იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი შესწირა. დიდი ხნით გაუჩინარებულმა ივანიშვილმა საზოგადოებას თავი ამით შეახსენა. „ოცნების“ ლიდერები კი ერთმანეთის მიყოლებით ივანიშვილის ღვაწლზე ალაპარაკდნენ. სოფო კილაძე კი იმასაც ელოდება, რომელი პოლიტიკოსი, მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია დაუკავშირებს ამას საპარლამენტო არჩევნებს.
უნდა გავიგოთ ეს წმინდა ქველმოქმედებად თუ ეს არჩევნების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ? – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
_ ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ, რომელზეც დიდი ხანი არაფერი არ ვიცოდით. ეს ქველმოქმედებად უნდა გავიგოთ თუ აქ თქვენ დაინახეთ არჩევნების კონტექსტი?
_ ერთი მხრივ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამდენი ხანი, როცა ქვეყანაში ტესტების პრობლემა იყო და ახლა ვერავინ ვერ იდავებს და ამაზე არავინ აღარ დაობს სახელისუფლებო მხარე, რომ ვისაც უფრო მეტი ტესტი ჰქონდა გაკეთებული, უკეთესია. მე არ ვსაუბრობ ძალიან დიდ და განვითარებულ ქვეყნებზე. მე ვადარებ მაგალითად ესტონეთს, სადაც 24.000 ტესტი ჩატარდა, მაშინ როდესაც საქართველოში 3.000-მდე ჩატარებული პი-სი-არ ტესტი. ამიტომ გასაგებია, რომ ერთგვარად ფინანსების პრობლემაც იყო.
ის, რომ დღეში სამი რეისი უნდა გაკეთებულიყო ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად და სამ დღეში ერთი რეისი ხორციელდება, ესეც იმის დამადასტურებელია, რომ გარდა იმისა, რომ კარანტინით არ იყვნენ მზად, ფინანსური პრობლემაც ჰქონდათ. კარანტინისთვისაც იმიტომ არ იყვნენ მზად ხელისუფალნი, რომ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა აკლდა. ასე რომ, ეს თანხები მენეჯმენტურადაც ადრე გამოყენებული რომ ყოფილიყო თებერვლის ბოლოდან ან მარტის პირველი ნახევრიდან, უკეთესი იქნებოდა.
ერთი მხრივ, ეს საკმაოდ დიდი ფული, 30-33 მილიონი დოლარია, მაგრამ ამ ოდენობის ფულს ერთი დღის განმავლობაში ხან იგებს და ხან აგებს.
ჩემი მთავარი სათქმელი ის არის, რომ ერთი მხრივ ეს ფინანსები კარგია, თუმცა დაგვიანებული, ადრე სჯობდა და მეორე მხრივ ჩემთვის არსებითია ის, რომ ივანიშვილი მსოფლიოში ერთადერთი ხელისუფალია, მით უმეტეს, ერთმმართველი, რომელიც სრულად აკონტროლებს პოლიტიკის ყველა შტოს, ეკონომიკას, მედიის დიდ ნაწილს და ა. შ. და ის არის თავის ოჯახთან ერთად დამალული და ჩაკეტილი.
ბორის ჯონსონი რეანიმაციაში აღმოჩნდა. ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობის ბევრი წევრი ფრონტის წინა ხაზზეა, ზოგი ინფიცირებულია და ზოგს ინფიცირების საფრთხე აქვს, სიცოცხლის საფრთხე აქვთ. ასეთ დროს ქვეყნის ხელისუფალი რომ დამალულია, ხალხს არ ენახვება და მარტო საკუთარ ოჯახზე ზრუნავს, ეს ქვეყნის სირცხვილია. კრიტიკულ ვითარებაში ქვეყანა რომ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება ისეთი ხელისუფალი, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას.
მეორე საკითხია ის, რომ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, ვისაც აქვს რეალური გავლენა ილია მეორეზე და მის ადმინისტრაციაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მას გამოუყენებია ეს გავლენა, როცა თავად სჭირდება. ამიტომ, ეს თანხა საარჩევნო ამბავსაც უკავშირდება, მაგრამ საარჩევნო ამბავი ივანიშვილისთვის არის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ამიტომ, მე მარტო არჩევნებზე ლაპარაკით არ დავწვრილმანდები. ბიძინა ივანიშვილი ან არის საქართველოს ხელისუფალი, ან საქართველოში არ არის ან საქართველოში თავისუფლად არ არის.
ამიტომ, ასეთ ვითარებაში ის საკუთარ ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას და ამაზე ზრუნავს. როდესაც ის საპატრიარქოს აძლევს საშუალებას, რომ ასეთი საფრთხის წინაშე დააყენოს ხალხი, ეს ადასტურებს იმას, რომ ილია მეორისაც კი შეეშინდა.
_ საარჩევნო წელი რომ არის, მაგიტომ შეეშინდა თუ ზოგადად?
_ მარტო არჩევნებს არ ვგულისხმობ. არჩევნები ჩემთვის არის შემადგენელი ბიძინა ივანიშვილის ყოფნა-არყოფნის. მას ან ხელისუფლად შეუძლია ყოფნა, ან თუ გაასწრო, სხვაგან იქნება, ან დიდი ხნით იქნება იზოლირებული.
_ საარჩევნო წელი რომ არ იყოს, მაინც შეეშინდებოდა ილია მეორის და საპატრიარქოსი?
_ კი, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ფაქტორი ამას კიდევ უფრო ამძაფრებს. ერთი მხრივ მარტო შიშის ამბავი არ არის, მეორე მხრივ „ხელი ხელს ბანს“ პრინციპიც არის. თუ აქამდე, 30 წლის მანძილზე ქვეყანას მართავდა შევარდნაძე-ილია მეორე, სააკაშვილი-ილია მეორე, ივანიშვილი-ილია მეორე და ეს იყო ეს იყო ერთი მხარე საერო და საეკლესიო ხელისუფლება ერთმანეთში შეზრდილი და მეორე მხარე ვიყავით ჩვენ – უმცირესობა, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მქონე საზოგადოება. ახლა ამ კორონობისას ორი მხარე გახდა – ბიძინა ივანიშვილი, ილია მეორე და მისი ადმინისტრაცია, ეს არის ბნელი მხარე, ანუ წარსული და მეორე მხარე არის საზოგადოება, ნათელი მხარე, რომელიც მოითხოვს ამ სიბნელისგან ქვეყნის დაცვას და იბრძვის საკუთარი თავის და მომავლის გადასარჩენად.
_ საზოგადოებაშიც ბევრია ისეთი, ვინც ეკლესიის პოზიციებს ახმოვანებს.
_ მე იმას საზოგადოებას არ ვეძახი. არის საზოგადოება და არის მოსახლეობის ნაწილი. ის, ვინც არის საზოგადოება, ის უფრო და უფრო იზრდება. ეს საზოგადოება ჭრელია, მაგრამ მრავალფეროვანი და ეს საზოგადოება შედგება როგორც მრევლის ნაწილისგან, ისე სხვადასხვა აღმსარებლებისგან, ათეისტებისგან, იმ თეოლოგებისა და იმ სასულიერო პირებისგან, რომლებიც არ ემორჩილებიან ამ შავ-ბნელ სახიფათო მიდგომას, რაც აქვს საქართველოს საპატრიარქოს.
ბერძნებს ეჭიმებიან, სერბებს, ბულგარელებს, რუმინელებს… არაფერს ვამბობ კათოლიკურ, პროტესტანტულ თუ სხვა რელიგიებზე. ყველა რელიგიას დაუპირისპირდა და ესაა სიბნელის მხარეს დგომა. ივანიშვილი და ილია მეორე ეს არის ერთი მხარე, ესაა წარსული და სიბნელე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჟამიანობის დასასრულს ქართული საზოგადოება და სახელმწიფო იქნება განუზომლად ძლიერი, ვიდრე იყო ჟამიანობამდე.
ამასთანავე 9 აპრილი იყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენმა თაობამ და თავისუფლება ჩვენი შვილების მოსაპოვებელია ჩვენი დახმარებითაც.
_ პრემიერმა თქვა, რომ ეკონომიკური ზრდა შენელდება და ამას თავადაც არ მალავს ხელისუფლება. დაარტყამს თუ არა ეს ხელისუფლების ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულ რეიტინგს?
_ იმდენად რთული ვითარებაა და ისეთი უმძიმესი პროცესი მიდის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, რომ ჩემთვის არ არის პრიორიტეტული ხელისუფლების საკითხი. მე არ ვუყურებ პროცესებს ოქტომბრის გადმოსახედიდან. ის იქნება პროცესის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ არჩევნებისთვის რა და როგორ იქნება, ეს არ არის ჩემი აზროვნების მთავარი ორიენტირი.
ივანიშვილს საქართველოს ვალი აქვს და მან დაამუხრუჭა საქართველოს განვითარება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულების მხრივაც. ის მონოპოლისტია ეკონომიკაში და ამიტომ ეს ვალი აქვს.
რაც შეეხება ეკონომიკას, ყველა საშუალოდ განვითარებული ქვეყანა ახერხებს, რომ საკუთარი მოსახლეობა დაიცვას. ზოგი 100%-ით აძლევს შემოსავალს, ზოგი 70%-ით. სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციები 100%-ით უზრუნველყოფენ.
ჩვენ ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერის იმედად ვართ, ამიტომ მას ქართული ფინანსები ვერ ამოქაჩავს. ჩვენთვის მთავარია სიცოცხლის გადარჩენა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ბიძინა ივანიშვილს სწორედ აქ მოეთხოვება იმ ვალის დაბრუნება, რომ მილიონები ხალხის მასობრივად გადარჩენას მოახმაროს.
_ ანუ ახლა მან ვალის ნაწილი დააბრუნა?
_ კი, ასეა.
რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს ეკონომიკის ხელახლა გაცოცხლება შეუძლია მნიშვნელოვან დასავლურ ინვესტიციებს, რაც, როგორც ჩანს, იქნება.