რამდენჯერ არ გადმოვიდა წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე

რამდენჯერ არ გადმოვიდა წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზეიერუსალიმის აღდგომის ტაძარი, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, გოლგოთას მთაზე იმ მღვიმის თავზეა აგებული, სადაც დასვენებულ იყო ქრისტეს სხეული.

მოციქულთა და წმინდა მამათა გადმოცემით, პირველად წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი ქრისტეს აღდგომამდე გაანათა და ამ სასწაულის მოწმე მოციქული პეტრე იყო.

მე-10 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის კესარიის მიტროპოლიტ არეფას ცნობით – “ქრისტიანები დგანან აღდგომის ტაძარში და აღავლენენ უფლის სადიდებელ ლოცვას “უფალო შეგვიწყალე”. ამ დროს მოულოდნელად ჩნდება ელვა, რომელიც ანათებს კანდელს, საიდანაც ცეცხლს იღებენ იერუსალიმის მაცხოვრებელნი”.

ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ დროისათვის ქართველი ბერები უკვე მოღვაწეობდნენ წმინდა მთაზე და აღდგომის ტაძრის ნაწილი ქართველთა მფლობელობაში იყო. ის, რომ ქართველები ფლობდნენ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღებს, ადასტურებს 1347 წელს დუდოლფ ზუდ ჰაიმის ნაშრომი, სადაც წერს, რომ “ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღებიო”.

ქრისტეს აღდომამდე, წითელ პარასკევს მორწმუნენი ტაძარში იკრიბებიან, მთელი ღამე ლოცულობენ, სანთელს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლების ნიშნად. შაბათს, ნაშუადღევს მღვლედმსახურნი აქრობენ ყველა სანთელს და კანდელს. ზეთით სავსე კანდელს, ოღონდ ჩამქრალს დებენ მაცხოვრის საფლავთან. შემდეგ მაცხოვრის საფლავს კუსტოდით ლუქის ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ.

აღდგომის ტაძარში ხმაურით და დაფდაფებით ერთმანეთის მხრებზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

ლიტონიობა იერუსალმის სარპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით აღდგომის საკურთხევლისკენ მიემართება. მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭიდან შედის იერუსალიმის და პალესტინის პატრიარქი. რამდენიმე წუთის შემდეგ მას მიჰყვებიან სომხები, კოპტები და სირიელი სასულიერო პირები.

მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები, 12 ბაირაღით. იპოდიაკონი საპატრიარქოს ჯვარს მოაბრძანებს. ტაძარს სამჯერ შემოუვლიან გარს გალობით, შემდეგ სამგზის კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან. კუვუკლიაში შესვლის წინ პატრიარქი განიმოსება, რადგან უძველესი ტრადიციით პატრიარქს კუვულკიაში შესვლამდე გულმოდგინედ ჩხრეკენ. წმინდა ცეცხლი კი მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის.

ზეციური ცეცხლი, რომელიც ქრისტეს საფლავზე 2 ათასი წელია აღდგომის წინა დღეს გადმოდის, გამონაკლისი იყო 1001 წელს, როდესაც ის მომდევნო დღეს აღდგომის კვირას გამოჩნდა. მეორედ, როდესაც ელვამ ტაძრის კარიბჭის სვეტი გახლიჩა და წმინდა ცეცხლი იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში გადმოვიდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით არის ასეთი ვერსია, რომ ოსმალო სულთანის ხელშეწყობით, სომეხი სასულიერო პირები ადრე შევიდნენ კუვუკლიაში, რადგან პირველობა სურდათ, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი კი არ შეუშვეს. დიდხანს ელოდნენ, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არ გადმოდიოდა.

ამ დროს, როდესაც სომხები ტაძარში იყვნენ ჩაკეტილი და უფლის ნიშანს ელოდნენ, მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატრიარქის სანთელი აანთო, რომელიც ტაძრის გარეთ მოხლმოდრეკილი ლოცულობდა.

“დიდ შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმინდა საფლავის ტაძარში მართლმადიდებელთა ქრისტიანთა ადგილობრივი მცხოვრებნი და ყოველნი მლოცველნი…

დიდ შაბათს ცისკრის დაწყების წინ, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროიდან ნება-დართულის სულთანის ფირმანით, ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმინდა ცეცხლის გამოჩენის. ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბნენ სამგზის გარშემო კუვუკლიას, სცემენ ტაშს და მაღალი ხმით ღაღადებენ “უფალო შეგვიწყალენ” და “არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებლის სარწმუნოებისა”!

შესასვლელი კუვუკლისა ანუ წმინდა საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარისაგან წმინდა საფლავის ტაძრისითა…

საფლავსა შესვლის უწინარს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არ ჰქონდეს წუმწუმა. ამ დღესასწაულობითს წამს დამშვიდდება ეკლესიაში აღელვება. ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავლად ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა…

წმინდა ცეცხლი ამობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმინდა ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არა სწვავს. ამ დროს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტეს მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა, 33 წელთა”- ასე აღწერს იურუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ქართველი ეპისკოპოსი პეტრე კენჭოშვილი 1899 წელს თავის თხზულებაში ” დღესასწულობა წმინდა ცეცხლის გამოჩენისა”.

გურიის მოამბე