სალომე სამადაშვილი – „აშშ ივანიშვილს ოქრუაშვილის ციხეში გამოკეტვას არ შეარჩენს“

სალომე სამადაშვილი - „აშშ ივანიშვილს ოქრუაშვილის ციხეში გამოკეტვას არ შეარჩენს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ამჯერად მაინც შეასრულებდა შეთანხმებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ამის პირველი ტესტი ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ტესტი ჩააგდო და სასამართლოს გადაწყვეტილებით ოქრუაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 5 წლის ვადით. 20-21 ივნისის საქმეზე სასამართლომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მონაწილეობის საკითხში დამნაშავედ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების თემა ნამდვილად იყო შეთანხმების ნაწილი და ყველას მოუწოდა 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ.

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, – აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დასრულდება სპეკულაციები _ იყო თუ არა შეთანხმების ნაწილი პოლიტპატიმრების თემა და იმას, რომ შექმნილი მდგომარეობის ფონზეც კი არ დახუჭავს თვალს აშშ საქართველოს თემაზე?

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს.

_ ამერიკის საელჩომ ოქრუაშვილის საქმეზე გაავრცელა განცხადება. პირადად თქვენთვის რას ნიშნავდა ეს განცხადება?

_ მე ვფიქრობ, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებამ ნათელი გახადა ის შეთანხმება, რომელიც შედგა 8 მარტს. 8 მარტის შეთანხმების ინტეგრირებული ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირი დარღვევა იმ შეთანხმების, რომელიც შედგა საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით.

_ ელოდებოდით ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლოს მხრიდან?

_ ჩვენ გავაკეთეთ ამაზე განცხადება და შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენი მხრიდან ითვლება, რომ ეს შეთანხმება დარღვეულია და სანამ არ იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომლებიც  შეთანხმდა, იქამდე ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს შეთანხმება არ არის შესრულებული. როგორც ჩანს, იგივე აზრს იზიარებს აშშ და ამიტომ გააკეთა ამერიკის საელჩომ ასეთი მკაფიო განცხადება. როგორც ჩანს, ისიც მიიჩნევს, რომ შეთანხმება, რომელიც შედგა 8 მარტს, უნდა იყოს შესრულებული ხელისუფლების მხრიდან და საერთოდ ყველა მხრიდან.

_ ამერიკის მხრიდან იყო თუ არა ეს ის გზავნილი, რომ ამერიკა არ აპირებს მოდუნებას ამ სიტუაციაშიც კი, რა მდგომარეობაშიც დღეს არის მსოფლიო და უშუალოდ აშშ, რომ ის ყველა მხარეს მოუწოდებს შეთანხმების შესრულებას და გააგრძელებს ზეწოლას?

_ მე ვფიქრობ, რომ ამ არსებული პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხების შესრულება. იმიტომ, რომ ქვეყანა შედის კრიზისში, ჩვენ წინ გველოდება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი წარიმართოს იმ შეთანხმებების ფონზე, რომლებიც შედგა. იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკურ კრიზისს ზემოდან დაემატება პოლიტიკური კრიზისი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს, თუ რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის, ამიტომ არსებულ ვითარებაშიც აგრძელებენ შესაბამის ზეწოლას ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში.

„ქართული ოცნების“ მხრიდან კი შექმნილი მდგომარეობის საკუთარი დღის წესრიგის მიზნით გამოყენება დააზარალებს ქვეყანას და არანაკლებ დააზარალებს მის იმიჯს, ვიდრე ეს მოხდა ნოემბერში, როდესაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება. ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს „ქართულ ოცნებას“.

_ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით, საბოლოოდ შეასრულებს „ქართული ოცნება“ შეთანხმების ამ ნაწილს? ან ხომ არ ფლობთ ინფორმაციას მათგან იმაზე, თუ რას აპირებენ?

_ მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ თუ ეს პირობები არ შესრულდება და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოატყუებს საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოს პარტნიორებს, მაშინ შედეგი იქნება ძალიან მძიმე.

მე არა მგონია, რომ ეს არ ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას. ის ბოლომდე თუ არ დაიხევს უკან, შემდეგი ეტაპი იქნება საკმაოდ მძიმე. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ კორონავირუსის გამო შეჩერდება ყველა სხვა საკითხის განხილვა, ეს არის ძალიან მცდარი მოლოდინი.

_ დღეს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს არ ესმის? თუ უბრალოდ რაღაც პოლიტიკურ თამაშშია შესული?

_ მე ვფიქრობ, რომ მან გარკვეულწილად მოსინჯა ვითარება. იმიტომ, რომ შესაძლოა ჩათვალა, რომ ვინაიდან მსოფლიოში ასეთი ვითარებაა, შესაძლოა დასავლეთმა გაატაროს ასეთი ვითარება. ეს არის ჩემი ვარაუდი. ამერიკის საელჩოს მხრიდან გამოხატული რეაქცია ვფიქრობ, რომ ნათელი შეფასებაა იმის, რომ არავინ არ აპირებს იმას, რომ ეს საკითხი დატოვოს ყურადღების მიღმა.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ ამერიკის საელჩოს ამ განცხადების შემდეგ სპეკულაციებს ბოლო მოეღება იმაზე, რომ იმ შეხვედრებზე პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე საუბარი არ ყოფილა?

_ დიახ, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებით ყველაფერი ნათელი გახდა. ჩემი აზრით, ეს განცხადება ადრეც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დანაპირებს ამჯერადაც არ შესრულებდა და არ ჩათვალეს საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება. საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნეს რაღაც კომფორტის ზონა და არ საუბრობდნენ შეთანხმების ამ ნაწილზე. შეიძლება ითქვას, რომ ამაზე დღემდე ხმამაღლა სწორედ ამიტომ არ საუბრობდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მათ არ დაუტოვა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მათ ხმამაღლა დაეწყოთ ამ თემაზე საუბარი.