29 აპრილს თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, შავი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჩამქრალი ფარებით გადაადგილდებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„ბიჭი 143-ე სკოლასთან გაიტანა ვიღაც უსინდისომ და გაიქცა“, – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 33 წლის დიტო ხიჯაკაძე გარდაიცვალა.
ფაქტი „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ მძღოლი იდენტიფიცირებულია.
საქმეზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.
“როგორ არ მინდა იმის დაჯერება რაც ახლა ჩვენ თავს ხდება😭😭😭😭😭როგორ მეგონა, რომ გადარჩებოდი და უფალი არ წაგიყვანდა მასთან.😭😭როგორი მწარე და უსამართლოა ცხოვრება.😭😭😭უფალს ვთხოვ ნათელი და სანთელი არ მოაკლოს შენს სულს ჩემო დიტო😭😭😭😭😭” – წერენ ფეისბუქში.
ნიუპოსტის ცნობით, დიტო ხიჯაკაძემ სკუტერი რამდენიმე თვის წინ იყიდა, მანამდე კი თბილისში ფეხსაცმელებს კერავდა.


