ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობის” კითხვებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგე კაპანაძე პასუხობს
– ბატონო სერგი, პოლიტპატიმრების თემა მეორეხარისხოვანი გახდა?
– არა, მეორეხარისხოვანი არ გახდა, უბრალოდ, სხვა პრობლემა წამოვიდა წინა პლანზე და აქედან გამომდინარე აქტუალურობა აქვს კორონავირუსს, თორემ ეს მეორეხარისხოვანი თემა არ არის და ჩვენ ველოდებით, რომ ის დაპირება და ის შეთანხმება რომელიც შედგა, აუცილებლად შესრულდება!
– მაინც როდის შესრულდება?
– ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთანხმებები არსებობს, ველოდებით, რომ პირველ მოსმენამდე შესრულდება და ვნახავთ, რა და როგორ იქნება.
– კონკრეტულად როდის ელოდებით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს?
– საკონსტიტუციო პაკეტის პირველ მოსმენამდე. ანუ 25 აპრილამდე.
– უკვე გადაწყვიტეს, რომ ოქრუაშვილს უახლოეს დღეებში სასჯელი მიუსაჯონ. ამაზე რას იტყვით?
– სანამ რამე არ მოხდება, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას საღი აზრი ეყოფა და ამ შეთანხმებას ბოლომდე მიიყვანს და შეასრულებს. დანარჩენზე კი ვისაუბრებთ მერე, როცა დავინახავთ, რა გააკეთეს და რა არა.
– საერთაშორისო გამოხმაურებას თუ ელოდებით ამ კუთხით?
– როგორი იქნება, ეს ძნელი სათქმელია. თუმცა როგორი დამოკიდებულება იყო, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეს ყველამ კარგად ვიცით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა რეაქციები იქნება მომავალში.
_ “ოცნების” რეიტინგმა საგრძნობლად იმატა, ამიტომ მას აწყობს არჩევნები, ხოლო ოპოზიციას არა. ასეა?
– დღეს თუ ვინმე ცდილობს, რომ კორონავირუსით ქულები ჩაიწეროს, ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალთან, ისე ზოგადად. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ყველაფერი ისე ჩატარდება, როგორც იყო დაგეგმილი. ანუ ოქტომბერში!
– რას იტყვით “ოცნების” რეიტინგზე? ამაზე არ მიპასუხეთ.
– “ოცნების” რეიტინგზე სასაუბროთ ჯობია, “ოცნებას” დაელაპარაკოთ.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, მოიმატა მისმა რეიტინგმა?
– არ ვიცი. მე არ ვაფასებ ეგრე. მითუმეტეს ახალი კვლევები არა მაქვს. რა კვლევებიც იყო ადრე, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ოპოზიციური ძალები წინ არიან, ვიდრე ხელისუფლება. იმის მერე სხვა კვლევა არ ყოფილა და კვლევების მიღმა ჩემი მხრიდან შეფასების გაკეთება არასწორია.
– როგორ ართმევს ხელისუფლება თავს შექმნილ სიტუაციას? რა ხარვეზები აქვთ ამ საგანგებო სიტუაციაში?
– ჩვენი ჯანდაცვის სექტორი და ექიმები თავდადებით იბრძვიან, ეს ბუნებრივია. ის, რა ღონისძიებებიც გატარდა ამ ეტაპზე, გამართლებულია. ის მოწოდება, რომ სახლში დარჩნენ მოქალაქეები, სწორი და ლეგიტიმური მოწოდებაა.
ამის მერე შემოდის უკვე ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც არც დაძლეული არ არის და უფრო უარესი ის არის, რომ ხედვასაც ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან, როგორ უნდა დაიძლიოს.
ჩვენ ჩვენი გეგმა წარვადგინეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ნაბიჯებს, საშემოსავლო გადასახადის ჯერ განულებას და შემდეგ შემცირებას, მოგების გადასახადის განულებას, ქონების გადასახადის, ასევე სააქციზო გადასახადის შემცირებას, დღგ-ს შეცვლას, კონკრეტული თანხის გამოყოფას ვაუჩერებზე, რაც ნაწილობრივად გააკეთა ხელისუფლებამ. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, ამ საპენსიო დაგროვებითი სქემის შეჩერებას, როგორც მინიმუმ 8 თვის განმავლობაში და იქ დაგროვილი თანხების გამოყენებას სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით.
ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომელიც დიდი ხანია წარვადგინეთ, ოღონდ ამაზე რეაგირება არ მოგვისმენია. ამ კუთხით ხელისუფლება საერთოდ არ დგამს ნაბიჯებს.
– უამრავი ადამიანი დარჩა და კიდევ დარჩება უმუშევარი. არსებობს მათი დახმარების გეგმა?
– სწორედ მაგაშია საქმე, რომ გეგმა არ არსებობს და ეს დახმარება აუცილებელია. ჩვენს გეგმაში ეგ არის გათვალისწინებული, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუმცირდა შემოსავალი, კომპესაცია მიეცეთ ბიუჯეტიდან.