გურამ ჩალაგაშვილი – „მოსამართლე მაღლაკელიძეს ოქრუაშვილის ციხეში დატოვება დაევალა“

გურამ ჩალაგაშვილი - „მოსამართლე მაღლაკელიძეს ოქრუაშვილის ციხეში დატოვება დაევალა“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე სასამართლო პროცესები დისტანციურად იმართება. გამონაკლისია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესები, რომლებიც ყოველდღე იმართება და მოსამართლემ პატიმრები სასამართლოზეც გამოიძახა.

“ახალი თაობის” კითხვებს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.

– ბატონო გურამ, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი დაჩქარებული წესით იმართება. ამაზე რას იტყვით?

_ მე მგონი, ყველას გვახსოვს იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ პროცესები გაიმართება დისტანციურად. მიუხედავად ამ განცხადებისა, ირაკლი ოქრუაშვილი მოიყვანეს სასამართლო პროცესზე და ასევე მოიყვანეს მიქაძე და დონაძე.

– დისტანციურად რატომ არ გაიმართა?

– ვერ გეტყვით, როგორც ჩანს ესე გადაწყვიტა მოსამართლემ, რომ ასე ჩატარდეს პროცესი და ირაკლიც და ორი მოწმეც, სასამართლოში გამოიძახეს. ასევე 13 აპრილს, როდესაც ადვოკატს ვადა განუსაზღვრა მოსამართლე მაღლაკელიძემ, სხდომაზე ადვოკატმა საბოლოო, შემაჯამებელი სიტყვა უნდა თქვას. მოსამართლემ იქვე დაურთო, რომ თუ ვერ მოხვალთ, თქვენი ბოლო სიტყვის გარეშე მაინც დავაყენებ განაჩენსო.

– 13-ში გამოუტანენ განაჩენს?

– დიახ, აპირებენ, რომ 13-ში გამოუცხადონ განაჩენი. როდესაც ასეთი დაჩქარებით მიდის, როდესაც ასეთი აგრესიულია ტონი მოსამართლისა, ეს ცხადყოფს იმას, რომ უპირებს, გამოუტანოს გამამტყუნებელი განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– თავიდან, როდესაც ამ მოსამართლეს დაეწერა ეს საქმე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას დაევალა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უნდა დატოვოს ციხეში.

– ბატონო გურამ, როდესაც შედგა შეთანხმება ელჩების თანდასწრებით, მაშინ იყო მოთხოვნა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები უნდა გაეთავისუფლებინათ. დასახელებული იყო კონკრეტული გვარები და მათ შორის ოქრუაშვილის. ამ პირობას დაარღვევს ხელისუფლება? იცვლება სიტუაცია?

– ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, იცვლება თუ არა სიტუაცია. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არის დრო და მინდა მჯეროდეს, რომ მაშინ გაკეთებული განცხადებები ხელისუფლების მხრიდან შესრულდება.

– ანუ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ გამოუშვებენ ოქრუაშვილს?

– მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ამ პოზიტიურ ნაბიჯს, რისი პირობაც დადო, გადადგამს. თუკი ამ პირობას არ შეასრულებს, ეს იქნება კიდევ ერთი არასწორი და უგუნური ნაბიჯი, რის შედეგადაც ხელისუფლება ვერ მიიღებს იმ საჭირო 27 ხმას, რომელიც აქვს ოპოზიციას პარლამენტში.

ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან მოტყუებულები დარჩებიან, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ასევე  საქართველოს მოსახლეობა.

– იქნებ იმიტომ აჩქარებენ პროცესს, რომ მის გამოშვებას აპირებენ? ამ ვარიანტს არ განიხილავთ?

– ყველაფრის განხილვა შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოსამართლის ტონი, მისი დამოკიდებულება, არ მაძლევს ამის ფიქრის საშუალებას. თუ მოსამართლე აპირებს პოზიტიური გადაწყვეტილების გამოტანას,  უნდა გამოიტანოს, რადგან მას არანაირი მტკიცებულება არა აქვს. ერთი ადამიანიც კი ვერ იქნა დაკითხული და მოყვანილი ბრალდების მხარის მიერ, რომელსაც შეიძლებოდა ეთქვა, რომ 20 ივნისის ღამეს ოქრუაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა. ან ვინმეს მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, ან რაიმე მსგავსი.

– ასევე გვესმის სხვაგვარი შეფასებებიც, თუნაც ის, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მძვინვარებს კორონავირუსი და დღეს საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებებისთვის აღარავის ცხელა. ამიტომ ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც მას მოესურვება. თქვენ რას ფიქრობთ?

– ჩვენი ექიმები ამბობენ, რომ დაახლოებით კიდევ სამი-ოთხი კვირა და მერე უკვე კლებისკენ წავა დაახლოებით 10 ივნისისთვის უკვე, ეს პანდემია მთლიანად გადავლილი უნდა იყოს და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

10 ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე საკმაოდ დიდი დროა და არ მგონია, რომ ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდეს იმის იმედი, რომ კორონავირუსი უშველის. ვერანაირად ვერ უშველით, იმიტომ რომ უფრო დიდი გამოწვევები იქნება ხელისუფლების წინაშე და ეს არის ეკონომიკური კრიზისი.

ასე რომ, არ მგონია, ხელისუფლებას გინდ დღეს და გინდ ერთი თვის შემდეგ ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ შეთანხმებები დაივიწყოს და დასავლეთი კიდევ ერთხელ გაანაწყენოს.

– ანუ მოუწევთ ამ პირების ციხიდან გამოშვება?

– თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს საღად აზროვნების საშუალება ამ ქვეყანაში, მაშინ გამოუშვებენ, სხვა შემთხვევაში ეს ძალიან წამგებიანი იქნება ამ ხელისუფლებისთვის და არავითარ შემთხვევაში მის წისქვილზე წყალს არ დაასხამს.

– განიხილება არჩევნების გადადების საკითხიც. ამაზე რას ფიქრობთ?

– არჩევნების გადადების აუცილებლობას დღეს ვერავინ ვერ ვხედავთ. თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 21 მაისამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად, მაქსიმუმ იგივე ვადით შეიძლება გადაიდოს არჩევნები. ამას კონსტიტუცია არეგულირებს და თუ ხელისუფლება რაიმეს ძალით არ მოინდომებს, მიმდინარე წლის ბოლომდე არჩევნები უნდა ჩატარდეს ნებისმიერ შემთხვევაში.