ვახტანგ ძაბირაძე – „ოცნების“ რეიტინგი განულდება, თუ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს“

ვახტანგ ძაბირაძე - „ოცნების“ რეიტინგი განულდება, თუ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო ვახტანგ, ოპოზიციამ თავის დროზე განაცხადა, რომ ის წყვეტს ოპონირების რეჟიმს. თუმცა, უკვე გაისმა კრიტიკა თუნდაც მაღალ საჯარიმო სანქციებზე. შეიძლება ხელისუფლებამ უკან დაიხიოს ამ მიმართულებით?

– ოპოზიციამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თქვა, ოპონირების რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმზე გადავდივართო. ამ გადაწყვეტილებამ საკმაოდ კარგი კლიმატი შექმნა, მაგრამ ახლა გადავედით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება უფრო ამკაცრებს მიდგომას.

შინაპატიმრობა სასჯელის ერთ-ერთი ზომაა. საზოგადოებამ ეს თავისი შეგნებით გადაწყვიტა, მაგრამ ადამიანებში ეს მაინც დატოვებს თავის კვალს, რადგან ეს არ არის მარტივი მდგომარეობა. ეს რთული მდგომარეობაა. საზოგადოებაში უკვე ძალიან მძიმედ მუშაობს მაღალი ჯარიმები.

ბევრი აუხსნელი და არალოგიკური სანქციაა. მაგალითად, ოჯახი, რომელიც დღე და ღამე ერთად არის, რატომ არ შეიძლება საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდეს?! რა თქმა უნდა, აქ, კითხვა ჩნდება. დაჯარიმდნენ ადამიანები მაშინ, როდესაც სამსახური დაკარგეს. სწორედ ეს ფონია გასათვალისწინებელი. თითქოს ეს დეტალებია, მაგრამ ისეთი დეტალებია, რომლებზეც საზოგადოებას უკვე აქვს რეაქცია, რომელიც მტკივნეულია.

ყველა ნიუანსს შეიძლება ხელისუფლება ვერ ჩაწვდეს, ვერ გაითვალისწინოს, მაგრამ როგორც კი საზოგადოება გრძნობს ამ ნიუანსს, იმ წუთში უნდა მოჰყვეს ამას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება.

– ასეთ სანქციებს უკუეფექტი ექნება?

– რა თქმა უნდა! ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელისუფლება მიიღებს, ლოგიკური დასაბუთება უნდა ჰქონდეს. კრიტიკული ვითარებაა, კრიზისია, შეიძლება ბევრი რამ ვერ გაითვალისწინო, მაგრამ როდესაც საზოგადოებას აქვს რეაქცია, ის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. თავშეკავების მიჯნის შემდეგ ემოციები შეიძლება უმართავი გახდეს, ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება.

გასაგებია, რომ ახლა გახარიას თავის მოსაფხანი დროც კი არ აქვს. შეიძლება 2 საათით დაძინების საშუალებაც კი არ აქვს, მაგრამ საზოგადოების რეაქციის უპასუხოდ დატოვება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

– სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც გახმოვანდა, თქვენ რა შენიშვნები გაქვთ?     

– უპირველეს ყოვლისა, ბიზნესზე უნდა ვთქვა: აუცილებელია ნელ-ნელა,  ეპიდემიის საწინააღმდეგო სტანდარტების დაცვით, ბიზნესი ამუშავდეს, რათა სულ მთლად არ ჩამოგვეშალოს თავზე ეკონომიკა. კიდევ ერთი, გაუგებარია, რატომ აიკრძალა სავალუტო ჯიხურების მუშაობა! თუ საუბარია იმაზე, რომ ინფიცირების წყარო ფული გახდა, ხომ შეიძლებოდა ამ ფულის ამოღება და გამოცვლა. რა პრობლემაა ეს?! ამ მიმართულებით კითხვები არის.

რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, სამი თვით ადამიანებს მოეხსნებათ კომუნალური გადასახადები და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არ იქნება საკმარისი.

– საუბარია “ქართული ოცნების” რეიტინგის ზრდაზე.  ხალხში დღეს ხელისუფლება უფრო პოპულარულია, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო.

– დღეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უფრო პოპულარულია. ვერ ვიტყვი, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლება ცუდად მოქმედებს. სრულიად ბუნებრივია, რომ ხელისუფლების რეიტინგი გაიზარდა და უნდა გაზრდილიყო კიდეც, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

ასეთ კრიზისულ ვითარებაში ადამიანებს მხოლოდ ხელისუფლების იმედი აქვთ. ეს ასეა ნებისმიერ ქვეყანაში. ამას ხელისუფლებაც გრძნობს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება შემდეგ. გარდაუვლად დადგება სოციალური, ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ ვამბობ, რომ აქედანვე მაქსიმალურად უნდა დაიჭიროს თადარიგი ხელისუფლებამ.

როდესაც ეს პროცესი დასრულდება და ადამიანები სულ სხვა პრობლემების წინაშე  აღმოჩნდებიან, როდესაც ისინი უმუშევრად დარჩებიან, როდესაც საკვების პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, ამ პრობლემებმა შეიძლება ნულამდე დაიყვანოს. ამაზეც უნდა იფიქრონ.

მერწმუნეთ, მხოლოდ სოციალური პაკეტი, დენისა და გაზის ფულის სამი თვით ჩამოჭრა არ იქნება საკმარისი. ბევრი თემაა, რომელიც უკვე ურტყამს ხელისუფლებას. ნელ-ნელა ამ თემების გამოყენებას დაიწყებს ოპოზიცია.

შეიძლება ოპოზიცას ძალიანაც არ უნდოდ,ა ჩუმად ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლების ქმედებებს საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, რამაც ოპოზიცია აიძულა, ჩუმად ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეცდომების დაშვებას დაიწყებს, ოპოზიცია იმ წუთში გააქტიურდება.