„ოქრუაშვილის გამოშვება 25 მაისისთვის გადაიდო“

„ოქრუაშვილის გამოშვება 25 მაისისთვის გადაიდო“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს გამარჯვებული საქართველოს ერთ ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.

– ბატონო გურამ, საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენად ელოდით ამ შედეგს?

– ორი მუხლით იყო ირაკლი ბრალდებული, ერთი ორგანიზება, ხოლო მეორე _ მონაწილეობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ორგანიზების მუხლი მოუხსნა მოსამართლემ და თქვა, რომ არ ყოფილა ორგანიზატორი, ხოლო 5 წელი მიუსაჯა იმისთვის, რომ იქ იდგა. როგორც 50 ათასი ადამიანი იქ ვიყავით იმ ღამეს, სწორედ იქ დგომის გამო გამოუტანა 5 წლიანი განაჩენი. ანუ ამ მოსამართლის გადაწყვეტილებით ყველა ეს ადამიანი, ვინც იქ ვიყავით, მინიმუმ 5 წლით ციხეებში ვართ ჩასასმელი. აი ეს არის გადაწყვეტილება მოსამართლისა.

– დაირღვა თუ არა შეთანხმება? ყველას კარგად გვახსოვს ელჩებთან დადებული შეთანხმების მეორე ნაწილი, სადაც დასახელდა იმ პატიმრების გვარები, რომლებიც უნდა გამოეშვა ხელისუფლებას.

– ჯერჯერობით ბოლომდე მაგას ვერ ვიტყვით, რომ შეთანხმება დაირღვა, იმიტომ, რომ პატიმრების გამოშვებაზე როცა იყო შეთანხმება, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც იქნებოდა პირველი მოსმენით კენჭისყრა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა, პირველ მოსმენამდე ეს შეთანხმება უნდა შესრულებულიყო.

– 5 წელი რომ მიუსაჯეს უკვე?

– 25 აპრილს იყო პირველი კენჭისყრა თავის დროზე ჩანიშნული, ახლა კი საგანგებო მდგომარეობის გამო 25 დღით, მაქსიმუმ ერთი თვით, მაისის 20 რიცხვამდე გადაიწია ამ ვადებმა. რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი თვე ადამიანი შეუძლიათ, რომ გააწამონ და გაამწარონ.

იგივე შემთხვევაა გიგი უგულავასთან დაკავშირებით, მას მისჯილი ჰქონდა ბოლო ინსტანციით და რადგან უგულავაც მოიაზრება და მოიხსენიება, რომ არის პოლიტპატიმარი, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა, იყო საუბრი იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი გიგის გასათავისუფლებლად არის შეწყალება.

– რა ხდება ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში?

– ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი, ერთი არის ის, რომ ერთი თვის ვადაში ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს და სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ეს ყველაფერი დაარეგულიროს, ან მეორე ვარიანტი იქნება, თუ არ აპირებენ შეთანხმების დარღვევას, უნდა შეიწყალონ, ისევე როგორც უგულავა.

– რა იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში?

– დღეს, კორონავირუსს ჯერ კიდევ იყენებს ხელისუფლება. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი არ იქნება მუდმივად, რომ ის ძალიან მალე დასრულდება, მაისის ბოლოს, ივნისის შუა რიცხვებში, რასაც მოჰყვება გაცილებით უფრო დიდი პრობლემა, რასაც ჰქვია ეკონომიკური კრიზისი.

ქვეყანაში უკვე დაწყებულია შიმშილი იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა უმუშევარია დარჩენილი, ეს ყველაფერი კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა.

– გამოსავალი არ არის?

– აქ არანაირი გამოსავალი არ არსებობს. საუბარიც ზედმეტია ტურიზმზე, არავინ არ გამოიქცევა ჩვენს ქვეყანაში ამ თვეების განმავლობაში. ასევე ათიათასობით ადამიანი დაბრუნდა ევროპიდან და ამერიკიდან, ეს ხალხი უმუშევარი დარჩა. დაახლოებით ერთი მილიარდი შემოდიოდა ემიგრანტების ხარჯზე, ამ ფულის შემოდინებაც ვერ მოხერხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება ძალიან მძიმე. ერთადერთი გზა და გამოსავალი ამ კრიზისიდან გამოსვლის არის ხელისუფლების სწორი გეგმა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება, თუ არ იქნება დასავლეთიდან საერთაშორისო პარტნიორების დახმარება.

– ამ ფონზე რამდენად უღირს დასავლეთის განაწყენება ჩვენს ხელისუფლებას?

– სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, აქეთკენ მივდიოდი, რომ ამ შეთანხმების დარღვევით, ჩვენი ხელისუფლება დასავლეთს ეუბნება უარს ყველაფერზე.

დღეს დასავლეთის განაწყენება, ასევე ამერიკის, ძალიან წამგებიანი იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მოუწევს, საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს. მე არ მგონია, ისეთი კეთილი იყოს ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება, რომ ეს მოპარული მილიონები და მილიარდები უკან დააბრუნონ და ქართველ ხალხს მოახმარონ. ამიტომ ამ პირების არგამოშვება წამგებიანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთთან დადებული პირობა, რაც გულისხმობს ოქრუაშვილის, უგულავას, რურუას გათავისუფლებას, უნდა შესრულდეს. ჩემი აზრით, ეს მოხდება მაისის ბოლომდე.

– ამდენთვიანი პატიმრობა რომ გაამართლონ ოქრუაშვილის, სწორედ ამიტომ ხომ არ მიუსაჯეს ეს 5 წელი? შემდეგ ხომ არ გეტყვიან, ნახეთ, როგორი გულმოწყალეები ვართ, შევიწყალეთ და გამოვუშვითო. ეს გზავნილი ხომ არ იყო?

– ირაკლის გამოშვება ისედაც შეეძლოთ. არის სხვა მუხლებიც, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს 0-დან 3 წლამდე, მარტივად შეეძლოთ, ეს 9 თვე ჩაეთვალათ მოხდილათ და დანარჩენი 2 წელი ყოფილიყო პირობითი. ასედაც გამოვიდოდა ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავე, მაგათი აზრით, მისჯილიც ექნებოდა და 9 თვეს ჩაუთვლიდნენ მოხდილად. თუმცა ასე არ გააკეთეს. თუმცა ჰყავთ სალომე ზურაბიშვილიც, ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც, რა დავალებასაც მიიღებს, იმას შეასრულებს.

– დროში ხომ არ გაიწელება შეწყალების პროცედურაც?

– განსაკუთრებული არაფერი არ არის. როგორც ვიცი, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში, მაქსიმუმ 2 კვირაში შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

– ანუ სულ მცირე მაისის ბოლომდე კიდევ გადაიდო ოქრუაშვილის გამოშვების საკითხი?

– დიახ, დაახლოებით 20-25 მაისამე არაფერი იქნება.

– თავად რა პოზიცია ჰქონდა ოქრუაშვილს?

– მე ირაკლისთან საუბარი მქონდა გასული კვირის ხუთშაბათს. ის საბრძოლო განწყობაზეა, იყო ძალიან კარგ ხასიათზე, თუმცა მაშინვე მითხრა, რომ არ მაქვს მოლოდინი, რომ 13-ში გამამართლებენ ან გამომიშვებენო. ველოდები შუალედურ სასჯელსო და სწორედ ასე მიუსაჯა. 4-დან 6 წლამდე იყო და 5 წელი აიღო მოსამართლემ, 4 წლის მისჯაც კი ვერ გაბედა, იმ დონეზე ეშინია ამ დავალების გამცემის.

– ანუ დღეს  ხელისუფლებას დარჩა ორი არჩევანი, ან თქვას უარი შეთანხმებაზე და ზურგი აქციონ დასავლეთს, ან გამოუშვას ის პირები, ვისი გვარებიც დასახელდა.

– კი ბატონო, ასეა და მე არ მგონია, რომ ხელისუფლებას დასავლეთის გადამტერება რამეში აწყობდეს. სჯობს შეასრულონ დადებული პირობები და ყველა პოლიტიკოსს მისცენ წინასაარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ჩართვის უფლება!