მურმან დუმბაძე – „დღეს ოპოზიცია მთავრობის გვერდით ვდგავართ“

მურმან დუმბაძე - „დღეს ოპოზიცია მთავრობის გვერდით ვდგავართ“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

– ბატონო მურმან, როგორ შეაფასებთ მთავრობის, პრემიერის მუშაობას, შექმნილ ვითარებას რამდენად ართმევს თავს გახარია?   

– დღეს ოპოზიცია მთავრობის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობაზე. მთავრობის ადგილზე უფრო კონსტრუქციული ვიქნებოდი ოპოზიციის მიმართ.

– თქვენ რა შენიშვნა გაქვთ?

– სწრაფი ტესტირება რომ დაგვიანებულია, ეს აშკარაა. ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა, მაგრამ რაც არის, ეს არის. 24 საათი მუშაობენ, თვალები დაწითლებული აქვთ, ყველა ღონეს ხმარობენ და ამის გამო მთავრობას კრიჭაში ვერ ჩავუდგებით, მაგრამ კარგი იქნებოდა, თადარიგი ბევრად ადრე რომ დაგვეჭირა.

როდესაც პანდემია გამოცხადდა, უნდა გვეფიქრა იმაზე, რომ ეს ჩვენც შეგვეხებოდა. ახლა რომ გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: გატესტეთ, გატესტეთ და კიდევ გატესტეთ, ამაზე ადრევე უნდა გვეფიქრა და უნდა დაგვეჭირა თადარიგი. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მასობრივი ტესტირების შემთხვევაში, ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფიცირებული გვყავდეს.

პანდემიას ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს საერთო გამოწვევაა და აქ პოზიცია-ოპოზიცია არაფერ შუაშია, მაგრამ შენიშვნებს ღიად ვიტყვი და ამის თქმას ვერავინ დამიშლის.

– ეკონომიკურ გამოწვევებს რამდენად გავუმკლავდებით? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით მთავრობამ?

– მთავრობა ვალდებულია, ყველანაირი ეკონომიკური გათვლა ქაღალდზე გადაიტანოს და გააცნოს საქართველოს მოქალაქეებს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, უახლოეს მომავალში რა ელოდებათ ეკონომიკური მიმართულებით.

– მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ პირველი პრიორიტეტი ვირუსის დამარცხებაა. 

– გასაგებია, მაგრამ მე ვშიშობ, ვირუსის დამარცხებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენება. ამიტომ, ახლავე არის თადარიგი დასაჭერი.

რას უპირებს მთავრობა მოწყვლად ჯგუფებს. იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხანში შიმშილს დაიწყებენ?! ქვეყანა კარანტინშია, მისი ეკონომიკური აქტივობა გაჩერებულია, ქუჩაში სამხედროები არიან გამოსულები, მოსახლეობას მარაგი ამოეწურება და მე ვშიშობ, რომ ამის მერე დაიწყება ის, რაც დაიწყება. სანამ აქამდე მივსულვართ, ამ მიმართულებით რაღაც უნდა იღონოს მთავრობამ.

– რას სთავაზობთ?

– უნდა გვითხრას, როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაჭრას. თუ არ აქვს ხედვა, ოპოზიციურმა პარტიებმა გარკვეული მონახაზი დადეს და მისი გათვალისწინება უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა გვითხრას.

ძალიან რთულ მდგომარეობაშია დღეს მთავრობა, სუპერ სახელმწიფოები არიან ურთულეს მდგომარეობაში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვიყოთ?!

– თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

– გაერთიანებაში. დღეს შენი იდეა, ჩემი იდეა არ უნდა იყოს. საქმეს რაც წაადგება ის უნდა გაკეთდეს! გახარიას პრობლემა არ არის პანდემია, ეს მე მესმის, არც ოპოზიციის პრობლემაა, მაგრამ დღეს გახარიაა მთავრობის მეთაური და ის არის ვალდებული გვითხრას, რას აპირებს ეკონომიკური მიმართულებით.

მე არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული, მაგრამ უკვე ყველაფერი იწურება. ჩემზე გაჭირვებული ადამიანები ხომ ბევრად მეტია ამ ქვეყანაში, მათ რას ვუშვრებით?!

ჩემი შვილი დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს, ოჯახის ყველა წევრს სახელმწიფოსგან უკვე ჩაერიცხა ფულადი დახმარება. გასაგებია, რომ ის ამერიკაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამაც რაღაც უნდა იღონოს სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. გაჭირვებული ადამიანებისთვის. ეს ბაზა არსებობს ქვეყანაში და მისი მოძებნა არ არის რთული.

ამას ვამბობ იმიტომ, რომ ერთ თვეში ხალხი შიმშილს დაიწყებს! არ უნდა ჯიბრში ჩადგომა, ოპოზიციას აქვს წინადადებები და საჭიროა მათი გათვალისწინება ან გადამუშავება და ა.შ. დღეს ჯიბრში ჩადგომის დრო არ არის. ჩვენ, ოპოზიცია მთავრობის გვერდით ვდგავართ და ეს უნდა გაითვალისწინონ.

ერთიც მინდა ვთქვა, დასავლეთის, დიდი სახელმწიფოების ლიდერებს ეს სენი შეეყარათ. შეეყარათ იმიტომ, რომ სახლში კი არ გამოიკეტნენ, საკუთარ ხალხთან, საკუთარ მოქალაქეებთან ერთად არიან.

აუცილებელია, ეს განცდა ჰქონდეთ ადამიანებს. მე ვკითხულობ, სად არის ბიძინა ივანიშვილი?! ის უნდა გამოჩნდეს და ხალხი უნდა გაამხნევოს. მან ეს უნდა გააკეთოს!