მამუკა გამყრელიძე – „მასობრივი ტესტირება სისულელეა, სულ არ მეშინია ნაციონალების კრიტიკის!”

მამუკა გამყრელიძე - „მასობრივი ტესტირება სისულელეა, სულ არ მეშინია ნაციონალების კრიტიკის!"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას? ხელისუფლების მისამართით მაინც ისმის კრიტიკა, რა შეცდომებს უშვებს გახარიას გუნდი?

– სიმართლე გითხრათ, მე განსაკუთრებულ შეცდომებს ვერ ვხედავ. ის მთავარი პრობლემა რაც არის, ჯანდაცვის პრობლემა, ამას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. არავინ ვართ შორს იმისგან, რომ ელემენტარული პრობლემები ყოველთვის იქნება. თუმცა ის მთავარი მომენტი, რაც ჯანდაცვას სჭირდება, რომ მაქსიმალურად გაწელილიყო პიკის პროცესი, ეს ჯერჯერობით შეძლეს. აფეთქება არ მოხდა და დიდი დატვირთვის მიღება სამედიცინო დაწესებულებებზე არ მოხდა. ნელ-ნელა ხდება გაზრდა და ამასობაში გამოჯანმრთელებასაც ასწრებს ხალხი, რაც კარგია.

ასევე მოხდა ხალხის გადამზადება, ასევე საკარანტინე ზონებისთვის, რითიც დატვირთეს სასტუმროები. ამანაც გარკვეული შეღავათი მისცა სასტუმროებს, რომ ამოისუნთქონ. მოკლედ, ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებენ.

– თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარჩა უმუშევარი და ძალიან მალე დაიწყება ეკონომიკური პრობლემები.

– ეს უკვე მეორე საკითხია, თუმცა ჯერ დაწყებულ საკითხს დავამთავრებ. ასევე ტესტირებებზე მიდის ძალიან ბევრი ლაპარაკი და დავა და ესეც ძალიან საფრთხილო საკითხია. საქართველოს ეროვნული გენეტიკური ლაბორატორია არსებობს, რომლის ხელმძღვანელმაც ღიად განაცხადა, რომ აქვს ძალიან ბევრი ტესტი, მაგრამ მათი ფასი არის 620 ლარი და შეუძლია ეს ტესტები მისცეს სახელმწიფოს.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს ითქვა, რომ 50-50/-ზეა მათი სიზუსტე და რანაირად შეიძლება ვენდოთ. მასობრივმა ტესტირებამ ზოგიერთ ქვეყანაში უკუშედეგი გამოიღო და პირიქით გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. უნდა მოხდეს ტესტირება მხოლოდ იმ ხალხის, ვისაც გამოაჩნდა სიმპტომატიკა და ასევე ტესტირება უნდა მოხდეს რისკ ჯგუფების. ამათი ტესტირება ნორმალური იქნება და რაღაცნაირად შეძლებს სახელმწიფო ამის ატანას ეკონომიკურადაც და ლოჯისტიკურადაც. მასობრივი ტესტირება კი სისულელეა.

– ოპოზიცია აქტიურად მოითხოვს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას სხვადასხვა ქვეყნებიდან. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ამაზეც ერთი ამბავია ატეხილი. ხელისუფლება კი შეხედეთ, რას აკეთებს, ნელ-ნელა ჩამოჰყავს, არ ჩამოჰყავს ერთბაშად. ყველა ერთად რომ ჩამოიყვანონ, ამას როგორ გაუმკლავდეს სახელმწიფო? მათ იზოლაცია სჭირდებათ, შესაბამისი პირობები, გამოკვება.

– ბატონო მამუკა, ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლოა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვეთ თქვენი თანამოაზრეების მხრიდან, რადგან ნაცმოძრაობა ითხოვს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დააბრუნოს 5 ათასი ემიგრანტი.

– თვითონ მიხეილ სააკაშვილი გამოდის უკრაინის ტელევიზიით და იძახის, ხალხის სწრაფად ჩამოყვანა დიდ პრობლემებს შექმნის უკრაინაშიო. იქ თუ შექმნის პრობლემებს, აქაც იგივე პრობლემები შეიქმნება?! რაც უნდათ, ის თქვან, საერთოდ არ მეშინია მაგათი კრიტიკის, ყელში ამოვიდნენ უკვე ამ კრიტიკით. მე ჩემს შეხედულებას გამოვხატავ.

საერთოდ ასეა, უნდა გააკეთო ის, რისი თავიც გაქვს, რაც შეგიძლია. ადგე, გადახტე და ჩავარდე ორმოში, ეს ბევრად საშიშია. ამიტომ აკეთებენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ. კი ბატონო, იმ ხალხისაც მესმის, მართლა უმუშევარია და ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. საელჩოებმა რაღაცნაირად უნდა შეძლონ მათთვის პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდება. რომ იარსებონ იქ, სადაც არიან და ნელ-ნელა მოხდეს მათი გამოყვანა. ამ ხალხის ჩამოყვანა პრობლემა არ არის, გაგზავნი თვითმფრინავებს და ორ-სამ დღეში ჩამოიყვან ყველას. თუმცა მერე აქ იქმნება პრობლემები. ასევე იმისაც ეშინიათ, რომ აქ არ მოხდეს ვირუსის აფეთქება.

– ბატონო მამუკა, ეკონომიკური სიტუცია როგორი იქნება?

– ამ კორონავირუსის ჩამთავრების შემდეგ. ორ-სამ თვეში, დაიწყება უმძიმესი კრიზისი. ჩვენ აუცილებლად შევალთ ამ ეკონომიკურ დეპრესიაში, რომელიც იქნება ხანგრძლივი და ძალიან მძიმე დეპრესია. ეს არამარტო საქართველოში. არამედ მთელ მსოფლიოში ასე იქნება. ამიტომ ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, მაინც ვერაფერს შეცვლის. ბრიტანელები და ამერიკელები ამბობენ, რომ 20-25%-ის ფარგლებში იქნება უმუშევრობა. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა რიცხვია და ისედაც უმუშევარ საქართველოში ეს რა შედეგებს მოიტანს?!

და ასეთ პერიოდში სრული უზნეობა იყო ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან გამოსვლა და თქმა იმის, რომ ონლაინ გაყიდვები უნდა შეჩერდეს. ეს უზნეობის პიკია!

– ნაწილობრივ დაუშვეს ონლაინ გაყიდვები. თუკი შესაბამის პირობებში მოხდება ეს ყველაფერი, მაშინ მივცემთ უფლებასო.

– გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ვისაც მინდა, იმას მივცემ. ეს არის კორუფციის წყარო! მერე ვიღაცას მისცეს, ძალიან მარტივად ჩახსნიან კონკურენტებს. ხომ ნახეთ, რაც მოხდა, არც ერთი ელექტრო მაღაზია არ მუშაობს, თუმცა კარფურში იყიდება იგივე ელექტრო ნაწარმი.

– იმის თქმა გინდათ, რომ გამოიკვეთება პრივილეგირებული ჯგუფები?

– რა თქმა უნდა, ასე იქნება. ჩემს უბანში დგანან პოლიციელები და არაქსელურ მაღაზიებს ამოწმებენ, მე გეუბნებით იმას, რასაც ვაკეში ვხედავ ჩემი თვალით. მუდმივად დგანან ამ პატარა მაღაზიებთან და ამოწმებენ, რამდენი ადამიანი შედის. კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქსელურ მაღაზიებთან რატომ არავინ დგას?! არასდროს არავინ ამოწმებს. კიდევ კარგი, რომ ეს ქსელური მარკეტები თვითონ მუშაობენ ძალიან ზუსტად და კარგად. ყველა მითითებას იცავენ. თუმცა პატარას რომ ამოწმებ, დიდიც შეამოწმე ხანდახან. ეს რას ნიშნავს, იცით?!

– რას?

– ყველაფრის გამსხვილება მოხდება. ეს საშინელი მძიმე პროცესია. როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესს ძირითადი წნეხი დააწვება. მივიღებთ პრივილეგირებულ ჯგუფებს. ახლა ვიღაცა ხელის მოთბობას ცდილობს.

– კერძოდ, ვინ?

– ეკონომიკის სამინისტრო იქნება ეს თუ კონკრეტული დეპუტატები. ისინი შეეცდებიან თავისი პროტეჟეების უფრო მარტივ პიროებებში ჩაყენებას და ვიღაცეების ჩახსნას.

იგივე ეხება სამშენებლო ბიზნესს. თავიდან ხომ თქვეს, სამშენებლო ბიზნესმა უნდა იმუშაოსო, მერე ვიღაცას მისცეს, ვიღაცას არა. გამოდის ,რომ კალაძე მიიღებს ამ პრივილეგიებს, ვიღაცა ვერ მიიღებს. მიდის ისედაც მწირი ბაზრის გადანაწილება ვიღაცეების სასარგებლოდ.

რბილად რომ ვთქვათ, ეს უზნეობაა! ეხლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამშენებლო ბიზნესის გაჩერება. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. საქართველოს ამის ფული არა აქვს. ახლა დაძრული უნდა იყოს მთელი მინისტრთა კაბინეტი, რომ სადღაც რაღაცა ფინანსურ ცენტრებში ფული მოიპოვონ. რომ შემოვიდეს რაღაცა ერთი-ორი მილიარდი დოლარი მაინც, რომ მერე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაინც დაასაქმონ ეს უმუშევარი ხალხი და მათ მისცენ საშუალება, რომ ერთი-ორი კაპიკი სახლში მიიტანონ. თუ ეს არ მოხდება, განადგურდება ქართული ეკონომიკა.

– საარჩევნო წელია, რას ელოდებით?

– ჯერ საერთოდ არ ვიცით, არჩევნები იქნება თუ არა. იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კარანტინი. თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება შემოდგომამდე, მაშინ საერთოდ რა არჩევნებზეა ლაპარაკი.

– ხელისუფლებას აწყობს არჩევნები და ოპოზიციას არ აწყობსო. ასეა?

– თუ შეძლეს სამედიცინო თვალსაზრისით და გაწელეს ეს პროცესი და არ დაუდგათ პიკი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალიან დიდ პლიუსში იქნება. მეორე საკითხია, თუ კორონავირუსი უკან დაიხევს და ეკონომიკური პრობლემები წამოვა წინ, მაშინ მე არ ვიცი, რა იქნება.

– ამ სიტუაციაში პროგნოზი რთულია?

– კი, რთულია. ეს პიკი თუ გაწელეს და ვხედავთ, რომ წელავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ზაფხულშიც გადავა. ეს პიკი გადაიწევს კიდევ ორი თვით და ასე მივალთ ზაფხულის ბოლომდე. ზაფხულის ბოლოს შეიძლება მორჩეს. ამიტომ ოპოზიცია ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნება.

ერთს ვიტყვი, ამ ვირუსმა საქართველოს მისცა უნიკალური შანსი, რომ ერი გაერთიანდეს. ეს ან უნდა გამოვიყენოთ, ან წყალში გადავყაროთ ეს შანსი! ორივე მხრიდან მოძრაობაა საჭირო.