ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, ხელისუფლებამ ყველა ბაზარი დახურა, ამან კი მოსახლეობას და თავად იქ მოვაჭრეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ითქვა ისიც, რომ კონკრეტული ბიზნესინტერესები იკვეთება. რას იტყვით თქვენ?
– კი ბატონო, ძალიან კარგია ეს კამპანია – დარჩი სახლში, ნორმალური და სწორია, თუმცა ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ დარჩით სახლში და ამოწყდით მშივრები.
– უმუშევრად დარჩენილებს ახლა ბაზრების მოვაჭრეებიც შეემატნენ.
– ბაზარში ადამიანებს, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქტი ჰქონდათ, მიცვივდნენ და უთხრეს, ბაზრები დაიხურაო. ეს პროდუქტები სად წაიღონ ამ ადამიანებმა, ამაზე რამე შეთავაზება მიიღეს?! 40 ათასზე მეტი ადამიანია საქართველოს სხვადასხვა ბაზრებში დასაქმებული. ეს ადამიანები გადასახადის გადამხდელებიც იყვნენ და ეს ბიუჯეტი ამ ადამიანებსაც ეკუთვნით.
სახლში დასხდნენ, ზარალი ნახონ და თან ხელისუფლებამ არაფერი მიაწოდოს, ეს სადაური წესია. შეერთებულ შტატებში და ყველა ევროპულ ქვეყანაში, სადაც ასეთი კარანტინები და მძიმე დღეებია, ბიუჯეტიდან გამოყოფილია კონკრეტული თანხები, რომ ადამიანებს კვების პრობლემა არ შეექმნას.
– ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება?
– ერთადერთი საქართველოა, სადაც არანაირ დახმარებას, არაფერ ხელშესახებს ეს ხელისუფლება არ აკეთებს.
ხალხი მართლაც ყველაფერს აკეთებს კორონას საწინააღმდეგოდ, პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა გადაწყვეტილებას. ხელისუფლების როლი მარტო ის კი არ არის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამომიცხადოს და მერე პატრულს ჯარიმები აწერინოს, 5 წუთით თუ გადამიშორდება სახლში შესვლა. მათი ფუნქციაა, რომ რაციონალურად მოხდეს ბიუჯეტის გადანაწილება, სწრაფად შეიმუშაონ ანტიკრიზისული გეგმა და ასე შემდეგ.
ამ თვენახევრის განმავლობაში, ჩვენ მსგავს ვერაფერს ვხედავთ. რა ქნას ამდენმა მოვაჭრემ, რომ გაუფუჭდება პროდუქცია. ვინ აუნაზღაურებს ამ ზარალს?!
– სერიოზული თავშეყრის ადგილი იყო ბაზრები და ვერ ვაკონტროლებდითო.
– კი ბატონო, ესეც მესმის. წინასწარ ხომ ვიცოდით, რომ კიდევ უფრო მძიმე რეალობა გველოდებოდა. ბაზრის მეპატრონეებისთვის ეთქვათ, რომ ახალი აღარ შემოიტანოთ და რაც გაქვთ, ის პროდუქტი ამოყიდეთ ან ის ეთქვათ, რომ თქვენს პროდუქტებს გადავანაწილებთ და სხვადასხვა ქსელებში შევიტანთ, მსხვილ მარკეტებში და ასე შემდეგ. ეს ხალხი პირდაპირ დასვეს ნულზე. შეუვარდნენ უცებ, დაკეტეს და მორჩა ყველაფერი.
– დიდ მარკეტებში ხომ შეიძლება ამ პროდუქციის შეტანა, იგივე კარფურში და ასე შემდეგ?
– რა თქმა უნდა, მეც მაგას ვამბობ. კოორდინაცია უნდა ყოფილიყო და ლაპარაკი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ის კი არა, რომ წადით სახლში და ამოწყდით მშივრები.
დაებარებინათ ამ ქსელური მარკეტების ხელმძღვანელები და ეთქვათ, რომ გარკვეული პერიოდი პროდუქტი არ შემოიტანოთ და პროდუქტებს ბაზრებიდან მოგაწვდით, რომ არ გაფუჭდეს და ეს ხალხიც არ დავაზარალოთ. აი, ეს იქნებოდა სწორი.
ყველა ბაზრის დირექტორმა იცის, რა რაოდენობოს პროდუქტი შეიძლება ჰქონდეთ მის მოვაჭრეებს ადგილზე. რა უნდოდა ამის მოგვარებას? მაგრამ ფეხებზე დაიკიდეს ეს ხალხი. მერე უკვირთ, რატომ გვიჩნდება კითხვები.
– ხომ არ იკვეთება ვიწრო ბიზნესინტერესები?
– კი ბატონო, ასეა, ის, ვისაც ისედაც დიდი ფული ჰქონდა, კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის. თუ ვინმე ამ პრივილეგიებით სარგებლობს, არიან ისევ ეს მსხვილი ბიზნესები. ისეთი ვაჭრობა აქვთ დღეს ამ მსხვილ მარკეტებს, რომ ალბათარ ექნებოდათ ასი წლის განმავლობაში. კარფურზე თამამად შემიძლია ვთქვა, იმიტომ, რომ თავად გადავამოწმე და თებერვალში კარტოფილი თუ ღირდა 1 ლარი და 10 თეთრი, ახლა ღირს 2 ლარი და 20 თეთრი. ყველაფრის ფასები გაორმაგებულია. ყველა პროდუქტი გაძვირდა.
– იყო პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც არ უნდა გაძვირებულიყო.
– ეს ყველაფერი ტყუილია. ეს მთავრობა მარტო ლაპარაკობს და ლაპარაკობს იმას, რისიც თვითონაც არ ჯერა. რეალურად კი სულ სხვა რამ ხდება ქვეყანაში. ყოველთვის ასეა, ისინი სხვა რამეს ამბობენ და სხვა რამ ხდება. წიწიბურაზე ფასი არ მოიმატებსო, არც მაკარონზეო და თუ ფიზიკურად ვერ ვიშოვეთ, მაღაზიებში თუ არ იქნება წიწიბურა და მაკარონი, რა მნიშვნელობა აქვს, მოემატება თუ არა ფასი. შედით აბა კარფურში, ან მაკარონს თუ ნახავთ და ან წიწიბურას?! ფიზიკურად არ არის. გულით რომ გინდოდეთ, ვერ იყიდით.
ბიძინა ივანიშვილი ხომ ამ დრომდე არ უნახავს არავის, ბუნკერშია დამალული. მიხვდნენ, რომ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან და თურმე 100 მილიონი ლარი ჩაურიცხავს ფონდში. საუბარია 30 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. კარგით რა, ბიძინას ოთხჯერ მეტი დაუჯდა სალომეს გაპრეზიდენტება. ამაში ოთხჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მან ეპიდემიასთან ბრძოლისთვის გაიღო. თურმე 100 მილიონი გადარიცხა. 30 მილიონი დოლარი არის ბიძინა ივანიშვილის ქონების მცირე ნაწილი.
– შეუძლიათ, რომ შემოგედაონ, ეს არის ქველმოქმედება და რამდენსაც უნდა, იმდენს გადარიცხავს, დაუნახავები არ უნდა ვიყოთო…
– უკაცრავად, მაგრამ არანაირი ქველმოქმედება ეს არ არის. მარტო საყდრისის აფეთქებით ორი მილიარდი ლარი წაიღო. რა, ეს მისი ქონება იყო?! ჩვენი, ხალხის იყო საყდრისი და სხვა ყველაფერიც. გაძარცვა და ორი მილიარდი მარტო მანდედან წაიღო!
უკაცრავად, მაგრამ რკინიგზიდან 300 მილიონი რომ არის დაკარგული, დღგ-ს საქმიდან ასობით მილიონი ლარია გამქრალი. თითო კოლოფი სიგარეტიდან 5 თეთრი რომ უნდა წასულიყო მაგათ “ობშიაკში”, ასე თქვა ჩხარტიშვილმა, ჩვენ დებილები კი არა ვართ. რაც ეს ქვეყანა გაძარცვა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წლებში, იმის 30% მოაბრუნოს უკან და მეტი არ გვინდა.
ასობით მილიონ ლარს ის არჩევნებზე ხარჯავს. ას მილიონ ლარზე მეტი მარტო ზუგდიდის არჩევნები დაუჯდა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ! და მერე ასი იმდენი აქვს ამოღებული. ივანიშვილმა ეს ფული ერთი თავისი ფონდიდან აიღო და მეორე თავის ფონდში გადარიცხა. ამას ისევ თვითონ განკარგავს და დახარჯავს.
არ დაგავიწყდეთ, რომ მილიონობით ლარი წამოვა მსოფლიოდან საქართველოს დასახმარებლად და აი ამ ფულს მოასხდებიან სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა! ასი მილიონი კი არა, ათმაგად ამოიღებენ. 138 მილიონ ევროს მარტო ევროკავშირი გამოყოფს და ეს ლამის 500 მილიონი ლარია.
– ლევან, ოპონენტები აქაც შემოგედავებიან. მთელი მსოფლიო აქებს ჩვენს ხელისუფლებას და მარტო ქართული ოპოზიცია ლანძღავსო…
– უკაცრავად რა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. 2 ათას ტესტს რომ გააკეთებ, 5 ათასი შემთხვევა ვერანაირად ვერ გექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სახლში გადააქვს კორონავირუსი. თუ არ იხრჩობი, ტესტს არ გაგიკეთებენ. რამდენი ადამიანი მივიდა მსგავსი სიმპტომებით და უკან გამოაბრუნეს და მერე აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ჰქონდათ.
მოდი, მაშინ ასე გავაკეთოთ, ვინც იხრჩობიან, იმათაც არ გავუკეთოთ ტესტი და საერთოდ ნულზე გვექნება კორონა და ვთქვათ, რომ არ გვაქვს! რა, თავი გვინდა რომ მოვიტყუოთ?! ვის ვაჩვენებთ ამით, რომ მაგრები ვართ?! თუ ტესტს არ გავაკეთებთ, არც ერთი შემთხვევა არ გვექნება. რამდენი ადამიანი კვდება კიდევ და სულ არ ვიცით, კორონათი მოკვდა თუ ინსულტით, ეს კიდევ ღმერთმა იცის!
სხვა ქვეყნებს იმიტომ ჰყავთ ამდენი დაავადებული, რომ ისინი აქტიურ ტესტირებას აწარმოებენ. ჩვენთან ორი ათასი ტესტიც არ არის გაკეთებული და 220 შემთხვევაა. ვის აბოლებენ, მათემატიკა ყველამ ვიცით. აბა ჩაუტარონ ტესტირება 1 მილიონ ადამიანს და ვნახავთ, რამდენი კორონავირუსიანი აღმოჩნდება!
ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. კი ბატონო, იყოს ასე, ღმერთმა ქნას, არ იყოს ბევრი შემთხვევა და ეს ყველაფერი მშვიდობიანად გავიაროთ. მერე რა იქნება, ვირუსი რომ გაივლის?!
– რა იქნება?
– მთავრობა პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. ერთადერთი გვაფრთხილებს, რომ გარეთ არ გავიდეთ. მეტს რას აკეთებენ ესენი?! რაში არიან ორგანიზებულები?! ორგანიზებული აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა, რომ ყველა დავალებას ასრულებენ. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ქალაქის მერები ქუჩაში დასდევდნენ ხალხს, შედით სახლშიო. ხალხმა ყველა რეგულაცია შეასრულა. მთავრობა რას აკეთებს ამ დროს, ჩვენ რომ სახლში დავრჩით? რამე პროდუქტს გვაწვდის თუ რას აკეთებს?!
არც არაფერს არ აკეთებს და ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაუტრიალდებათ! კორონა გაივლის, დავამარცხებთ და მერე რომ უმძიმესი ვითარება გველოდება, აი ამისთვის უნდა ემზადებოდეს ხელისუფლება. ესენი კი რაღაც პოლიტიკურ ბატალიებში იხლართებიან
– რას გულისხმობთ?
– თუნდაც გუშინ ხუთი ქალაქის მერი რომ მოხსნეს. ახლა ამის დრო იყო? ამისთვის სცალიათ?!
– რატომ მოხსნეს მერები?
– არჩევნებისთვის ემზადებიან. თქვენ რა გგონიათ, ესენი კორონაზე კი არ ნერვიულობენ, ბუნკერში იკრიბებიან და იმას წყვეტენ, მერი ვინ უნდა ჩაანაცვლოს.
ხალხო, სიგიჟეა! ნუ ექნება ნურავის წარმოდგენა, რომ ესენი ხალხზე ფიქრობენ. ამ კორონას პირობებში ეს ტიპები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომელი მერები გაეშვათ.
საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ!