ესპანეთი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, დღეიდან გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამსახურში გასვლას შეძლებენ მშენებლები, მწარმოებელ ქარხნებში დასაქმებულები და კიდევ რამდენიმე სერვისის თანამშრომლები.
„ჩვენ გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ყველას გვინდა ქუჩებში გასვლა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, უფრო ძლიერია“, – განაცხადა სანჩესმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება კატალონიის რეგიონული მთავრობა. ადმინისტრაციის მეთაურის, ქიმ ტორას თქმით, არსებობს „დიდი რისკი ეპიდემიის ხელახალი აფეთქებისა“.
ამ დროისთვის ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 169.496-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში მათი რაოდენობა 3.477-ით გაიზარდა, რაც სარეკორდოდ მცირე ციფრია.
მათგან განკურნებულია 64.727 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 38,1%-ს შეადგენს. ეს 1,6%-ით აღემატება 11 აპრილის მონაცემებს.
გარდაცვლილია 17.489 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში მათი რაოდენობა 517-ით გაიზარდა.

