გია ხუხაშვილი – „ოცნების“ კისერთან აღმართულია დამოკლეს მახვილი და შეიძლება ამოქმედდეს“

გია ხუხაშვილი - „ოცნების“ კისერთან აღმართულია დამოკლეს მახვილი და შეიძლება ამოქმედდეს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლებამ აგრარული ბაზრების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იქ მომუშავე თვითდასაქმებული პირებისთვის ეს არ უცნობებია. უცნობია ისიც, დაეხმარება თუ არა მთავრობა მათ რაიმე სახით.

რამდენად გამართლებულია მთავრობის ეს პოლიტიკა და რა შედეგს მოუტანს ხელისუფლებას რეიტინგის თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს:

_ დაიკეტა ბაზრები, თან ისე, რომ თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვაჭრობით ირჩენდნენ თავს, წინასწარ არც კი გააფრთხილეს. ხომ არ უნდა გაეფრთხილებინათ წინასწარ ეს ადამიანები და ხომ არ არის საჭირო მინიმალური დახმარება, რათა ეს ადამიანები ელემენტარული ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩნენ?

_ რა თქმა უნდა. სოციალური პაკეტი აუცილებელია. იმიტომ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში საკმაოდ მაღალია, საკმაოდ დიდი სეგმენტია თვითდასაქმებულები. სწორედ ამ სეგმენტს მიეკუთვნებიან ბაზრებში თუ ბაზრობებში მოვაჭრე ხალხი, ისინი ყოველდღიურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულები. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების მთავარი კონსტიტუციური ვალდებულება არის ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა, ბუნებრივია ეს ტვირთი და ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით. ესეც სოციალური პაკეტის ნაწილია. გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ტოტალურ ხასიათს ატარებს. იმის ილუზია, რომ ჩვენ სახელმწიფოს შეუძლია ამ სოციალური რისკების გადაზღვევა, ნამდვილად არ მაქვს. ამის საშუალება არ არსებობს და ასეთი მძიმე ვითარებაა ამ მიმართულებით.

_ სამედიცინო თვალსაზრისით ვაქებთ გატარებულ ღონისძიებებს და სწორადაც ვიქცევით, მაგრამ მეორე მხრივ მთავრობის მოქმედებები ეკონომიკურ-სოციალური მიმართულებით ხომ არ არის ან უმოქმედო ან დაგვიანებული და ამ მხრივ არაეფექტიანი ნაბიჯები ხომ არ იდგმევა?

_ მთავრობის მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. სუსტი ეკონომიკა და სუსტი ბიუჯეტი გვაქვს, რაც მთავრობის პასუხისმგებლობაა. ფორსმაჟორში ვეღარ უმკლავდება პრობლემებს, იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს რესურსი ამ სოციალური რისკების გადაზღვევის თვალსაზრისით. ეს ხელისუფლების პასუხიმგებლობაა.

ჩვენ როდესაც დაგვიანებებზე ვსაუბრობთ, კი ბატონო რაღაც ეტაპებზე აგვიანებენ, მაგრამ როცა არ გაქვს რესურსი, აქ დაგვიანებაზე ლაპარაკი ძნელია. არ აქვთ და რითი დაეხმარონ?!

_ ინტერპარტიული ჯგუფის შექმნა ხომ არ იყო საჭირო ან სხვა ფორმატით ოპოზიციისთვისაც ინფორმაციის მიწოდება? ეს შეთავაზება რამდენიმე პარტიას ჰქონდა, მათ შორის „ლელოსაც“.

_ ინტერპარტიული ჯგუფების შექმნა რამდენად საჭიროა არ ვიცი. კი ბატონო, თუ ვინმეს კარგი აზრები აქვს, ამის განხილვა შეიძლება ხდებოდეს სამუშაო ფორმატში. ინტერპარტიულმა ჯგუფმა რა უნდა გააკეთოს?! თუ ვინმეს რამე იდეა აქვს ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, ამის განხილვა შეიძლება. პოლიტიკური პროცესი შეჩერებულია და ჩვენ ყველა ვებრძვით ერთ მტერს, შესაბამისად, თუ რომელიმე პარტიას პროფესიული მოსაზრება აქვს ან იდეა, სამუშაო ფორმატში შეუძლია განიხილოს ხელისუფლებასთან. ჩვენ დღეს ყველა ვართ ლოიალურები ხელისუფლების მიმართ. ასეთი მოცემულობა, ასეთი დრო და ასეთი აუცილებლობა დგას.

_ მაგალითად ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დახმარება, მაგრამ ხელისუფლებისგან რეალურად არც კი მოგვისმენია და არც არა.

_ ეს უნდა ხდებოდეს სამუშაო ვითარებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების მისამართით კითხვები დაგვავიწყდა, რაც გუშინ გვქონდა, ან ხვალ არ გვექნება. დღეს ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სამუშაო ვითარებაში და ეს არ არის პოლიტიკური პოლემიკის საგანი, ან შეიძლება გახდეს. ვისაც რისი გაკეთება შეუძლია ის უნდა გააკეთოს და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხელეწიფება. თუ სააკაშვილს შეუძლია, რომ ვიღაცები ჩამოიყვანოს, კი ბატონო, ჩასვას თვითმფრინავში და ჩამოიყვანოს. პრობლემა არაა.

_ თუმცა მას სჭირდება საჰაერო სივრცის გახსნის ნებართვა.

_ თუ ხელისუფლებისგან რაიმე სჭირდება, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს და ეს არ უნდა ხდებოდეს საჯარო მონოლოგის რეჟიმში. სამუშაო რეჟიმში უნდა ვაკეთებდეთ დღეს ჩვენ ყოველივე ამას.

_ რისი ბრალია, რომ ეს ისევ ორპარტიულ პოლიტიკურ კინკლაობაში გადავიდა?

_ სამწუხაროდ ჩვენ ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ქართული ოცნების მხრიდანაც და ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც კორონავირუსსაც კი პოლიტიკური პრიზმაში განიხილავს. „ნაცქოცური“ დაპირისპირების პრიზმაში განიხილავენ და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ, იგივე „ფეისბუქ-პოსტებს“ რომ დავაკვირდეთ. ქართული ოცნებიდან ვიღაცებს საერთოდ პარტნიორად მიაჩნიათ და გახარებულები არიან, რომ საზოგადოება ლოიალურია ხელისუფლების მიმართ. როგორ შეიძლება ამით იყო გახარებული და პარტნიორად განიხილავდე ამ ვირუსს?!

_ ესეც ხომ არ დაინახეთ, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციას იყენებს პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად?

_ ის რომ ხელისუფლება იყენებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხელისუფლებას ერთი მარტივი რაღაც უნდა ესმოდეს – ადამიანს, როდესაც სიკვდილის შიში აქვს ლოიალური ხდება, მაგრამ როდესაც ეს სიკვდილის შიში უკანა პლანზე გადადის და წინა პლანზე მოდის შიმშილის შიში, რითაც ჩვენი საუბარი დავიწყეთ, ამით უკვე ადამიანი აგრესიული ხდება. შესაბამისად ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ რადგანაც დღეს ლოიალურია საზოგადოება და ჰგონია, რომ ეს ხანგრძლივი ფენომენია, ეს ნამდვილად არ არის ასე. როგორც კი კორონავირუსის თემა უკანა პლანზე გადაიწევს, დაიწყება აგრესია ხელისუფლების მიმართ. როდესაც გახარია ვერ უზრუნველყოფს ადამიანებს იმით, რომ მათ არ მოშივდეთ, გგონიათ გახარიას არ შეიძულებენ?! მეორე დღესვე შეიძულებენ.

_ ანუ პოლიტიკური რეიტინგის თვალსაზრისით ქართულ ოცნებას დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს?

_ პოლიტიკური რეიტინგი საერთოდ ძალიან მყიფეა. ეს არის მოკლევადიანი ფენომენი, ხოლო გრძელვადიანი და სტაბილური პოლიტიკისათვის მხოლოდ ავტორიტეტია. ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს რეიტინგით საზღვრავს, ის მინიმუმ ბრიყვია და არ ესმის, რეალურად როგორ ხდება ეს ყველაფერი. გადახედონ ისტორიას და ძალიან ბევრ შესაბამის მაგალითს ნახავენ. შესაბამისად, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ხვალ აქტუალური გახდება, შეიძლება ხელისუფლებისთვის გახდეს დამოკლეს მახვილი, რომელიც უკვე აღმართულია მის კისერთან და შეიძლება ამოქმედდეს კიდევაც.

საერთოდ ჩვენთან გადახტომამდე ჰოპლას დაძახება ბევრად უფრო პოპულარული სპორტია, ვიდრე საკუთრივ გადახტომა. ასე არ დაემართოს ხელისუფლებას. მე მგონი ჰოპლას დასაძახებლად საქმე ნამდვილად არ აქვს.