დავით ჭიჭინაძე – „მინისტრი თურნავა იმაზე ფიქრობს, რამდენი მოგება ექნებათ მის დამქირავებლებს და რამდენი თვითონ»

დავით ჭიჭინაძე - „მინისტრი თურნავა იმაზე ფიქრობს, რამდენი მოგება ექნებათ მის დამქირავებლებს და რამდენი თვითონ»ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

– ბატონო დავით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გადაიდოს?

– დღევანდელი გადასახედიდან სიტუაცია ძალიან არასტაბილურია. ასეთ პირობებში მე არ მგონია, რომ არჩევნები ხალხისთვის პრიორიტეტული იქნება. თან საუბარია ძალიან სერიოზულ, მნიშვნელოვან არჩევნებზე.

ჩინეთის მაგალითზე, არ არის გამორიცხული, რომ შემოდგომიდან ვირუსის მეორე ტალღა მივიღოთ. თუ ასე მოხდა, სრულიად ბუნებრივად არის მოსალოდნელი არჩევნების გადადება.

თუმცა, მანამდე ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ფინანსების მობილიზება უნდა მოხდეს არა საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, არამედ ადამიანების გაუსაძლისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. პრაქტიკულად ბიუჯეტიდან აპირებენ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ამიტომ, ახლა ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკის და ფულის კეთების დრო კი არ არის, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვძვრეთ ამ კრიზისიდან.

შეიძლება ერთი, ორი თვის შემდეგ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით კრიზისი გარდაუვალია. კოვზანაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა მინუსი იქნება ანუ ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალია. ამიტომ, ახლა ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რა მარაგი გვაქვს. როგორ აპირებენ ამ კრიზისის დაძლევას. ამიტომ არის საჭირო, ხელისუფლებამ წარმოადგინოს ეკონომიკური პროგრამა. შეიძლება მის შექმნაში ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, რომ როგორმე გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან.

– თქვენ ამბობთ, რომ სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება რთული იქნება?  

– რთული იქნება. ძალიან ბევრი პრობლემა ექნებათ ადამიანებს,  არჩევნებისთვის არც ეცლებათ. ამიტომ, ასეთ ვითარებაში საარჩევნო გარემოს შექმნა, სამართლიანი წინასაარჩევნო პირობების შექმნა, ძალიან რთული იქნება.

არჩევნები საარჩევნო პროგრამების, ქვეყნის განვითარების ხედვების ჭიდილია. თუ უბრალოდ ვიღაცას ვადის გახანგრძლივება უნდა, ეს ისედაც შეუძლიათ. ამ საქმეს 76 კაცი ჰყოფნის პარლამენტში და გაიხანგრძლივონ ეს ვადა, რა პრობლემაა. მე რეალურ, სამართლიან არჩევნებზე, თანაბარ პირობებზე ვსაუბრობ. არჩევნებზე,  რომლის შედეგებმაც ამ ქვეყნის გარკვეული პერიოდი უნდა განსაზღვროს.

მე, როგორც პოლიტიკოსმა, ადამიანებს თუ მხოლოდ გადარჩენაზე უნდა ველაპარაკო, სადაც მხოლოდ ხელისუფლებას აქვს უპირატესობა, თანაბარ პირობებზე საუბარიც კი ზედმეტია. ყოფნა-არყოფნის დროს, ქვეყნის კარგ მომავალზე, მის სტრატეგიაზე, მის განვითარებაზე, შეუძლებელია ვილაპარაკო.

– ეკონომიკური მიმართულებით თქვენ რა კითხვები გაქვთ? ეკონომიკის მინისტრი თურნავა ახსენეთ, მასთან კითხვები გაქვთ?   

– თურნავა, მე ამას ვამბობ მისი ეკონომიკის მინისტრად წარდგენის დღიდან, კონკრეტული ფინანსური ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენს. მას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. როდესაც ის დავალებას იღებს, პირველ რიგში, ერთი აზრი მოსდის თავში: აქედან რამდენი მოგება ექნებათ მის დამქირავებლებს და რამდენი თვითონ! მისთვის ქვეყნის ეკონომიკა არ არის პრიორიტეტი. ბევრი კითხვაა.

– პირბადეებთან დაკავშირებით გაქვთ კითხვები?

– არ მგონია, იყოს ქვეყანა, სადაც ასეთი ეკონომიკის მინისტრი ეყოლებათ. ხომ წარმოგიდგენიათ, წინ რა პერიოდი გველოდება. მოწინავე ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც ასევე მოწინავეა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამ ფონზე ძალიან მარტივი დასანახია, ჩვენი ეკონომიკა რა დღეში იქნება. როგორ შეძლებს თურნავა ამ ეკონომიკის ფეხზე დაყენებას?! ამიტომ, გადასახედია როგორც მთავრობის ეკონომიკური ხედვა, ისე ეკონომიკური გუნდიც. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაო აქვს ხელისუფლებას.

მე არ ვიცი, რას ელოდებიან. პრობლემები დღითიდღე ღრმავდება. თავის დროზე, შევარდნაძის ხელისუფლებამ იმის მაგივრად, რომ რაღაც დოვლათი შეექმნა და ხალხისთვის მიეცა უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა, პირიქით, საკუთარ ჯიბეებზე და საკუთარი დოვლათის შექმნაზე დაიწყო ზრუნვა და მოიწყო კიდეც “ვარდების რევოლუცია”. მერე ყველაფერი უკან მოატანინეს.

ასე მოუწევთ ამათაც. ამაზე უნდა დაფიქრდნენ.