დათანხმებას, რომ მათაც იჩივლონ,_ აღნიშნა პატარაიამ.
ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულზე გუშინვე გააკეთა განცხადება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საკარანტინე სივრცეში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ პირს უკავშირდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი.
სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად, მოახდენს აღნიშნული საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამისად, შემდგომ რეაგირებას”, _ ნათქვამია განცხადებაში.