
6 კვირიანი მკაცრი ლოკდაუნის შემდეგ ესპანეთში ზომების შერბილება იწყება. ესპანელებს შეეძლებათ სეირნობა და სპორტით დაკავება თავიანთი სახლების გარეთ.
ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის პანდემია უკვე კონტროლს დაექვემდებარა. მალე ესპანეთის ხელისუფლება წარადგენს მკაცრი ზომების თანდათანობით შერბილების გეგმას.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილამ დაადასტურა, რომ ესპანეთმა ვირუსის გავრცელების გაკონტროლება მოახერხა.
“ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოახერხებს პანდემიის მეორე ტალღის გამკლავებასაც, თუ ის დაიწყება ოდესმე”,- განაცხადა მან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი მიზანია განკურნებული შემთხვევების ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება.
“ასევე უნდა შევინარჩუნოთ ინფექციების დღიური მატება 1%-იან ნიშნულზე”, – დასძინა მან.
წესების შერბილება ესპანეთში გუშინ, 27 აპრილს, დაიწყო.
თავდაპირველად 14 წლამდე ბავშვებს სახლიდან გამოსვლის და ერთ-ერთ მშობელთან ერთად ჰაერზე 1 საათის ყოფნის უფლება მიეცათ, სოციალური დისტანციის წესების მკაცრი დაცვის პირობით.
2 მაისიდან ესპანელებს ექნებათ უფლება, ისეირნონ ოჯახის წევრებთან ერთად და დაკავდნენ სპორტით სახლის გარეთ.
ეკონომიკური საქმიანობაც თანდათან აღდგება. ბარსელონაში მდებარე სეატის საავტომობილო ქარხანა დღეიდან შეძლებს პროდუქციის ნაწილის გამოშვებას. ქარხანაში დაცული იქნება სოციალური ჰიგიენის ნორმები. 11.000 თანამშრომლიდან მუშაობა მხოლოდ 3.000-ს შეეძლება.
ასევე თანდათან გაიხსნება ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე ფოლკსვაგენის, მერსედეს ბენცის და ნისანის ქარხნები.

