ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო გია, საპარლამენტო არჩევნებზე იქონიებს თუ არა გავლენას ეს პერიოდი?
– იმედი მაქვს, არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ბუნებრივია, გავლენას იქონიებს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამყარო შეიცვლება.
დღეს მოსახლეობა მაქსიმალურად ლოიალურია ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, რეიტინგი მაღალია, მაგრამ ეს რეიტინგი ძალიან მყიფეა. რაც შეეხება ავტორიტეტს, რაც ბევრად უფრო სტაბილური კატეგორიაა, სტაბილური ავტორიტეტისთვის ხელისუფლებას არ მიუღწევია. სიკვდილის შიში განაპირობებს ლოიალობას, ვიდრე ხელისუფლების ეფექტური მოქმედებები. თუ სიკვდილის შიში ლოიალობას იწვევს, შიმშილის შიში პირიქით, აგრესიულს ხდის ადამიანებს ხელისუფლების მიმართ.
როდესაც აქტიური საარჩევნო კამპანიის ფაზაში გადავალთ, სიკვდილის შიში უკანა პლანზე იქნება, წინ შიმშილის შიში წამოვა. ადამიანები აგრესიულები გახდებიან და ხელისუფლება თუ არ იქნება საკმარისად ეფექტური სოციალური რისკების დაზღვევის კუთხით, სერიოზული პრობლემა შეექმნება.
ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ძალიან რთული ამოცანის წინაშეა. ომი დასრულდა, გეშინოდეთ მშვიდობის! სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ხელისუფლებაში იმის რესურსს, რომ სოციალური რისკები დააზღვიოს.
– ამ ფონზე რისი შეცვლა მოუწევს ოპოზიციას?
– ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ ოპოზიციის პრობლემაც გვაქვს. ამიტომ, სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ოპოზიცია რამეს შეცვლის. მათი წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლების ზღვარგადასულ კრიტიკაზე იქნება აგებული. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ხშირ შემთხვევაში უკუშედეგის მომცემია. პოზიტიურ, კონსტრუქციულ დღის წესრიგს მათგან არ ველოდები
– ივნისის მოვლენების დროს ოპოზიციის მიმართ განწყობები სულ სხვა იყო.
– შიშმა განაპირობა დღევანდელი განწყობა. ამიტომ, ხელისუფლებისადმი ადამიანების დღევანდელი დამოკიდებულება ინდიკატორად არ გამოგვადგება, არ შეიძლება ამით განვსაზღვროთ, თუ რა იქნება არჩევნებზე. არც ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ეს ილუზია. ადამიანებს აუცილებლად მოშივდებათ და თუ მათ ამ პრობლემას ხელისუფლება ვერ მოუგვარებს, მერე 20 ივნისიც ყველას გაახსენდება და კიდევ სხვა რაღაცეებიც.
ძალიან არაპროგნოზირებად ვითარებაში აღმოვჩნდით. დღეს დანამდვილებით არც ის ვიცით, ჩატარდება თუ არა არჩევნები ოქტომბერში. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულად საპროგნოზოა, რა იქნება.
– საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ჩავარდეს?
– ესეც თუ ჩავარდა, მაშინ აღარ ყოფილა საშველი. რადგან კონსენსუსი მიღწეულია, შეთანხმება ბოლომდე უნდა მივიდეს. ეს ეტაპი მაინც უნდა გავიაროთ.
– ვირუსის დამარცხების შემდეგ ბევრი ამბობს, რომ მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვლება. ქართული პოლიტიკა შეიცვლება?
– პოლიტიკურ ურთიერთობებში, საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებები ნაკლებად არის მოსალოდნელი. სამყარო სხვა გაგებით შეიცვლება. ეს უფრო სამყაროს ეკონომიკურ მოდელს ეხება. სამომხმარებლო ბულემიისგან განთავისუფლდება სამყარო. ასეთი გლობალური აღარ იქნება სამყარო. გლობალისტური პროექტები უფრო შეიკუმშება.
– რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას?
– რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ბევრი არაფერი შეიცვლება.
– არც ურთიერთობები ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის? დღეს ეს ურთიერთობები სხვანაირია.
– ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის ურთიერთობები დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც აქამდე გვინახავს და იყო. მეტიც, არჩევნებისთვის ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება. ამდენი ხნის შეკავების შემდეგ ერთად ამოხეთქავს.
როგორც კი პოლიტიკური ციკლი გაიხსნება, სერიოზულ ესკალაციას უნდა ველოდოთ.