უჩა ნანუაშვილი – “20 ივნისზე გახარია იმას იბრალებს, რაც არ ჩაუდენია”

უჩა ნანუაშვილი - "20 ივნისზე გახარია იმას იბრალებს, რაც არ ჩაუდენია"იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

სახალხო დამცველმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 20-21 ივნისის მოვლენებზეც არის საუბარი. კერძოდ, რაციის ჩანაწერებით ირკვევა, რომ აქციის დარბევისა და რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არც მაშინდელ შს მინისტრს (ახლანდელ პრემიერს) გიორგი გახარიას და არც მის მოადგილეებს გაუცია. თუმცა, გახარია ისევ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას.

რა სურათი გამოიკვეთა სახალხო დამცველის დასკვნით, უნდა დაინტერესებულიყო თუ არა ამ გარემოებებით გამოძიება და მიიჩნევს თუ არა, რომ ეს საქმით გამოძიება არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ისევ დაინტერესდება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

_ როგორია თქვენი შეფასება სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 20 ივნისის აქციის დაშლას? ანგარიშში საუბარია, რომ გახარიას არ გაუცია ბრძანება, თუმცა მეორე მხრივ გახარია ამბობს, რომ ის ისევ საკუთარ თავზე იღებს ამ მძიმე ფაქტს. თქვენ რა გითხრათ ამ ყველაფერმა?

_ ფაქტია, რომ ჩვენ ახალი გარემოებები ვნახეთ ანგარიშში. საუბარია იმაზე, რომ რეალურად 20 ივნისის მოვლენები დღემდე არ არის გამოძიებული ბოლომდე. აქამდეც არსებობდა ბევრი კითხვის ნიშანი, ხოლო ანგარიში კიდევ უფრო უმატებს კითხვის ნიშნებს. ანუ, ის, რომ რეალურად ბრძანება არ ყოფილა გაცემული მინისტრისა და მისი მოადგილეების მხრიდან და ის, რომ მათი ჩართულობა არ იკვეთება ამ მოვლენებში, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც არასწორი ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძანება არ არსებობს. ამიტომაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესდეს მთლიანად იმ სამართლებრივი ანალიზით, რასაც ადგილი ჰქონდა გასული წლის 20-21 ივნისს და ძალიან ბევრ საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს აღნიშნული ანგარიში. მათ შორის ის, რომ აუცილებელია დადგინდეს თუნდაც ის, რატომ არ ნიშნავს ექსპერტიზას ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს შსს-თან დაკავშირებით და მეტი ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე.

ზოგადად გამოძიების კუთხით არის ძალიან ბევრი ხარვეზი და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ანგარიშშიც. განსაკუთრებით იგივე რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. სავარაუდოდ, გამოძიება მალავს იმ ჩანაწერებს, რომლებიც ეხება აღნიშნულ ბრძანებას, ან კიდევ ამბობს, რომ რეალურად ნადირობდნენ პოლიციელები საკუთარ მოქალაქეებზე ბრძანების გარეშე. ანუ რეზინის ტყვიების გამოყენება იყო უკანონო.

ამ შემთხვევაში მესამე შესაძლებლობა არ რჩება, რადგანაც სწორედ ამ ნაწილში ჩანს ყველაზე მეტად, რომ შს მინისტრი, მოადგილეები და სხვა პირები პირიქით ეწინააღმდეგებოდნენ რეზინის ტყვიების გამოყენებას. ეს რაციების ჩანაწერებიდან ჩანს, როგორც ეს ანგარიშშია მოცემული.

_ გამოჩნდა, რომ გახარიას და მთლიანად შსს-ს ეს მძიმე ფაქტი ააღებინა „ქართულმა ოცნებამ“?

_ ფაქტია, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ის, რაზეც რეალურად მას არ გაუცია ბრძანება. აქაც პასუხისმგებლობის საკითხია. შეიძლება სხვა კუთხით, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, რატომ აიღო მან პასუხისმგებლობა იმ სავარაუდო დარღვევებზე, რომლებიც მას არ ჩაუდენია.

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც იკვეთება, არის ის, რომ რეალურად შს მინისტრი არ მართავდა სიტუაციას და ამას მართავდნენ სხვა უწყებები და ეს გამოჩნდა თუნდაც იმით, თუ ვინ ვის ექვემდებარებოდა. აღრევაა ხელისუფლებაში და კომპეტენციის საკითხები, ვინ ვის ემორჩილებოდა, სწორედ ამ გამოძიების დროს ჩნდება და ჩანს, რომ რეალურად სხვა უწყება იყო ჩართული.

_ ვინ იყო ეს უწყება, ალბათ ესეც უნდა გამოკვეთოს გამოძიებამ, მაგრამ თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს გაირკვევა თუ უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში განახლდება გამოძიება?

_ იცით, რა? ერთი წელი გამოძიებისთვის საკმარისია და მალე ერთი წელი გახდება, რაც ამ მოვლენებიდან გავიდა. დრო საკმარისია გასული და შესაძლებელი იყო გარემოებების გამოკვეთა. თუკი სახალხო დამცველის ანგარიშშია ასახული, მე ვფიქრობ, რომ გამოძიებას მეტი ინფორმაცია გააჩნია.

აქ საუბარია პოლიტიკურ ნებაზე. რეალურად ეს პოლიტიკური ნება არ არსებობს, რათა ამ საქმის გამოძიება მოხდეს. ალბათ ამ საქმის გამოძიება მოხდება შემდეგ ჯერზე, როგორც სამწუხაროდ ხდება ხოლმე, ანუ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება მსგავსი გამოძიება. მეც მიმაჩნია, რომ ამ საქმის გამოძიება შესაბამისი ცვლილებების შემდეგ მოხდება.

_ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრეთ, როცა აღნიშნეთ, რომ დანაშაულია ისიც, როცა არასწორად იღებს პასუხისმგებლობას. როცა უკან არ იხევს და ისევ აცხადებს, რომ პასუხისმგებელია, კიდევ უფრო ხომ არ შედის დანაშაულის მორევში?

_ მესმის, რომ მას არ სურს სიხისტე და იცავს იმ პოზიციას, რაც თავის თავზე აიღო, მაგრამ ამ მოვლენებმა, მათ შორის ამ ანგარიშმაც აჩვენა, რომ რეალურად 20-21 ივნისის მოვლენების დროს სხვა გარემოებებიც იყო. მე ვფიქრობ, რომ მისთვისაც კარგი იქნება, თუ ის ისაუბრებს მკაფიოდ.

ეს გამოჩნდა კიდეც სახალხო დამცველის ანგარიშიდანაც, რომ შსს რეზინის ტყვიების წინააღმდეგი იყო და მერე რა მოხდა? ამ კითხვებს ადრე თუ გვიან პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას პოზიცია რაღაც პერიოდში აუცილებლად შეიცვლება თუ ამჟამად არ არის შეცვლილი.

რეალურად ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ სხვა სტრუქტურების და სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა ჩანს და სწორედ ეს მიმართულება უნდა იყოს გამოძიებული.