გერმანია გეგმავს, ეტაპობრივად მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყოს. მედიის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მცირე ზომის მაღაზიები გაიხსნება, ხოლო მაისიდან ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან. სხვა ძირითადი შეზღუდვები სამ მაისამდე ძალაში დარჩება.
რაც შეეხება რესტორნებს, ბარებს, მასშტაბურ ღონისძიებებს, ისეთებს როგორიცაა, ფეხბურთის მატჩები, კონცერტები და ფესტივალები, მათი დაშვების თარიღი უცნობია, თუმცა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აკრძალვა სულ მცირე აგვისტოს ბოლომდე გასტანს.
საკითხზე გუშინ კანცლერმა, ანგელა მერკელმაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პროგრესი შენიშნება, თუმცა „ეს პროგრესი მყიფეა“.
16 აპრილისთვის გერმანიაში კორონავირუსის 134.753 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 3.804 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 2.8%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე იქ ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება.
იპნ

